მთავარი,სიახლეები

144-დან 108 ადამიანი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო – „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი

10.11.2017 • 3004
144-დან 108 ადამიანი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი იყო – „ბათუმელების“ გამოკითხვის შედეგი

გქონიათ თუ არა სექსუალური შევიწროების შემთხვევა მოზარდობის ასაკში? – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა „ბათუმელებმა“ თავის მკითხველს დაუსვა. გამოკითხვაში სულ 144-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათგან 108 ადამიანმა, გამოკითხულთა 75 პროცენტმა თქვა, რომ სექსუალური შევიწროვების შემთხვევა ჰქონია.

სად მოხდა შემთხვევა? – გამოკითხული 103 პირიდან უმრავლესობა, 51 ადამიანი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევა ავტობუსში მოხდა, 39 ადამიანი ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება მოხდა საჯარო ადგილას [ქუჩაში, მაღაზიაში], 8 ადამიანი ამბობს, რომ შემთხვევა სტუმრად ყოფნის დროს მოხდა, 5 ადამიანს კი სექსუალური შევიწროების შემთხვევა საკუთარ სახლში ჰქონდა. 

როგორი იყო თქვენი რეაქცია? – 106 გამოკითხულიდან უმრავლესობა, 63 ადამიანი გაჩუმდა,  22- ფიზიკურად შეეწინააღმდეგა, 17-მა ადამიანმა უყვირა მოძალადეს, 4-მა კი სხვას მიმართა დასახმარებლად.

უთხარით თუ არა ამის შესახებ ვინმეს?  – 104 გამოკითხულიდან 49 პასუხობს, რომ ამის შესახებ მეგობრებს უთხრა, ზუსტად ამდენივე, 49 ადამიანი ამბობს, რომ ამის შესახებ არავისთვის უთქვამს და მხოლოდ 6-მა ადამიანმა უთხრა ფაქტის შესახებ მშობლებს და ოჯახის წევრებს.

იცნობდით თუ არა მოძალადეს?  – შეკითხვაზე ასი გამოკითხულიდან 73 პასუხობს, რომ მოძალადე უცნობი ადამიანი იყო, 16 ადამიანის შემთხვევაში მოძალადე ნაცნობი იყო, ხოლო 11 გამოკითხული ამბობს, რომ მოძალადე ოჯახთან დაახლოებული პირი იყო.

გამოკითხვის დასაწყისშივე განმარტებული იყო, რომ  სექსუალური შევიწროება გულისხმობს ადამიანთან არასასურველ ნებისმიერი სახის ინტერაქციას, რომელიც იწვევს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გარემოს შექმნას. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს: დასტვენა ან დასიგნალება; სექსუალური ხასიათის ფრაზების მიძახება; სახელის და საკონტაქტო ინფორმაციის დაჟინებით მოთხოვნა; შემფასებლური კომენტარები; ჰომოფობიური ან ტრანსფობიური კომენტარები; ვულგარული ჟესტები; გენიტალების ჩვენება ან მასტურბაცია საჯარო სივრცეში; არასასურველი შეხება ან ხახუნი; სექსუალური ძალადობა და სხვა ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მსხვერპლის გაბრაზებას, შეწუხებას, შეშინებას, დამცირებას, შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას და კავშირშია სექსუალობასთან.

„ბათუმელების“ ონლაინგამოკითხვა ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვა არ არის რეპრეზენტატიული.

___________________________________

ამავე თემაზე: 

ნუ მიყურებ! ნუ მაშტერდები! ნუ მავიწროებ!  

სექსუალური შევიწროება – დანაშაული, რომელსაც დუმილით პასუხობენ 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: