სათვალე თუ კონტაქტური ლინზა?

რა შემთხვევაშია რეკომენდებული სათვალისა და კონტაქტური ლინზის ტარება? რა ასაკიდან სჭირდება ადამიანს სათვალე კითხვის დროს? – ამ თემებზე „ბათუმელები“ ექიმ-ოფთალმოლოგს, თამარ გოგიტიძეს ესაუბრა.

რა შემთხვევაში უწევენ ოფთალმოლოგები რეკომენდაციას სათვალეს და რა შემთხვევაში – კონტაქტურ ლინზას? რა არის გადამწყვეტი შერჩევის მომენტში, პაციენტის სურვილი თუ ექიმის რეკომენდაცია?

ეს შეიძლება იყოს დამოკიდებული პაციენტის სურვილზეც  და ექიმის რეკომენდაციაზეც, თუმცა  კონტაქტურ ლინზას გააჩნია თავისი ჩვენება – როდის შეიძლება მისი მოხმარება. ძირითადად პაციენტს კონტაქტური ლინზის ტარებას ვურჩევთ რეფრაქციული მანკის მაღალი ხარისხის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ,  მაღალი პლუსის ან მაღალი მინუსის დროს, როდესაც სათვალის ტარებამ ადამიანს შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას. სათვალისგან განსხვავებით კონტაქტური ლინზის მეშვეობით მაქსიმალურად შეიძლება ყველანაირი დისკომფორტი მოიხსნას და ბოლომდე იქნას მხედველობა კორეგირებული, რაც პაციენტისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე სათვალის ტარებისას მიღწეული შედეგი.

კონტაქტური ლინზის ტარების ჩვენება არის ასევე განსხვავებული მხედველობა მარჯვენა და მარცხენა თვალში. მაგალითად, ერთ თვალში შეიძლება ადამიანს ჰქონდეს – 6, ხოლო მეორეში – 3. ასეთ შემთხვევაში ლინზა სათვალეზე ეფექტურია პაციენტისთვის.

მოგეხსენებათ, თვალსა და სათვალეს შორის მანძილი მაინც რჩება, რაც იწვევს შემდეგში აბერაციების განვითარებას, რაც გამოიხატება თავბრუხვევაში. ადამიანს გააჩნია როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული მხედველობა, კონტაქტურ ლინზაში კი პაციენტი სრულად აღიქვამს სამყაროს.

რაც შეეხება უკუჩვენებებს?

კონტაქტურ ლინზას, რა თქმა უნდა, უკუჩვენებებიც აქვს. რადგან ის უშუალოდ თვალს ეხება, პაციენტს არ უნდა გააჩნდეს ე.წ. „მშრალი თვალის“ სინდრომი, რადგან კონტაქტური ლინზა ასეთ შემთხვევაში ამძიმებს სიტუაციას. ასევე პაციენტი არ უნდა იყოს ალერგიული. მართალია, თანამედროვე კონტაქტური ლინზები ანტიალერგიული მასალებისგან მზადდება, თუმცა, ამის მიუხედავად, არის შემთხვევები, როცა პაციენტს მაინც აქვს ალერგია კონტაქტური ლინზების მიმართ. ასევე, კატეგორიულად არ შეიძლება კონტაქტური ლინზების ტარება ანთებითი პროცესების დროს.

არის თუ არა შემთხვევები, როცა პაციენტს არა აქვს გამოხატული უკუჩვენება ლინზის ტარებაზე, მაგრამ ვერ ეგუება მას?

ასეთი ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია, თუმცა ეს უმიზეზოდ არ ხდება და ძირითად შემთხვევებში ეს არის მშრალი თვალის გამო, რომელიც გააჩნია მოსახლეობის 70 პროცენტს. კონტაქტური ლინზის ტარებისას თვალი კიდევ უფრო შრება და პაციენტი ამ დროს კონტაქტურ ლიზას აღიქვამს როგორც უცხო სხეულს თვალში. ნორმალურ პირობებში კი კონტაქტურ ლინზას პაციენტი საერთოდ ვერ გრძნობს.

რაც შეეხება სათვალეს, აქვს თუ არა მას რაიმე უპირატესობა ლინზასთან მიმართებაში?

თამარ გოგიტიძე

თამარ გოგიტიძე

სათვალის უპირატესობა ისაა, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოიხსნათ, დაისვენოთ, არ სჭირდება განსაკუთრებული ჰიგიენური ნორმების დაცვა, ლინზა კი ნამდვილად საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. თუ კონტაქტურ ლინზას სათანადოდ ვერ მოვუვლით, შესაძლებელია მისი დაინფიცირება და რამდენიმე თვის უკან გვქონდა სწორედ მძიმე კერატიტის შემთხვევა, როცა ინფიცირება მოხდა კონტაქტური ლინზით. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ მხედველობა ინფექციის დროს იყო თითქმის ნული დაავადებულ თვალში.

ადრე იყო გარკვეული სტიგმა სათვალეზე, ადამიანებს არ სურდათ სათვალის ტარება, ლინზა კი სათვალისგან გასხვავებით, შეუმჩნეველია.  დღეს თუ განიხილება ეს სათვალისა და ლინზას შორის არჩევანის გაკეთებისას?

ყოველთვის ვაფრთხილებ პაციენტებს, რომ მხოლოდ ამ მიზნით კონტაქტური ლინზა არ აირჩიონ.  ვცდილობ ავუხსნა, რომ დღეს, თანამედროვე მსოფლიოში, სათვალე აღიქმება როგორც ლამაზი, მოდური აქსესუარი და ბევრი ადამიანი საჭიროების გარეშეც კი ატარებს სათვალეს, სწორედ ამის გამო.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ მხედველობის მკვეთრად გამოხატული პრობლემა, აქვთ, მაგალითად, ასტიგმატიზმი მსუბუქი ფორმით და ა.შ., ასეთ დროს გაიცემა ლინზის ტარების რეკომენდაცია?

ასეთ დროს პაციენტი ირჩევს, მისთვის რა არის უფრო მისაღები, მაგრამ საჭიროა სათვალეც და კონტაქტური ლინზაც.

მართალია, ახლა გამოვიდა ისეთი ლინზებიც, რომელიც შეგიძლია ერთი თვე ატარო ისე, რომ არ მოიხსნა, მაგრამ მაინც საჭიროა კონტაქტური ლინზებისგან თვალი დავასვენოთ, განსაკუთრებით – ღამით. თვალი სუნთქავს კიდეც, რქოვანა გარსს მიეწოდება ჟანგბადი.  როცა კონტაქტური ლინზაა თვალზე მოთავსებული, ჟანგბადი მას ნაკლებად მიეწოდება, ამიტომაც არის აუცილებელი თვალის დასვენება. ასევე, კარგია თუ კვირაში ერთი დღე საერთოდ დავასვენებთ თვალებს კონტაქტური ლინზისგან და ვატარებთ სათვალეს.

რაც შეეხება ბავშვებს, რამდენადაც ვიცით, ოფთალმოლოგები  ძირითადად სათვალეს ნიშნავენ. რატომ?

ეს პირველ რიგში ისევ ჰიგიენასთან არის დაკავშირებული, რადგან ბავშვებს უჭირთ ჰიგიენური ნორმების დაცვა, კონტაქტური ლინზის მოხსნა, მოვლა, სწორად ჩასმა, ამიტომაც უფრო ხშირად მათ ვუნიშნავთ სათვალეს, მაგრამ თუ ბავშვი იმ ასაკშია, რომ შეუძლია ლინზების მოვლა, რატომაც არა, ვნიშნავთ ლინზას. ახალშობილებშიც კი ვიყენებთ კონტაქტურ ლინზებს, მაგალითად, როცა კატარაქტის შემთხვევა გვაქვს და ოპერაციას ვაკეთებთ, ახალშობილებში ვერ ხდება ბროლის ინპლანტაცია, ველოდებით მის გაზრდას, რომ საბოლოოდ ბროლი ჩავსვათ. ასეთ დროს + 13 ჩნდება დეფექტი და ამ დროს ჩვილს ენიშნება ლინზა, რომელსაც უკეთებს მშობელი და აკონტროლებს ბროლის ჩასმამდე. ასე, რომ ბავშვის ასაკი კონტაქტური ლინზის უკუჩვენება ნამდვილად არ არის.

რომელი ასაკიდან სჯობს სათვალის ტარება კითხვისთვის?

ეს ინდივიდუალური საკითხია. პრესბიოპია ანუ ფოკუსირების შესუსტება ახლო მანძილზე, რაც გამოიხატება ახლო მანძილზე მხედველობის დაქვეითებით, იწყება 40 წლის ასაკიდან, თუმცა შესაძლოა უფრო ადრე ან უფრო გვიანაც დაიწყოს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, თუ, მაგალითად, ვის რა ასაკში უჩნდება ნაოჭები ან ჭაღარა. პრესბიოპიის დროს გამოიყენება პლუს სათვალე, რისთვისაც საჭიროა დროული კონსულტაცია ექიმ ოფთალმოლოგთან,  ექიმთან კონსულტაციის გარეშე სათვალის შეძენა ნამდვილად არ ღირს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად თითქმის ყველას უვითარდება პრესბიოპია. ეს დაავადება არ არის, მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს თავის ტკივილი, დისკომფორტი და ამის თავიდან ასარიდებლად სჯობს ექიმის მიერ შერჩეული სათვალის ტარება. პრესბიოპიის შემთხვევაში მხოლოდ სათვალეა საჭირო და არა კონტაქტური ლინზა.

თქვენს პრაქტიკაში რა მაჩვენებელი გაქვთ, პაციენტები ძირითადად სათვალეს ირჩევენ თუ ლინზას?

ორივეს, თუმცა ხანდაზმულებს უფრო სათვალე ურჩევნიათ. კონტაქტურ ლინზას ის მინუსი აქვს, რომ უფრო ძვირადღირებულია და გამოცვლას საჭიროებს. ასე, რომ ორივეს აქვს თავისი მინუსი და პლუსი, ამიტომაც სპეციალისტის კონსულტაციისა და პაციენტის სურვილის შესაბამისად ხდება შერჩევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com