კვირის ამბები

პაციენტის თავმდგომი სკამზე

05.10.2015 • 3008
პაციენტის თავმდგომი სკამზე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პოსტოპერაციული პაციენტის პალატაში, ე.წ. თავმდგომის დარჩენასთან დაკავშირებით რეგულაციები არ არსებობს. სამინისტროს განმარტებით, ეს საკითხი, ძირითადად, კერძო კლინიკების დონეზე რეგულირდება, თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრულია განყოფილებები, თუ სად არ შეიძლება თავმდგომის დარჩენა პალატაში: ეს სამეანო განყოფილება და რეანიმაციაა.

საქართველოს საავადმყოფოებში პალატაში თავმდგომი თითქმის ყველა იმ პაციენტს ჰყავს, რომელთაც ოპერაციის შემდეგ უწევთ დარჩენა საავადმყოფოში. თავმდგომს, ძირითადად, სკამზე უწევს ყოფნა და ღამისთევის შემთხვევაში – ძილიც.

ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ხელმძღვანელი ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ პოსტოპერაციული პაციენტების პალატაში, თავმდგური ოჯახის წევრების გაჩერების პრაქტიკა მათ კლინიკაშიც არსებობს, თუმცა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. მაგალითად, მაშინ, როცა პაციენტი არის ყრუ-მუნჯი, საუბრობს უცხო ენაზე ან სხვა მიზეზების გამო, არ აქვს შესაძლებლობა აუხსნას ექიმს თავისი პრობლემა. ასევე ნებადართულია თავმდგომის დაყენება მაშინ, როცა პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება.

“პოსტოპერაციულად, რაც უფრო მეტს იმოძრავებს პაციენტი, მით უფრო ნაკლებია თრომბოემბული გართულებების საშიშროება და მით უკეთ მიდის შეხორცების პროცესი… თუმცა ხდება ისე, რომ პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად მოძრაობა, ზანტია… სჭირდება დახმარება საპირფარეშოში გასვლაზე… სწორედ ამ ნაწილში დახმარებას ითავსებს თავმდგომი”, – განმარტავს ჯუმბერ უნგიაძე.

ექიმი ამბობს, რომ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პაციენტის ინტერესებია და კლინიკამ ყველა გზით უნდა ეცადოს, მიაწოდოს პაციენტს სრული სერვისი: “პაციენტს შესაძლოა ექთნისა და ექიმის ინდივიდუალური კურსიც კი დავუნიშნოთ, მაგრამ ზოგჯერ ესეც არ ჰყოფნის. პაციენტი არ უნდა დაიჩაგროს, ამიტომაც ასეთ დროს რეკომენდებულია თავმდგომის ინსტიტუტი”.

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტლის ხელმძღვანელი თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ მათთან თავმდგომს მხოლოდ იმ შემთხვევაში აყენებენ, თუ პაციენტი ბავშვია, რადგან ამ დროს დიდია პაციენტის სტრესის ფაქტორი. “როდესაც საექთნო პუნქტი მუშაობს გამართულად, არ არის რეკომენდებული ოჯახის წევრი იყოს პალატაში”, – განმარტავს ის. თამარი არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთ მძიმე შემთხვევაში, დამატებით, ოჯახის წევრის მეთვალყურეობას უკეთესი შედეგი ჰქონდეს, მაგრამ წესით (თუნდაც ძალიან მძიმე) პაციენტს უნდა დაეხმაროს ექთანი: `ჩემი დაკვირვებით, ხშირად, ეს საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპია, თუ ოჯახის წევრი საავადმყოფოშია, აუცილებლად სხვა ოჯახის წევრიც მასთან უნდა იყოს კლინიკაში. როცა ექთანი მუდმივად არის პოსტზე, ამის საჭიროება კლინიკაში არ არის. ნახვის საათები სავსებით საკმარისია.~ იგი ექთნის როლზეც ამახვილებს ყურადღებას: “საექთნო სამსახურს ცოტა უფრო მეტად უნდა აფასებდეს კლინიკა და, ზოგადად, სახელმწიფო. პაციენტი როგორც კი შევა სტაციონარში, შემდგომში მისი კეთილგანწყობა თუ დაავადებასთან ბრძოლის უნარი სწორედ ექთანზეა დამოკიდებული, მან უნდა შეუქმნას პაციენტს მოტივაცია და განწყობა გამოჯანმრთელებისკენ, შენ (კლინიკა) თუ ექთანს არ აფასებ, თავისთავად ამ ყველაფერს მოკლებულია პაციენტი.”

საქართველოში თავმდგომის ინსტიტუტის არსებობას ფსიქოლოგიურ ფაქტორს უკავშირებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მალხაზ ხალვაშიც, რომელიც ამბობს, რომ ასეთი პრაქტიკა მათ საავადმყოფოშიც არსებობს. “პაციენტის ოჯახის წევრები საქართველოს საავადმყოფოებში რჩებიან იმიტომ კი არა, რომ ამის სამედიცინო საჭიროება არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ამ დროს პაციენტი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ეს კი დადებითად აისახება მის გამოჯანმრთელების პროცესზე. რეალურად სხვა დატვირთვა თავმდგომს არ აქვს, რადგან ის ყველაფერი, რაც სამედიცინო თვალსაზრისით ესაჭიროება პაციენტს, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში არის უზრუნველყოფილი”, – ამბობს ის.

პაციენტის ოჯახის წევრები საავადმყოფოში ძირითადად სკამებზე ათევენ ღამეს. როგორც კლინიკებში ამბობენ, ცალკე მათთვის ავეჯსა და ღამის თევის ადგილზე ზრუნვა დიდ ხარჯებს უკავშირდება და ეს არც კლინიკის კომპეტენციაში შედის, თუმცა ასეთი შემთხვევების დროს, თავმდგომისთვის კომფორტის შესაქმნელად კლინიკები გარკვეულ დათმობებზე მიდიან. ჯუმბერ უნგიაძე: “იქვე, პალატაში თუ არის შესაძლებლობა, ვცდილობთ სავარძელზე დავაძინოთ ან რაიმე გამოვუძებნოთ, რომ ისიც არ გაწვალდეს.”
“თუ გვაქვს საშუალება, ვცდილობთ შევუქმნათ მას პალატაში გაჩერების პირობა. თუმცა, ჩვენი კლინიკის პირობებში ეს რამდენად შესაძლებელია, თავად განსაჯეთ”, – ამბობს მალხაზ ხალვაში.

პალატაში პაციენტის ოჯახის წევრის დარჩენის შესახებ რეგულაციები არც ევროპის ქვეყნებში არსებობს. ჯუმბერ უნგიაძის განმარტებით, იქ ასეთი პრაქტიკაც იშვიათია: “აქ ყველას უნდა თავზე დაადგეს პაციენტს. რეანიმაციაშიც კი მთელი სანათესაო მოდის და მიუხედავად აკრძალვისა, ითხოვენ, რომ ცალი თვალით მაინც შევახედოთ. ბახილებსაც კი არ იცვამენ, მიუხედავად გამაფრთხილებელი პოსტერისა”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: