კვირის ამბები

სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში

20.09.2015 • 2054
სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკაში

 

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯამბულ ხოზრევანიძემ,  „ბათუმელებთან“  განაცხადა, რომ ის ფრაქცია  „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“  თავმჯდომარის გამონათქვამებზე პასუხისმგებლობას არ იღებს. თავდაპირველად მისთვის მსგავსი ლექსიკა სიძულვილის ენის შემცვლელი არც კი ყოფილა, თუმცა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანგარიშში გამოყენებული გამონათქვამები შეაფასეს, როგორც არმენოფობიური, ქსენოფობიური და ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევა, ხულოს საკრებულოს ვებგვერდიდან ოთარ გელაძის ანგარიში ჩამოხსნეს.

 

 

უნდა საუბრობდნენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი ენით და მიაჩნიათ თუ არა ეს პრობლემად? – ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე ამბობს, რომ არ სურს მისი კოლეგის მიერ გამოთქმული ფრაზების შეფასება.  „თავს შევიკავებ კომენტარისგან, არ მინდა შეფასება“ ,  – თქვა მან.

 

ხულოს საკრებულოს ანგარიშის შეფასებაზე უარს ამბობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილიც. მისთვის ცნობილი იყო, რომ  „ბათუმელები“  სწორედ არმენოფობიური განცხადების შესახებ თავისი პოზიციის დასაფიქსირებლად უკავშირდებოდა, მაგრამ ირაკლი ჭეიშვილმა, როგორც ის ბოლო რამდენიმე თვეა იქცევა, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციის გარკვევა პრესცენტრის მეშვეობითაც ვერ მოხერხდა.

 

ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის გამოყენება არასასიამოვნოა. `სააკაშვილი სომეხია თუ დამნაშავე, მაგას გაარკვევს სპეციალური ორგანო, რომელსაც ეს ევალება. ჩემს ლექსიკონში ასეთი სიტყვები არ არის“, _ ამბობს ის. თუმცა დასძენს, რომ  „სომეხი სააკა“  შესაძლებელია საერთოდ არ იყოს უარყოფით კონტექსტში ნახსენები. „არა მგონია ეს  შეურაცხმყოფელი იყოს, მაგრამ ღორი, კი ბატონო“.

 

„მაგას დაუდგენია სააკაშვილის გენიალოგია“, _ ამბობს კოლეგის გამონათქვამების შეფასებისას  ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერიძე. მისი აზრით, ადამიანის კრიტიკა დაუშვებელია ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.

 

„სირცხვილია, ეროვნულობით არ უნდა ხასიათდებოდეს ადამიანი. არ შეიძლება ეგეთი რაღაცები. ცოტა უნდა დავფიქრდეთ და ისე უნდა ვისაუბროთ“, –  თქვა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ.  

 

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქარცივაძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის სიძულვილში მას ბევრი ვერ შეედრება, თუმცა მსგავსი ფრაზების გამოყენების მომხრე არ არის:  „მე სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გამათავისუფლეს გამგებლის თანამდებობიდან. არა მგონია ის ჩემზე მეტად სძულდეთ, თუმცა  საკრებულოს წევრი ასეთ ტერმინებს არ უნდა იყენებდეს. მე თავს შევიკავებდი ასეთი ფრაზების გამოყენებისგან“. 

 

ნოდარ ქარცივაძეც, ისევე როგორც მისი კოლეგა ქედიდან, მიიჩნევს, რომ სააკაშვილის „სომხობა“  შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გაარკვიონ და არა პოლიტიკოსებმა: „შეიძლება სომეხი იყო, შეიძლება ებრაელი, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ასე ჰარი-ჰარალოზე თქმა მიუღებელია“.

 

რაც შეეხება თავად ოთარ გელაძეს, მას ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. „დავასრულე მაგ თემაზე საუბარი“, _ უთხრა მან  „ბათუმელებს“.

 

ხულოს საკრებულოს ანგარიშში მოყვანილი ტერმინების   netgazeti.ge -ზე გამოქვეყნების შემდეგ, ოთარ გელაძემ კომენტარი ტელევიზიებთან გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ თუკი შეიძლება „ბიძოს“  თქმა [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი], რატომ უნდა იყოს  „სააკას“  თქმა პრობლემა? 

 

„მეც ხომ შეიძლება რაღაც ვთქვა. მე მან (მიხეილ სააკაშვილმა) ბიძაშვილი მომიკლა“, _ თქვა მან „რუსთავი 2“ -თან.

ოთარ გელაძე სამთავრობო გუნდის წევრია. მის არმენოფობიურ გამონათქვამებს სახელისუფლო გუნდიდან, თუნდაც სოციალურ ქსელებში, თავისი ინიციატივით, თითქმის არავინ გამოხმაურებია. თუმცა, ვებგვერდიდან ანგარიში ჩამოხსნეს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები საკრებულოს წევრის მხრიდან სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამონათქვამების გამოყენებაზე შემდგომი რეაგირების მიზნით,  საქართველოს სახალხო დამცველს მიმართავენ.

 

გადაბეჭდვის წესი