ბატონო თამაზ, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სად დაიწყეთ მუშაობა?
მესამე კურსიდან უკვე ვმუშაობდი დამწვრობის ცენტრში ექიმის თანაშემწედ, სამი წლის განმავლობაში. სწავლის დასრულების შემდეგ კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. უნივერსიტეტის დასრულებამდე უკვე 50 დამოუკიდებელი ოპერაცია მქონდა გაკეთებული, მერე კი ხულოში, ჩემს რაიონში გადავედი, რადგან ხულოს საავადმყოფოში სჭირდებოდათ ქირურგი. ხუთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ხულოში. 1989 წელს წავედი მოსკოვში ორდინატურაში სასწავლებლად ა.ვ. ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, პარალელურად ვმუშაობდი, ერთი წლის შემდეგ დამიმტკიცეს სადისერტაციო თემა. ორდინატურის დასრულებისთანავე სწავლა გავაგრძელე ასპირანტურაში, რომლის დამთავრების მერე დავბრუნდი რაიონში და გავაგრძელე მუშაობა ჯერ ქირურგის, შემდგომ კი მთავარი ექიმის რანგში.
ამავე პერიოდში დაიწყეთ რადიოლოგიის შესწავლა?
რადიოლოგიის შესწავლა მოსკოვში დავიწყე (ჩემი დისერტაციის ნაწილი მოიცავდა ექოსკოპიურ კვლევას). რაიონში დაბრუნებულს ხშირად პრობლემა მექმნებოდა იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ რაიონში არც ექოსკოპიის აპარატი იყო და არც სპეციალისტი. როგორც მთავარმა ექიმმა, ეკონომიის ხარჯზე ორი წლის განმავლობაში მოვახერხე იმ თანხის შეგროვება, რაც საკმარისი იყო საავადმყოფოსთვის პორტატული აპარატის შესაძენად. პარალელურად ვაგრძელებდი რადიოლოგიის შესწავლას. საქართველოს რამდენიმე კლინიკაში გავიარე მოსამზადებელი კურსი. შემდგომი სპეციალიზაცია კი კვლავ მოსკოვში ჯერ რადიოლოგიის კათედრაზე, შემდგომ კი მოსკოვის სამეანო-გინეკოლოგიის ცენტრში გავიარე.
რაიონში ქირურგად მუშაობას დიდი ენერგია და დრო მიაქვს. თუმცა ექიმის ცხოვრება-ვნებაში იმაზე მეტი ბედნიერება არაფერია, როცა ადამიანი გხვდება, გესალმება და გეუბნება: ექიმო, მე თქვენ გადამარჩინეთ.
ამის შემდეგ თქვენ, როგორც ქირურგს, აღარ გიმუშავიათ, მთლიანი სამუშაო დრო რადიოლოგიას დაუთმეთ, რა იყო ამის მიზეზი?
ჩემთვის ბევრად საინტერესო აღმოჩნდა რადიოლოგია, ადვილად ავითვისე, როგორც ქირურგს, ყველა ორგანო თვალით ნანახი მქონდა, გარედან იმის დანახვა და მეხსიერებაში სხვა დეტალების აღდგენა, მარტივი აღმოჩნდა, გამოცდილებაც მეტი მქონდა, ცოდნაც და პრაქტიკაც.
გარკვეული პერიოდი ორივე საქმიანობას ერთად ვეწეოდი. რაიონიდან გადმოსვლის შემდგომ კი საჭიროდ ჩავთვალე რადიოლოგიის განხრით გამეგრძელებინა მუშაობა.
რა განაპირობებს იმას, რომ კონკურენტული გარემოს მიუხედავად სტაბილურად მოთხოვნადი სპეციალისტი ხართ?
დღეს პაციენტებთან ურთიერთობის დეფიციტია. პაციენტს სჭირდება ახსნა თავისი მდგომარეობის, მე ვუხსნი პაციენტს ყველა ნიუანსს. აჭარაში ამ მხრივ მდგომარეობა ცუდია. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ ექიმები არ იღებენ შესაბამის ანაზღაურებას და მათ მოტივაცია არ აქვთ. ჩვენთან გუნდური მუშაობაც არ არის, რაც, თავისთავად, აისახება საერთო ფონზე.
თანამედროვე აპარატურის განუზომელი შესაძლებლობების მიუხედავად პაციენტები მაინც შიშობენ, რომ ექოსკოპიით გადაღება გარკვეულ რისკს შეიცავს, რამდენად უსაფრთხოა ეს პროცედურა და რა ღირს?
ექოსკოპია არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ერთადერთი, ორსულობის პირველ კვირებში ფერადი დოპლერის ჭარბად გამოყენება რეკომენდებული არ არის. თუმცა ჯერჯერობით მსოფლიოში არც ერთი კვლევით არ დასტურდება, რომ ექოსკოპიამ რაიმე სახის ზიანი გამოიწვიოს. სამშობიარო სახლში ექოსკოპიური გამოკვლევა 40 ლარი ღირს.
ძირითადად რა სახის პათოლოგია არ ფიქსირდება ექოსკოპიის გადაღებისას?
ყველაზე ხშირად არ ფიქსირდება გულის პათოლოგიები, იბადებიან ბავშვები ასევე დაუნის სინდრომით, თუმცა ყოველთვის ამ უკანასკნელის მხოლოდ ექოსკოპიური კვლევით გამოვლენა შეუძლებელია.
რას იტყვით თქვენს პედაგოგებზე?
როგორც ქირურგიის, ასევე რადიოლოგიის ყველა პედაგოგს უღრმეს მადლობას ვუხდი. მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი მოსწავლე ექოსკოპიის განხრით ჩემი შვილი იყო.
როგორც ექიმი მუდმივად ცდილობთ განვითარებას, მონაწილეობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ კონფერენციებში, გადიხართ სასწავლო კურსებს, ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვთ?
სხვანაირად ვერ იქნები ექიმი, ერთსა და იმავე ადგილზე ვერ გაჩერდები, მუდმივად ვცდილობ, რამე ახალი ვისწავლო. სამედიცინო სფერო მუდმივად განვითარების რეჟიმშია და თუ გინდა აყვე მის რიტმს, მუდმივად უნდა გედოს ხელი ამ პულსზე.