Batumelebi | როგორ უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა როგორ უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა – Batumelebi
RU | GE  

როგორ უნდა აკონტროლოს სახელმწიფომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

 

2015 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 14%-ით ანუ 32 მილიონი ლარით მეტია დახარჯული, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ საგრძნობლად გაზრდილია ჰოსპიტალური სერვისების მოხმარება, განსაკუთრებით კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მაჩვენებელი, რომელიც საერთაშორისო ფონდის – “კურაციოს” ცნობით 314%-ით გაიზარდა. შეუქმნის თუ არა ეს გარემოება პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ჯანდაცვის სფეროში ხარჯების უკეთ გაკონტროლებისთვის? “ბათუმელების” კითხვებს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა არჩილ მორჩილაძემ უპასუხა. 

 

 

 

ბატონო არჩილ, ამ ოდენობის დამატებითი ხარჯი 6 თვის განმავლობაში მიუთითებს თუ არა იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემაში არაეფექტურად ხდება ხარჯების გადანაწილება?


მხოლოდ ამ მონაცემით ასეთი დასკვნის გაკეთება არ შეიძლება. 14-პროცენტიანი მატება 6 თვეში არ არის საგანგაშო ციფრი. საჭიროა ამ დანახარჯის სტრუქტურის ანალიზი და დასკვნების შემდეგ გაკეთება. ჯობია, დაველოდოთ ერთი წლის შედეგებს. პრობლემა უფრო სხვაგან არის. საქმე ის გახლავთ, რომ სამედიცინო სფერო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და ძვირადღირებულია. ამიტომ ხარჯები გაიზრდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლინიკები მიმართავენ სამედიცინო ნოზოლოგიების კოდებით მანიპულაციას, რათა მიიღონ მეტი ანაზღაურება, არამედ, ზოგადად, დაინერგება ახალი სერვისები, რისი ანაზღაურებაც მოუწევს სახელმწიფოს. ამიტომ საჭიროა დღევანდელი დაფინანსების წესებში კორექტივების შეტანა, რათა ეს არ აისახოს მომსახურების ხარისხზე.

 

თუ უახლოეს მომავალში ეს მოცემულობა არ შეიცვალა (დამატებით დახარჯულ თანხას ვგულისხმობ), აისახება თუ არა ეს მომსახურების ხარისხზე, მის ხელმისაწვდომობაზე და როგორ?


სახელმწიფო არ უნდა შეეცადოს მხოლოდ კლინიკებისთვის თანხის დაკორექტირებით შეაჩეროს ხარჯების ზრდა. ეს აიძულებს კლინიკებს, რომ ფასები გაზარდონ და თანაგადახდის კომპონენტით შეივსონ ეს დანაკარგი, რაც ისევ პაციენტს დააწვება, ანუ შესაძლოა პაციენტმა თქვას უარი გარკვეულ კვლევებზე, რაც შემდომში აისახება სამედიცინო დახმარების ხარისხზე.

 

შეიძლება თუ არა, რომ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა იყოს საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე? და როგორ აისახება ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტზე, რომელიც უკვე ისედაც გადახარჯულია?


ეს ბუნებრივია. კლინიკები ყოველთვის შეეცდებიან მიიღონ მეტი. ამიტომ საჭიროა მკაცრი და რაც მთავარია, კვალიფიციური კლინიკური მონიტორინგი, რომლის დროსაც დასაბუთებულად დააკორექტირებენ ხარჯებს კლინიკებისთვის. ჩვენ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ, როდესაც კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს შორის არსებულ დავებს განვიხილავდით. ჩვენს გაერთიანებაში დღეს უკვე სახელმწიფოსა და კლინიკებს შორის დავის პირველი შემთხვევები შემოვიდა განსახილველად. მაგალითად, ერთ-ერთი დავა ეხება რეჰოსპიტალიზაციას. როცა გვაქვს სამედიცინო მანიპულაცია და ამ შემთხვევას დასჭირდება ხელმეორედ ჩარევა, მაშინ სახელმწიფო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს _ გადაუხადოს თუ არა ფული კლინიკას.

 

 

რა უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს მხრიდან ჯანდაცვაში ხარჯების უკეთ გაკონტროლებისთვის?


სტაციონარული პროვაიდერების შეზღუდვა და კლინიკური მონიტორინგი. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი სხვა მექანიზმიც, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ეს არის ის ძირითადი ბერკეტები, რაც ეფექტური იქნება. ასევე აუცილებელია საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა, რათა შემდგომში ჯანდაცვის ტვირთი კერძო სადაზღვევო სექტორზე გადანაწილდეს.

 

რას გულისხმობს საშემოსავლო გადასახადში ჯანდაცვის კომპონენტის გაჩენა?


ევროპის ყველა ქვეყანაში არის განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევისთვის. სახელმწიფოს ამით დაეზოგება თანხა და ჯანდაცვის ტვირთი ნაწილობრივ გადავა კერძო სადაზღვევო სექტორზე, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის დანახარჯების 10-12% მიდის კერძო სადაზღვევო სქემით.

აქ არ იგულისხმება გადასახადის ზრდა ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ, უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადში გარკვეული წილი ჯანდაცვისთვის. მაგალითად, რომ აიღოთ მთელი საშემოსავლო გადასახადი, რასაც დღეს მოსახლეობა იხდის, იმის მესამედი ყოფნის საყოველთაო ჯანდაცვას.

სახელმწიფო ყველა ქვეყანაში იმის მიხედვით არეგულირებს ამ ყველაფერს, თუ რამდენად თვითკმარია სისტემა. ჯანდაცვის გადასახადი როდესაც ყოფნის სამედიცინო დანახარჯების ანაზღაურებას, არის კარგი მოდელი. დავუშვათ, ადამიანის ხელფასი არის 1250 ლარი, ხელზე იღებს 1000 ლარს და 250 ლარი მიდის ბიუჯეტში. აი, აქედან რომ წარმოიდგინოთ, 80 ლარია განსაზღვრული თქვენი ჯანდაცვისთვის. ამ 80 ლარისთვის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი გზა – ან დაუტოვოთ სახელმწიფოს თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევისთვის, ან თქვათ, რომ მივდივარ კერძო სადაზღვევო სისტემაში და ეს 80 ლარი გამატანეთ იქ. სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ატანს ამ თანხას, ოღონდ ინდექსაციას უკეთებს, ანუ 80-ვეს ნაცვლად გაგატანთ 50 ან 60 ლარს, შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ამ თანხას ფული და სადაზღვევო კომპანიისთვის უკვე საინტერესო კლიენტი ხდებით, რადგან თანხა მიდის მასთან. ახლა რომ მიხვიდეთ სადაზღვევო კომპანიაში, თითქმის არც ერთს არ აქვს ინდივიდუალური დაზღევევა, ან თუ აქვს, ისიც ძალიან შეზღუდული პაკეტი. შესაბამისად, ამით სტიმული მიეცემა კერძო დაზღვევაში ინდივიდუალური დაზღვევის განვითარებას.

 

 

ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ახალი პრიორიტეტული მიმართულება – ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა გამოაცხადა. ამ რეფორმასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციები გაქვთ?


პირველადი ჯანდაცვის რგოლის ორგანიზაცია საჭიროა. დღეს, პირველადი ჯანდაცვა ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და ეს ალბათ ყველაზე ჯანსაღი სქემაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარში მიმართვიანობა შემცირდეს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურია პირველადი ჯანდაცვის ექიმი, ან პირადი ექიმი და რამდენად ექნება მას სანდოობა საზოგადოებაში, რომ პირველად სწორედ მას მიაკითხონ. მნიშვნელოვანია, რომ სტაციონარში მიმართვა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა შეუძლებელი იქნება ამბულატორიულ დონეზე მკურნალობის დამთავრება.
მედიკამენტებზე დანახარჯი დღეს ჩვენთან ძალიან მაღალია, ამიტომ ოჯახის ექიმს, პირველადი რგოლის ექიმს, დიდი როლი აქვს ამ ხარჯების დაზოგვაში იმ მხრივ, რომ ოპტიმალურად გამოწეროს მედიკამენტები და თუ სახელმწიფოს ექნება რაიმე სუფსიდირებული მედიკამენტები, სწორედ ისინი გამოიყენოს, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის.

 

გრაფიკის მონაცემების წყარო: საერთაშორისო ფონდი კურაციო

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი