კვირის ამბები

მაშველები, რისკები და ზღვა

15.08.2015 • 2958
მაშველები, რისკები და ზღვა
მირზა ვარშანიძე

„ეს დღე კარგად მახსოვს, ტრაგედია მოხდა მდინარე ჭოროხზე. ტყუპი ძმები იყვნენ წყალში და ერთი დაიხრჩო. მეც ტყუპისცალი ძმა მყავს და ძალიან განვიცადე. ჩემი ძმაც მყვინთავია. ერთად ვმუშაობთ ხოლმე.“

როგორც მირზა ამბობს, ოპერატიულად მოქმედების შემთხვევაში, ზღვაში ჩაძირული ადამიანის გადარჩენის შანსი იზრდება.

„დადიანის შემთხვევა მახსოვს, რომ ამოვიყვანეთ პულსიც კი არ ესინჯებოდა, მაგრამ სასწრაფო დახმარების აღმოჩენის შემდეგ გული ამუშავდა და გადარჩა. ასეთი რამდენიმე შემთხვევა მქონდა“, – იხსენებს მირზა.

ამ ათი წლის განმავალობაში მირზამ 200-ზე მეტჯერ ჩაყვინთა. მირზა ამბობს, რომ ყვინთვა აუცილებლად სპეციალისტმა უნდა გასწავლოს, თვითსწავლა შეუძლებელია.

„წვრთნები თითქმის ყოველდღე გვიტარდება და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს სწავლობ. სიღრმეში, ყოველ 10 მეტრზე წნევა იზრდება, სიფრთხილე აუცილებელია. წესები ზეპირადაც ვიცით, მაგრამ ხელზე მაინც გვიკეთია კომპიუტერული საათი, რომელიც წყალში ყოფნის დროს და მოძრაობის ტემპებს გვიკონტროლებს. ამოსვლის დროს სწრაფი მოძრაობა დაუშვებელია“.

მყვინთავები წყალში, დაახლოებით 40 მეტრის სიღრმეში, 7-8 წუთს ჩერდებიან, შემდეგ კი ისევ ზედაპირზე ამოდიან. თუ ძებნის ობიექტს ვერ მიაგნეს, ისევ უკან ბრუნდებიან.

ერთი მყვინთავი წყალში მარტო არ ჩადის. „შეიძლება აპარატმაც გიმტყუნოს, თუმცა ასეთ დროს დამხმარე მოწყობილობას იყენებ. თუ ისიც გამოვა მწყობრიდან, მაშინ მესამე მყვინთავი გეხმარება, რომელიც ამ პროცესს აკონტროლებს“.

„რისკები ყველგანაა, ზღვაშიც და მდინარეშიც“, – გვეუბნება მირზა, რომელიც ჭოროხზე მომხდარ კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს: „სატვირთო მანქანა იყო მდინარეში შესული და ვეღარ გამოდიოდა. ძარაზე რვა ადამიანი იყო, ცურვა არც ერთმა არ იცოდა. ძალიან სახიფათო მდგომარეობა იყო, მაგრამ მანქანა უკვე იძირებოდა და სანამ ადამიანებსაც წაიღებდა, შევედით. როცა ცოცხალ ადამიანებს ხედავ, რომლებიც შენ გელოდებიან, ეს ყველაფერს გაბედვინებს“.

ლაშა გაბაიძე

27 წლის ლაშა გაბაიძეც მაშველია. პროფესიით მეზღვაურია, თუმცა მეექვსე სეზონია, რაც სამაშველო სამსახურში მუშაობს. “ბავშვობაში ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი და თითქმის მთელ დღეებს ზღვაზე ვატარებდი. ცურვა ექვსი წლისამ ვისწავლე“, – გვიყვება ლაშა.

პირველად 19 წლის ასაკში დასჭირდა ადამიანს მისი დახმარება. „სომეხი ტურისტი იყო, კაფე „ტარაბუას“ წინ ზღვაში ნასვამი შევიდა და იხრჩობოდა. მაშინ ამხელა გამოცდილება არ მქონდა. გამიჭირდა მისი გამოყვანა და მეწყვილე დამეხმარა. დღეს გაცილებით მეტი პრაქტიკა მაქვს, პასუხისმგებლობაც გაცილებით მეტია და მუდმივად ვაკვირდები დამსვენებლებს, რომ ვინმე არ შევიდეს ნასვამ მდგომარეობაში“.

მაშველები ადამიანებს დახმარებას არა მარტო ზღვაში, ხმელეთზეც უწევენ: „ამასწინათ პატარა ბავშვი იყო ნაპირზე და ცუდად გახდა. ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა. ატყდა ერთი ამბავი, მაგრამ სასწრაფო დახმარება აღმოვუჩინეთ და გადარჩა.

მაშველები სამუშაოს დაწყებამდე ნორმატივებს აბარებენ. „ცურვაში ასმეტრიან დისტანციაზე და ფიზიკურ ნორმატივებს. ვსწავლობთ პირველადი დახმარების წესებს მზის დაკვრის ან სხვა შემთხვევების დროს მოქმედებებისთვის“, – ამბობს ლაშა.

ძლიერი ღელვის დროს მაშველს ადამიანი ნაპირზე არ გამოჰყავს. ასეთ შემთხვევაში რისკი იზრდება. „თუ ადამიანს გონება აქვს დაკარგული, შესაძლებელია ტალღებმა წაგართვას“, ამიტომ მაშველი შედის ზღვის სიღრმეში და ელოდება სამაშველო სკუტერს. „ასეთ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს შემიძლია გაჩერება, თუმცა სკუტერი დროულად მოდის ხოლმე.

60-70 ადამიანი მეყოლება გადარჩენილი.“ – ამბობს ლაშა. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა დახმარება ვერ მოუხერხებიათ. – „მეზობელ საგუშაგოზე დაიხრჩო ერთი კაცი. სწრაფად ჩაიძირა და ვეღარ იპოვეს.“

მაშველთა საგუშაგოს აუცილებელი ატრიბუტებია: მალიბუ, რაციები, სამაშველო რგოლი, დურბინდები, ხელოვნური სუნთქვისთვის საჭირო აღჭურვილობა და პირველადი სასწრაფო დახმარების აფთიაქი.

გადაბეჭდვის წესი