კვირის ამბები

„სტალინი მოკვდა და გაჩნდა იმედი“

07.12.2014 • 1860
„სტალინი მოკვდა და გაჩნდა იმედი“

GE DIGITAL CAMERA

როსტომ ლაბაძე – რეპრესირებული

ეს სოფელ წინსვლაში მცხოვრები 76 წლის როსტომ ლაბაძის რეპრესირებული ოჯახის ისტორიაა. სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევდა, ჯარისკაცებმა ბავშვები და მოხუცები ფეხით გაუყენეს დათოვლილ გზას. ზურგზე ტვირთაკიდებული ადამიანები იმ იმედით ემშვიდობებოდნენ თავიანთ სახლ-კარს, რომ ოდესმე ისევ შეძლებდნენ მის დანახვას.

„ილია მახსენდებოდა: „აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო“ რომ ამბობდა. ამ სიტყვებს ვებღაუჭებოდით“, – გვეუბნება როსტომ ლაბაძე.
სალდათებმა საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი ადამიანები სატვირთო მანქანებამდე მიაცილეს: `დაგვყარეს ტომრებივით და წაგვიყვანეს. ბაბუაჩემი 96 წლის იყო იმ დროს. ძალიან უჭირდა, ყაზახეთამდე ჩააღწია, მაგრამ სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. იქ გარდაიცვალა. როცა შვილიშვილები გავიზარდეთ, მისი გადმოსვენება გადავწყვიტეთ, მაგრამ მისი ძვლებიც კი ვეღარ ვიპოვეთ საფლავში. ყაზახეთში ძალიან ბევრი ველური ცხოველი დაძრწოდა, იმათ ამოეჩიჩქნათ საფლავი. მიწა ავიღეთ ამ ადგილიდან და ბებიაჩემის საფლავის გვერდით მიმოვაბნიეთ. ასე დავაბრუნეთ ბაბუა სამშობლოში“.

როსტომ ლაბაძე ამბობს, რომ არ ავიწყდება ეშელონში გატარებული ოცდაორი მძიმე დღე. „აკვნის ბავშვები, მშიერი და სიცივისგან გაყინული ადამიანები ვიყავით. რამდენმა ვერ გაუძლო ამ ყოფას და მოკვდა. გაახვევდნენ ადიალებში და დადებდნენ თოვლზე, მიწაც კი არ იყო, რომ დაგემარხა. დედაჩემი მეც მფუთავდა საბანში, რომ არ გავყინულიყავი.

ყაზახეთში რომ ჩაგვიყვანეს, ერთი საწყალი, რეპრესირებული ბერძნის ქოხში შეგვასახლეს. 12 ადამიანი ერთ პატარა მიწურში ვიყავით გამომწყვდეული. იმ კაცს იერღო კულტურიდი ერქვა, აფხაზეთიდან იყო გადასახლებული. იმ დროს 40 ათასი ბერძენი გაასახლეს ყახაზეთში. ცოტა ხნის შემდეგ ტალახისგან გამოვიყვანეთ აგურები და ცალკე ავაგეთ ოთახები. მამაჩემს ცოტა ფული ჰქონდა წამოღებული, ძროხა იაფი იყო და ვიყიდეთ, ასე გაგვქონდა თავი. მეზობლად ერთი კახელი კაცი ცხოვრობდა, 11 შვილი ჰყავდა და მათაც ვეხმარებოდით, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ მამა პურს და ცოტა რძის ნაწარმს აძლევდა“.

მძიმე ფიზიკური შრომა ბავშვებსაც უწევდათ. მიუჩვეველი კლიმატი რესპრესირებული ადამიანებისთვის დამატებითი სატანჯველი იყო: „ძალიან ცხელოდა, ფეხშიშველი, მაისურის ამარა დავტანტალებდით. ადგილობრივებს ბამბის ქურთუკები ეცვათ, მზისგან იცავდა თურმე. წყალი პრობლემა იყო და ზოგჯერ ადგილობრივებთან ჩხუბიც კი გვიწევდა სარწყავი წყლის გამო. მამაჩემმა ვირი იყიდა და ამით ვზიდავდით მდინარის წყალს. სულ წითელი იყო, ქვიშიანი, მაგრამ რა გზა იყო, მაინც ვსვამდით“.

„ბავშვებს არაფერი გვქონდა გასართობი“, – ამბობს როსტომ ბალაძე და იხსნებს, რომ ერთადერთი გართობა ძვლისგან გაკეთებული კოჭები იყო, რომელსაც იქეთ-აქეთ აგორებდნენ: „არც სწავლა გვქონია ნორმალური, ხშირად გამოვყავდით გაკვეთილებიდან და ბამბის საკრეფად მივყავდით“.

ასე გავიდა ორი წელი. მალე სტალინი გარდაიცვალა და ისევ გაჩნდა სამშობლოში დაბრუნების იმედი: „როცა ძია სტალინი მოკვდა, ხალხი ქეიფობდა. დაბრუნების იმედი გაჩნდა. ერთი თვის შემდეგ კი ბერიაც დახვრიტეს, როგორც მავნებელი და ჩვენც გვეშველა“.

რატომ ეძახით სტალინს ძიას, ეს ირონიაა, თუ რაიმე თანაგრძნობა გაქვთ მის მიმართ? – ვეკითხები მას. „ასე ეძახდნენ მას ლექსებში“, – გვეუბნება და ბანალურად აგრძელებს, რომ სტალინი არც თუ ისე ცუდი კაცი იყო, რომ ის „ბერიამ შეიყვანა შეცდომაში“: „როგორ არ გვქონდა პროტესტი, გვქონდა, მაგრამ ხმას ამოიღებდი? ვინ იყო მშველელი. დათვი რომ მოგერევა, ბაბა უნდა დაუძახოო ნათქვამია“.

როსტომ ლაბაძის ოჯახმა დღემდე არ იცის მათი გადასახლების მიზეზი და არც მოუკითხიათ: „მათ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ, აქედან ყველანი გავესახლებინეთ“.

თავიანთი სახლიდან საბავშვო ბაღის გასვლის შემდეგ ლაბაძეებმა ძველ კერაზე ისევ დაიწყეს ახალი ცხოვრება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: