კვირის ამბები

„ძნელია დაივიწყო ტკივილი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და ნათესავიც“

28.09.2014 • 1769
„ძნელია დაივიწყო ტკივილი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და ნათესავიც“

 

დავით დიდმანიძე – რეპრესირებული

 

საბჭოთა ჯარისკაცები დიდმანიძეების ოჯახში 1951 წლის 21 დეკემბერს შევიდნენ. ოჯახში რვა ადამიანი – დავითის მშობლები, ბებია-ბაბუა და მისი და-ძმები იყვნენ. „პირდაპირ ჩხრეკაზე გადავიდნენ, გვითხრეს ბომბს ვეძებთო. აყარეს-დაყარეს ყველაფერი, გამთენიისას კი ბარგი-ბარხანა შეგვაკვრევინეს და გასახლებთო – გამოგვიცხადეს. ვის აინტერესებდა ჩვენი გლოვა და მწუხარება. სახლიდან წამოღებული ნივთები და ცოტაოდენი სურსათი ჯერ ერთი კილომეტრი გვათრევინეს, შემდეგ კი მანქანაზე ატანის უფლება აღარ მოგვცეს და დაგვატოვებინეს. 14-დღიანი მგზავრობა გაუსაძლისი იყო. ალბათ სხვების მონაყოლიდანაც გეცოდინებათ, თუ რა ხდებოდა ეშელონებში. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. სიბინძურე, შიმშილი და სიცივე. გაყინულ ვაგონებს ვერ მიეკარებოდი, სივიწროვის გამო თავებით რომ ვეხებოდით რკინაზე, თმები გვეყინებოდა ზედ და ძლივს ვაგლეჯდით. თმებიც ზედ გვრჩებოდა ხოლმე. ვერ გეტყვით, როგორ გადავურჩით ამ დღეებს, ალბათ ყველაფერს უძლებს ადამიანი“.

დავით დიდმანიძე ერთი კაცის ისტორიას იხსენებს, რომელსაც ცოლი მოუკვდა და ოთხი მცირეწლოვანი შვილით დარჩა ვაგონში: „რა დამავიწყებს მათ სახეებს. ყველაზე მეტად პატარა ვერ უძლებდა შიმშილს. ატირდებოდა „მამა კოკორტი მინდა“, – მაწონს ეძახდა ასე. მამა ატყუებდა, – „შვილო, არ მოვიდა დღეს ძროხა, ვერ მოვწველეთ, დაიძინე და ხვალ გაჭმევ“, „არა, ახლა მინდააა“, – იძახდა პატარა და ტირილ-ტირილში იძინებდა. ასე ხდებოდა მეორე და მესამე დღესაც. ლუკმა რომ მიგეცა, საშუალება არ იყო. ზოგჯერ რამდენიმე დღეს გვიწევდა მშიერი ყოფნა. თუ მატარებელი არ გაჩერდებოდა, არც საკვებს გვაძლევდნენ. როცა მოჰქონდათ, მაშინაც უვარგისი იყო, მაგრამ მაგას ვინ ჩიოდა“.

ვაგონში ცუდად გახდა დავითის დედაც. ამბობს, რომ მოიწამლა: „საბედნიეროდ, ვიღაცას არაყი აღმოაჩნდა, ცოტა დავალევინეთ და იმან უშველა… რამდენი ადამიანი დაიღუპა, ზოგი იქეთ წავლისას, ზოგიც დაბრუნების დროს“.

დავით დიდმანიძე გადასახლების მიზეზებს უბრუნდება: „მამაჩემს ბრალად ის წაუყენეს, და გყავს თურქეთშიო, თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან უსუსური არგუმენტი იყო. მაშინ მამაჩემის და-ძმებიც უნდა გაესახლებინათ, თუმცა მათ არ შეხებიან. თანაც მამიდაჩემი თურქეთში კი არა, მარადიდში იყო გათხოვილი და რა ჩვენი ბრალი იყო, თუ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ის სხვა მხარეს აღმოჩნდა“.

ყაზახეთის მიწაზე რვა იანვარს დააბიჯეს. „ახლა უზბეკეთის ტერიტორიას ეკუთვნის ის სოფელი. სკოლის შენობაში შეგვყარეს და სამ დღეს იქ ვიყავით. შემდეგ სოფელში დაგვანაწილეს, პატარა მიწის ქოხში გადავინაცვლეთ. ღუმელზე და ადამიანურ პირობებზე ზედმეტი იყო საუბარი. გაზაფხულზე, როცა თოვლი გადნა, წყალი შემოვიდა და ატალახდა. ხის ტოტებისგან წნულები გავაკეთეთ და იმაზე ვწვებოდით, მაგრამ ნიაღვარმა ბოძები ჩამოშალა და ტალახში ჩავეფალით~. ასეთ პირობებში დიდმანიძეებმა ერთი წელი გაატარეს.

„პურის ან მჭადის ფქვილის შესაძენად დედამ თავისი პატარა მძივი გაყიდა, შემდეგ – ბეჭედი. მთელი ოჯახი ფიზიკურად ვმუშაობდით, ცოტა ფული შევაგროვეთ და პატარა სახლი დავდგით. ჯანმრთელობა ყველას შეგვერყა. განსაკუთრებით მამაჩემს. სიკვდილის წინ მხოლოდ იმას ნატრობდა, ერთხელ გადამავლო თვალი ჩემს სოფელზე და დედაჩემი მანახაო. თუ ვერ მოვესწარი და მოვკვდი, აქ დამტოვეთო – გვითხრა“, – დავით დიდმანიძეს ისევ მოერია თვალებზე ცრემლი.

ანდერძის მიუხედავად, მამის გადმოსვენება წლების შემდეგ მაინც დააპირა, თუმცა ვეღარ მოახერხა: „საფლავს 36 წლის შემდეგ მაინც მივაგენი. საფლავის კიდეებზე ექვსი აგური გვქონდა ჩატანებული და ამით ამოვიცანი. ვერ გადმოვასვენე, მაგრამ ის მაინც ვიცი, სად არის“.

ერთი წლის შემდეგ უფროსმა ძმამ სტალინის სახელზე წერილი გაგზავნა. მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნების უფლება მიიღეს, თუმცა ტრანსპორტი არ იყო და დაბრუნება გაჭიანურდა: „ძმამ ფული ისესხა და გამოიქცა, თუმცა სოფელში მაინც არ აუშვეს. ჩემი ბიძა და ბიძაშვილი ჩვენს სახლს ანგრევდნენ თურმე და კომენდატურა გაუფრთხილებიათ, არ ამოუშვათო. ცუდია ამას რომ ვამბობ, მაგრამ რა ვქნა, ასეთი რამ გააკეთეს. ჩემი ძმა ისეთი გამწარებული იყო, თოფი იყიდა, უნდა გავუსწორდეო, მაგრამ გადავაფიქრებინეთ. ყაზახეთში ძლივს აწყობილი ცხოვრება ისევ მივატოვეთ და დავბრუნდით. სახლი დანგრეული და ქონება გაპარტახებული იყო. დანაშაულის გრძნობა არავის აწუხებდა, ბიძაჩემსაც კი, რომელმაც ჩვენი სახლის აგური და კედლებიც კი გაზიდა. ბოლოს დედის სიძე დაგვეხმარა და პატარა მიწა მოგვცეს, სადაც კრედიტით დავიწყეთ სახლის აგება“.

დავით დიდმანიძის ძმებმა სწავლის გაგრძელება მოახერხეს, დებმა – ვერა: „უფროსმა მე-4 კლასიდან მიატოვა სწავლა, მეორემ მხოლოდ საშუალო დაასრულა. დედა ავად იყო და უვლიდა…. ძნელია დაივიწყო ტკივილი, რომელშიც სახელმწიფოც მონაწილეობს და ნათესავიც. განა შეიძლება ამ ყველაფრის დავიწყება?“ – ამბობს დავითი და პატიებას ითხოვს ცრემლებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: