კვირის ამბები

„ბებიას დილით დატოვებული ოჯახის ნაცვლად საღამოს ცარიელი სახლი დახვდა“

01.10.2014 • 2528
„ბებიას დილით დატოვებული ოჯახის ნაცვლად საღამოს ცარიელი სახლი დახვდა“

 

 

გრიშა გორგაძე

 

„ჩემი ოჯახი მაჭახლის მთიან სოფელში, გორგაძეთში ცხოვრობდა. სოფელი თურქეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს იყო, რის გამოც 1944 წელს მთელი სოფელი ჭარნალში ჩამოგვასახლეს. არ მესმის, რა საშიშროება დაინახა საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენში. სახლები მესაზღვრეებმა დაანგრიეს და შეშად გამოიყენეს. პირველ გასახლებას გადასახლებაც მოჰყვა. ამჯერად ყაზახეთის გზას გაგვიყენეს. 1951 წლის ზამთარი იყო“ – იხსენებს რეპრესირებული ოჯახის ისტორიას გრიშა გორგაძე.

ჭარნალში გორგაძეები გადასახლებული ოჯახების სახლებში შეასახლეს. „ჩვენამდე იქ სხვა ოჯახები ცხოვრობდნენ, ის ადამიანები, „თურქ მესხებს“ რომ ეძახიან დღეს. ჩვენამდე ისინი გადაასახლეს. ვის ოჯახშიც ჩვენ მოვხვდით, იმ სახლის მეპატრონე წლების წინ დაბრუნდა. მამაჩემმა ჭარნალში სახლი უყიდა, მაგრამ მაინც არ გააჩერეს საქართველოში. ძალიან უნდოდათ დაბრუნება, მაგრამ არ ვიცი, ოდესმე შეძლებენ თუ არა“ – გვეუბნება გრიშა გორგაძე.

გადასახლების დროს გრიშა გორგაძე ერთი წლის იყო. „ორი ძმა და ერთი და მყავდა. ისინი ჩემზე უფროსები იყვნენ. მყავდა ბებიაც, რომელიც გადასახლების დღეს მეორე შვილთან იყო წასული. ჩვენი გადასახლების დარდმა ლოგინად ჩააგდო და მალე გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, დილით ოჯახი დატოვა და საღამოს ცარიელი სახლი დახვდა. შვილი, რძალი და შვილიშვილები – ყველა ერთ დღეს წაართვეს. მატარებლის ხმას რომ გაიგობენდა, სულ ტიროდა თურმე ბებია“.

გრიშა გორგაძე დედისა და და-ძმების ნაამბობს იხსენებს: „მე პატარა ვიყავი, დედა ყვებოდა ხოლმე ამბებს. ძალიან განიცდიდა ეშელონებში არსებულ საშინელ მდგომარეობას, აუტანელ მგზავრობას და გადასახლების ტკივილს. ერთხელ დედაჩემს კუთხეში მივუწვენივარ და ხელი ვაგონის კედელზე მიმყინვია, ისეთი სიცივე ყოფილა. კინაღამ მოკვდიო, – დედა მეუბნებოდა. ვაგონში ვიღაცას უთქვამს, ქვეყნიერების დასალიერში მივყავართ და იქ, ეს მოძულებული ხალხი მატარებლიანად უნდა გადაგვჩეხონო. დედაჩემს გულში ჩარჩენია ეს სიტყვები და სულ ჩახუტებული ვყოლივარ. ბევრმა ვერც `დასალიერამდე~ მიაღწია. კვდებოდნენ და გზაშივე ყრიდნენ დაუმარხავად. ზოგიც გადასახლებაში მოკვდა და იქ დაიკარგა მათი საფლავები“.

მტანჯველი დღეები ყაზახეთში გაგრძელდა. ვაგონი მიწურმა ჩაანაცვლა. იყო შიმშილი და უწყლობა: „გვეძინა მიწაზე და გვაკლდა საჭმელი. ერთადერთი, რაც გადასახლებიდან მახსოვს, დიდი გველი იყო, რომელიც მძინარეს თავზე დამტრიალებდა. თვალი რომ გავახილე, ჭერზე კუდით ეკიდა და იკლაკნებოდა. ექვსი თვის შემდეგ მამამ პატარა სახლი იყიდა და ცოტათი უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. ოჯახის წევრები პლანტაციებში მუშაობდნენ და სანაცვლოდ პურის მარცვალი მოჰქონდათ. ჩემი და-ძმები ძალიან განიცდიდნენ მუშაობას. დედამაც მძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი, 15 წელი დაბრმავებული იყო. მაღალ სიცხეში მუშაობა არ შეიძლებოდა თურმე, ადგილობრივები არ გადიოდნენ სამუშაოდ, ჩვენ კი ბრძანებას გვაძლევდნენ და იძულებულნი ვიყავით, გვემუშავა.

 

გრიშა გორგაძის ბავშვობის ფოტო გადასახლებაში

სამი წლის შემდეგ დავრუნდით გადასახლებიდან. დედაჩემს ისე მტკივნეულად ახსოვდა ეშელონში გატარებული დღეები, რომ გახარების ნაცვლად იმაზე დარდობდა, მგზავრობას როგორ გადავიტანო. თუმცა, წამოსვლისას ასეთი ტანჯვა აღარ გადაგვიტანია, სამ დღეში ჩამოვედით“.

გორგაძეების სახლს კოლმეურნეობის თავმჯდომარე დაჰპატრონებია და ხე ქვით შეუცვლია. „სახლი დაგვიბრუნა, თუმცა ქვის ფული გადაგვახდევინა“.
გრიშა გორგაძეს მიაჩნია, რომ საბჭოთა რეჟიმი უსამართლო იყო, თუმცა უსამართლოდ მოექცა ქართული სახელმწიფოც: „ვფიქრობ, რეპრესიები არასათანადოდ არის გაანალიზებული. დედა იტყოდა, მარტო შიშისგან დავკარგე ნახევარი სიცოცხლეო, ტანჯვას რომ თავი დავანებოთ. მესმის, რომ სტალინმა ფაშიზმი დაამარცხა, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ რაში სჭირდებოდა გადასახლებები და ახალი ტრაგედიები, არ მესმის. ღირდა კი ამდენი ადამიანის უბედურებად საბჭოთა კავშირის შენარჩუნება?! – ნამდვილად არ ღირდა“ – გვეუბნება ის.

გრიშა გორგაძე გადასახლებაში გადაღებულ ერთ ფოტოს გვაჩვენებს. ფოტოზე ის და დედაა ასახული, კიდევ ერთი ქალი, რომლის ვინაობა მისთვის უცნობია: „სამწუხაროდ ფოტოს ისტორია არ მახსოვს, არ ვიცი როგორ აღმოვჩნდით ფოტოგრაფის წინ, თუმცა, ეს ფოტო მძიმე წლების ერთადერთი სახსოვარია“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: