კვირის ამბები

გადასახლებული ორი წლის ასაკში

14.09.2014 • 1415
გადასახლებული ორი წლის ასაკში

 

 

ენვერ სვანიძე- რეპრესირებული

 

„ბევრი რამ მშობლებისგან მახსოვს, რადგან პატარა ვიყავი. რაღაც ამბები, კი ასაკის მიუხედავად, მაინც ჩამრჩა გონებაში. კარგად მახსოვს ულვაშებგადაგრეხილი ზედამხედველი, გადასახლების შემდეგაც თავზე რომ გვადგა და ბრძანებებს იძლეოდა“. ენვერ სვანიძე ამბობს, რომ ულვაშა ზედამხედველს ბავშვებმა მეტსახელი „ონწვერა“ შეარქვეს და ზურგს უკან ამით აჯავრებდნენ ხოლმე.

ენვერ სვანიძე მშობლების მონათხრობს იხსენებს, თუ როგორი მძიმე იყო სატვირთო ვაგონებში გატარებული მგზავრობის 15 დღე: „სიმჭიდროვე, სიცივე და ანტისანიტარია. კვდებოდნენ ადამიანები, მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ოჯახი გადარჩა. ბავშვებს მიწაზე გვეძინა, მაგრამ გადავრჩით. მხოლოდ ბაბუამ ვერ გაუძლო. ყაზახეთში დაავადდა და იქ გარდაიცვალა. დაიკარგა მისი საფლავიც“.

შვიდი ადამიანი ერთ პატარა მიწურში შეასახლეს, სადაც იქაურები, დედა-შვილი – აფა და ჯარხანა ცხოვრობდნენ: „საკმაოდ თბილი ადამიანები იყვნენ. მართალია, ვერაფრით გვეხმარებოდნენ, მაგრამ არც გვეუხეშებოდნენ~ _ ასე ახსენდება ყაზახი მასპინძლები ენვერ სვანიძეს.

„ჭირდა საკვები და რთული იყო თავის გატანა. ცეცხლს გამხმარი ბალახისგან და გამომწვარი ნაკელისგან ვანთებდით. პლანტაციებში ნაშოვნი ფულით მცირე საკვები მოჰქონდათ მშობლებს. ბაბუაჩემმა მოგვიანებით პატარა ბოსტანიც გააკეთა, მაგრამ წყალს არ გვაძლევდნენ და მისი მოვლაც წვალებით გვიხდებოდა.“

 
ენვერ სვანიძე ამბობს, რომ სასიამოვნოდ მოსაგონარი ბევრი არაფერი ახსენდება ბავშვობიდან: „ჭუჭყიან, სარწყავ არხებში ჩავდგებოდით ხოლმე ბავშვები და ასე ვიქცევდით თავს. ბავშვებს ბებია გვაქცევდა ყურადღებას, რადგან დედა და მამა მთელი დღე ბამბის პლანტაციებში იყვნენ სამუშაოდ.“

სტალინის სიკვდილის შემდეგ სვანიძეების ოჯახმა სამშობლოში დაბრუნება შეძლო. „სოფელში დაგვრჩა ყველაფერი, – სახლი და კარი, საქონელი, რაც კი გაგვაჩნდა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კი, სახლის ნაცვლად ტრიალი მინდორი დაგვხვდა, ყველაფერი განადგურებული იყო. ერთ ძროხას მივაკვლიეთ მეზობელთან და იმანაც უარი გვითხრა დაბრუნებაზე, – მე ვუვლი და ჩემიაო – გვითხრა. ასე დავიწყეთ ახალი ცხოვრება. სახლის შენება ძალიან გაგვიჭირდა, რადგან უგზოობის გამო ურიკებით გვიწევდა მასალბის მოზიდვა. რამდენჯერ გამიცდენია სკოლა ამის გამო“.

ენვერ სვანიძის ოჯახისთვის, ისევე როგორც სხვა გადასახლებული ოჯახებისთვის, გადასახლების მიზეზი არავის განუმარტავს. ერთადერთი მოტივი, რაც მისი აზრით შეიძლება ყოფილიყო, თურქეთის საზღვართან სიახლოვე იყო: „სამ კაცს ერთად საუბარი არ შეეძლო, იმწამსვე ჩეკისტები გამოჩნდებოდნენ. ხალხს ტყეში მუშაობის უფლებასაც კი არ აძლევდნენ, რომ შეშა მოეტანათ ან ხე მოეჭრათ, წალდს რომ იქნევ, ამით ალბათ თურქეთში ვიღაცას ნიშანს აძლევო _ მეზობელს უთხრეს. ასეთი გაუგონარი ამბები ხდებოდა“.

ენვერ სვანიძე ამბობს, რომ გული წყდება სახელმწიფოზე, რომელმაც რეპრესირებული ადამიანების ტკივილი სათანადოდ არ შეაფასა: „ისეთი კომპენსაციები გასცეს, არც კი ღირდა მიღებად. კიდევ კარგი, საბუთებზე არ ვირბინე. ამაზეც კი აწვალეს ადამიანები“.
 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: