კვირის ამბები

როგორ ხდება ხელოვნური განაყოფიერება

04.04.2015 • 31263
როგორ ხდება ხელოვნური განაყოფიერება

ნატალია ხონელიძე

ქალბატონო ნატალია, როდის მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას?

 ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ მამაკაცისა თუ ქალის სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული უშვილობის გამო. ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ წყვილთან მივიღოთ ბუნებრივად ორსულობა, მაგრამ როცა წყვილს ეს რესურსი ამოეწურება, მათ აუცილებლად უნდა შევთავაზოთ ხელოვნური განაყოფიერება, იმიტომ, რომ მერე სხვადასხვა პათოლოგიის (პოლიკისტოზის, ენდომეტრიოზის და სხვა) შედეგად მიმდინარე პროცესები ღრმად მიდის და ფოლიკულების (საკვერცხის სტრუქტურული კომპონენტი) რაოდენობა იმდენად შემცირებულია, რომ კვერცხუჯრედებს უკვე ვეღარ ვიღებთ.

რომელი უფრო ხშირია თქვენს პრაქტიკაში, ქალისა თუ კაცის უშვილობის შემთხვევები?

ხშირად წყვილი არ მიმართავს ექიმს, რადგან ჰგონიათ, რომ ყოველთვის ქალია უშვილობის წყარო, მაგრამ ასე არ არის. ბევრი შემთხვევაა, როცა მოდის ქალი, მას არანაირი პრობლემა არ აქვს და შემდეგ, როცა დიდი ხნის მერე მოიყვანს ქმარს, აღმოჩნდება, რომ პრობლემა სწორედ მამაკაცის უშვილობაა. წყვილმა აუცილებლად ერთად უნდა მიმართოს ექიმს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პროცენტულად ქალისა და კაცის უშვილობის შემთხვევები თანაბარია და სულ ცოტათი, მამაკაცთა უშვილობა აჭარბებს კიდეც ქალთა უშვილობას.

ხელოვნური განაყოფიერების რა მეთოდები არსებობს?

ხელოვნური განაყოფიერება მოიცავს ორ ძირითად მეთოდს – ხელოვნურ ინსემინაციას და ინ ვიტრო განაყოფიერებას. ხელოვნური ინსემინაცია ბუნებრივი განაყოფიერების პროცესის იმიტაციაა. ამ დროს მამაკაცის სპერმა წინასწარ მუშავდება, ქალის მომზადება კი ულტრაბგერითი მონიტორინგის საშუალებით ხდება, ანუ ვაფიქსირებთ, როდის ხდება ფოლიკულის ოვულაცია (ფოლიკულის გახეთქვა ანუ, როცა კვერცხუჯრედი გამოთავისუფლებულია) და ზუსტად იმ დროს შეგვყავს დამუშავებული და გააქტიურებული სპერმა საშვილოსნოში. 

მამაკაცის შემთხვევაში ხელოვნური ინსემინაცია კეთდება მაშინ, როდესაც სპერმატოზოიდებს აკლია მოძრაობა, როცა სპერმაში არ არის სპერმატოზოიდების მაქსიმალური რაოდენობა, მაგრამ შესაძლებელია მათ აქტიურობას მივაღწიოთ დამუშავების შედეგად. ქალის შემთხვევაში ეს მეთოდი კარგია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ იმუნოლოგიური ორსულობა, ანუ როცა საშოში მჟავეტუტოვანი წონასწორობაა დარღვეული და ამის გამო სპერმატოზოიდები იღუპებიან საშოში. ამ დროს საშვილოსნოში შეგვყავს დამუშავებული სპერმა, ანუ საშვილოსნოს ყელის ბარიერი არის გადალახული. ამ მეთოდით დაორსულების შანსი 15-20 %-ია. განაყოფიერების ამ მეთოდისთვის საჭიროა საშვილოსნოს მილების კარგი გამავლობა, იმიტომ, რომ განაყოფიერების პროცესი უშუალოდ მილებში ხდება.

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება, შემდეგ კი ამგვარად მიღებული ემბრიონი ინერგება ქალის საშვილოსნოში. ამ დროს საჭიროა ჰორმონალური თუ ვირუსული გამოკვლევები, რის შემდეგაც ვიწყებთ ინ ვიტრო განაყოფიერების მანიპულაციას. ქალს ვუნიშნავთ მედიკამენტებს, რომლებიც მას ფოლიკულების საშუალო რაოდენობის (4-6) მომწიფებაში ეხმარება. პარალელურად ემზადება მამაკაციც. ამის შემდეგ დგება მომენტი, როცა ფოლიკულურ სითხეში უნდა ვიპოვოთ კვერცხუჯრედები, ეს ყველაფერი შეიძლება პაციენტმა გააკეთოს ნარკოზით ან ნარკოზის გარეშე. მიდგომა ხდება არა ოპერაციული გზით – საკვერცხეებში შევდივართ ტრანსვაგინალურად, გვერდითი თაღებიდან, იქ კი თითოეული ფოლიკულიდან ხდება ფოლიკულური სითხის აღება, რომელშიც არის კვერცხუჯრედი. კვერცხუჯრედების მიღების შემდეგ, იმავე დღეს ხდება მათი განაყოფიერება და მეორე ან მესამე დღეს, ემბრიონი გადაგვაქვს საშვილოსნოში.

ინ ვიტრო მეთოდის წარმატებულობა დამოკიდებულია ქალის ასაკზე, მაგალითად, 35 წლამდე ამ მეთოდით დაორსულების შანსი 62%-ია; 35-37 წლების ასაკში – 40%; 38-40 წლის ასაკში – 35%, 40 წლის ზევით კი -10%.

თუ ბევრი ემბრიონი მივიღეთ, ამ ემბრიონებს რამდენიმე წლით ვყინავთ და იმ შემთხვევაში, თუ პირველი ორსულობის შემდეგ წყვილს მეორე შვილის გაჩენის სურვილი ექნება, ამ შენახულ ემბრიონებს ვალღობთ და საშვილოსნოში გადაგვაქვს. ჩვენება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის ძირითადად საშვილოსნოს მილების გაუვალობა ან მათი არარსებობაა.

რა ღირს ხელოვნური განაყოფიერება?

 ხელოვნურ განაყოფიერებამდე საჭირო გამოკვლევების ღირებულება ჯამში 500-600 ლარია, მათი ხანგრძლივობა კი 2-დან 5 თვემდე გრძელდება, იმის მიხედვით, აქვს თუ არა პაციენტს ვირუსები ან ჰორმონალური დარღვევები. ხელოვნური ინსემინაციის ფასი 500 ლარია, ინ ვიტრო განაყოფიერება კი 3550 ლარი ღირს. რაც შეეხება უკვე გაყინული ემბრიონის საშვილოსნოში გადატანას, ეს პირველადი ინ ვიტრო განაყოფიერების მეოთხედი ჯდება. ჩვენთან თვეში დაახლოებით 100 წყვილი იტარებს მანიპულაციას, სტატისტიკურად კი საქართველოში დაახლოებით 50 000-მდე უშვილო წყვილია, ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემასაც თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად საჭიროა სახელმწიფოს ჩარევა უშვილობის მკურნალობის დაფინანსებაში. 

 ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი ბავშვებისადმი გარკვეული სტერეოტიპები არსებობს. რამდენად რეალურია ის, რომ მათ მომავალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ?

 ძალიან მასშტაბურმა, მულტიცენტრულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არავითარი განსხვავება ფიზიოლოგიურად დაბადებულ და ინ ვიტრო განაყოფიერებით დაბადებულ ბავშვებს შორის არ არის. ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ ეს ბავშვები ბევრად უფრო ჯანმრთელებიც კი არიან, რადგან ჩნდებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლომდე გამოსწორდება.

კლინიკა ინვიტროს გარდა, ბათუმში ხელოვნურ განაყოფიერებას ახორციელებს ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი, რომლის ბათუმის ფილიალიც გასული წლის სექტემბერში გაიხსნა და ქართულ-თურქული კლინიკა “Batum Ifv Center” – რომელიც ბათუმში 2011 წლიდან მოღვაწეობს.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: