კვირის ამბები

თბილისელი პიტერ პენი

24.03.2015
თბილისელი პიტერ პენი

 

გიგი ამბობს, რომ ის პიტერ პენივითაა, მას გარეგნულადაც ჰგავს და ისტორიითაც. ქუჩაში გამვლელებიდან, რომელთაც საკუთარ თავზე უყვება, ბევრი გაიცნო და დაუმეგობრდა. ახლა მათთან ერთად ატარებს დროს, ისინი ბავშვები არიან, რომლებიც აპურებენ, სტუმრად პატიჟებენ თავისთან და ერთად თამაშობენ. მერე რა, რომ ასაკში დიდი სხვაობაა. გიგი დიდი ბავშვია, დიდი ტანად.

გიგი ნინიძე
გიგი ნინიძე

 

მას კითხვა ძალიან უყვარს და ბევრი წიგნიც აქვს წაკითხული, პიანინოზე შესანიშნავად უკრავს, თუმცა დაკვრა მისთვის არავის უსწავლებია, ნოტებსაც კი ვერ ცნობს, შეუძლია ნაწარმოები მოისმინოს და თავისი ინტერპრეტაციით დაუკრას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, გიგი ხატავს კიდეც, თვითნასწავლი მხატვარია და ხშირად მადლობის ნიშნად თავის მეგობრებს ან მუსიკას უძღვნის, ან თავის ნახატებს ჩუქნის.

 

„მუსიკას სწავლა არ უნდა, არც დაკვრას, არც ნოტს, რომ არ ვიცი მათი სახელები რა, ვერ ვუკრავ? მუსიკას შეგრძნობა უნდა, რასაც შევიგრძნობ, იმას ვხატავ. კიდევ კარგი ბევრი ფერი არსებობს, ხანდახან იმდენ რამეს ვგრძნობ, რომ ცოტა ფერით ამას ვერც გადმოვცემდი.

 

წიგნის კითხვაც მუსიკასავითაა, იმდენ რამეს გაგრძნობინებს, რომ მერეც ხატვა მინდება. ზოგადად, როცა ვფიქრობ, ვიხსენებ, ან ვოცნებობ, ყოველთვის ხატვა მინდება. ხელოვნება დარდის საუკეთესო ჩასაკლავია და თან ამ დარდს ბედნიერებად აქცევს.

 

ალბათ გავაფრენდი, ამეების კეთება რომ არ შემეძლოს, შემიძლია გადამეტებული ნათქვამია, გამომდის შეიძლება ითქვას~, – თქვა გიგიმ.

 

ქართველი პიტერ პენი, როგორც აღვნიშნე, გამვლელებს ესაუბრება თავის სამყაროზე, რომელსაც მხოლოდ თავისთვის ვერ იტევს, სხვებს უნდა გაუზიაროს, თუმცა ბევრჯერ სხვებს მისი მოსმენა არ უნდათ, ალბათ, ყველას თავისი პრობლემა აქვს და სხვისი დარდი მეტისმეტია.

 

„მე ადამიანების გაცნობა მიყვარს, მათთან ლაპარაკი, მარტო ცუდ რამეებს არ ვუყვები. ხშირად მინდა ჩემს წიგნებზე მოვუყვე, პერსონაჟებზე, რომელთაც ვამსგავსებ მათ და ჩემს ნახატებზეც. ქუჩაში ძალიან ლამაზი გოგო რომ გაივლის და უცებ რამე მუსიკა მომაგონდება, მას ამაზე ხომ უნდა ვუთხრა? ამაში ცუდი რა არის? უცხო თუა ვერ გავიცნობ და ვერ დაველაპარაკები?

 

ისე მალე გახდება ნაცნობი, რომ ვერც მიხვდები. ასეთი ბევრი მეგობარი მყავს ახლა, ჩემი ბავშვები უცხოები იყვნენ ხუთი თვის წინ, ახლა კი ყველაზე ახლობლები არიან ჩემთვის. ერთმანეთს ბევრი სითბო და სიყვარული უნდა მივუძღვნათ.

 

მე ვიცი, ადამიანებს მანამ უნდა ეფერო და კოცნო, სანამ შენთან არიან, მერე რა, რომ ახლა არ იცნობ, გაიცნობ და მოასწრებ, სანამ სამუდამოდ დაკარგავ და სულ გაუცხოვდებიან. ყველაზე თბილი მაინც ბავშვები არიან, მათ არ უკვირთ ასეთი რომ ვარ და მე ეს მახარებს~.

 

გიგი 26 წლამდე ასაკის ბიჭია, რომელსაც ადამიანები უყვარს, მათთან ლაპარაკი, მეგობრობა, მათი სიყვარული და დაფასება. გიგი 26 წლამდე პიტერ პენია, რომელიც თბილისის ქუჩებში დახეტიალობს და ბავშვებს აბედნიერებს. ალბათ დიდებსაც გააბედნიერებდა, მათ რომ მისთვის დრო ჰქონდეთ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: