კვირის ამბები

რა არის ტყვიაზე ძლიერი?

18.03.2015 • 1887
რა არის ტყვიაზე ძლიერი?

 

შიში ადამიანურია, მაგრამ მოქალაქეს როცა ეუფლება დაუცველობის გრძნობა პოლიციაში რეკავს, ვიცე-სპიკერმა კი იარაღი იყიდა.

 

მას შემდეგ, რაც აჭარიდან ასლან აბაშიძე წავიდა, ბევრჯერ გამახსენდა ის, უფრო სწორედ გამახსენეს (მიუხედავად იმისა, რომ  სტატისტიკის მოყვარული ვარ, თან ისეთი მეწვრილმანეც, რომ ხანდახან ისეთ რამეებსაც ვითვლი, რაც არაფერში მჭირდება, მაგალითად, რამდენი კიბე აქვს უმაღლეს საბჭოს) ზუსტად იმის თქმა, თუ  რამდენჯერ გამახსენდა ასლანი 11 წლის მანძილზე, გამიჭირდება. თუმცა ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლოს როდის  გამხსენდა ის – ვნახე  კადრები, როგორ ყიდულობდა დუმბაძე იარაღს მაღაზიაში. დუმბაძის, იარაღის, პოლიტიკის და ასლანის გახსენების თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდები.

ნათია ზოიძე
ნათია ზოიძე

 

რამდენიმე ჩემი მეგობარი, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ბოლო თვეებია,  ერთი და იმავე პათოსის  გზავნილებს მიგზავნის: ერთ-ერთი  ასეთია  „მოგვჭრეს თავი, ნუ…“

 

ჩემი მეგობარი ბათუმელია, სტუდენტობის შემდეგ, უკვე 20 წელია, თბილისში ცხოვრობს. თავი მოჭრილად უმაღლესი საბჭოში მიმდინარე პოლიტიკოსთა  ვნებების გამო იგრძნო. მიუხედავდ იმისა, რომ თავად არც ავთანდილ ბერიძე აურჩევია, არც პეტრე ზამბახიძე და  წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის ჯემალ ფუტკარაძე.

 

რა თქმა უნდა, მე არ ვფიქრობ ჩემი მეგობარის მსგავსად, თან ამ ისტორიაში ყველაზე ნაკლებად მაწუხებს აჭარა თბილისიდან როგორ ჩანს – იმედგაცრულებულ ამომრჩეველს უფრო თანავუგძნობ. ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია ჩემს საქმიანობასთან წინააღმდეგობაში  არ მოდის. მთავრობა, უმაღლესი საბჭო და სხვა დანარჩენიც ზუსტად ისეთი უნდა წარმოჩნდეს, როგორიც არის – არც უკეთესი და არც უარესი.

 

ნაციონალური არხები აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე  მოვლენებს  ხშირად ასე ასათაურებენ – „პოლიტიკური კრიზისი“. უმაღლესი საბჭოს დეპუტეტებს ძალიან აღიზიანებთ და  ამავდრულად მოსწონთ  სიუჟეტების პათოსი, ჩაქვში ერთ დარბაზში  მიმდინარე  პროცესებს ხან „ცისფერი მთებიდან“ ყანჩელის მუსიკა ერთვის და ხანაც „განდაგანა“. ეს პროცესებს უფრო აღქმადს ან შეიძლება სასაცილოს ხდის, პოლიტიკოსების აზრით, პრობლემას ყანჩელი მუსიკა უფრო აზოგადებს. „განდაგანა“ – უფრო ლოკალურს ხდის. ეს სიუჟეტები კი ძირითადად იმიტომ მოსწონთ, რომ ბოლობოლო აღარავინ  კითხულობს არც ბათუმში, არც სხვაგან – ესენი ვინ არიან? როგორც ჩანს, მათთვის  მთავარი მიზანი ცნობადობაა და არ აქვს მნიშვნელობა გზას, რომელიც აირჩეს, მით უმეტეს, როცა უკვე არჩეული ხარ.

 

აქ ბევრი ამბობს, რომ ეს `დემოკრატიული პროცესია, აბა, ამდენს გაბედავდნენ „ნაციონალების“ დროს?“

 

„ნაციონალების“ დროს, რა, როგორ იყო, ეს აქტულური კიდევ რამდენი წელი უნდა იყოს? რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, არ ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პროცესია. შესაძლო მოსყიდვის, გადაბირების, ხელების გადაგრეხვის პროცესი ჩემთვის დემოკრატიის ჩარჩოში ვერ ჯდება. მოსყიდვა მოსყიდვაა, დაშინება დაშინებააა და შენ მთავრობა ხარ თუ ვინც ხარ, ვერ გამოჩნდები უფრო დემოკრატიული, თუ მხოლოდ იმის  პრეტენზია  გაქვს, რომ  წინამორბედისგან განსხვავებით ძალადობის  დოზას  ამცირებ.

 

ძალადობაზე, კორუფციაზე, ღალატზე „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა გუნდმა  საუბარი  ხელისუფლებაში მოსვლიდან  2 წლის შემდეგ 2014 წლის   სეტემბერში დაიწყო, მაშინ, როცა სამთავრობო უწყებებიდან მურმან დუმბაძის კადრები გაუშვეს. როცა პოლიტიკური ნიშნით დანიშნავ და შემდეგ ათავისუფლებ, ნუ მოგვასაღებთ ამ ფაქტს „დემოკრატიის უდიდეს მონაპოვრად“. სამსახურიდან დათხოვნილ შენს თანაგუნდელებს რომ დაინახავ და მიხვდები, რომ  შენი ძალაუფლება საფრთხეშია – მაშინ გამოაშკარავებ მთავრობის მიერ კორუფციული გარიგების სავარაუდო ფაქტებს, ნურც ამას მოგვასაღებთ  როგორც დემოკრატიას. მიუხედავდ ამისა, ამ ფაქტებზე  გამოძიება რომ მოკვლევას არ დაიწყებს, ნუ გვეტყვით, რომ დემოკრატიის გაღრმავებაზე ეს ხელისუფლება დღე და ღამე ზრუნავს.

 

რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, წესით, ამ პროცესმა ხალხის თანგრძნობა არ უნდა მიიღოს, რადგან ეს ნერვების ომია და არა ომი ნამდვილ ღირებულებათა გამო: დისტაციიდან ჩანს, რომ პატივცემული დეპუტატები არ დაობენ თანსწორობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, კანონშემოქმედების გამო. დავის შედეგი  უკვე სახეზეა: ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში 2 წლისა და 5 თვის შემდეგ არის რამდენიმე ვაკანტური „სკამი“. სკამის დაუფლებისთვის საჭირო  მანდატები არც ერთ პოლიტიკურ  ძალს არ აქვს. ახი არ არის ამთზე, მათთვის ასე სანატრელი ჩაქუჩი  იმას დარჩეს,  ვინც  ამ ხნის განმავლობაში  რადიატორთან  იჯდა?!

 

რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილისთვის პოლიტიკური სტატუსი   შურისძიების იარაღია. 

 

ამასობაში, შურისძიების წყურვილმა ბათუმის ქუჩებში გადმოინაცვლა. უმაღლესი საბჭოს პროცესების კვალდაკვალ, ქუჩაში ბიჭები გამოჩნდნენ, უფრო სწორად მერიის თანამშრომლები  კვერცხით ხელში.

 

(ზუსტად მახსოვს ასლანი პირველად როდის გამხსენდა, ეს იყო აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის გაქცევიდან ერთი თვის შემდეგ. ასლანის ქალიშვილი დიანა ბათუმში ჩამოვიდა დედის საფლავის მოსანახულებლად. ინტერვიუს მოლოდინში სახლს წრე რამდენჯერმე შემოვუარე, დავინახე 10-მდე ადამიანი უმაღლესი საბჭოს მაშინდელ ერთ-ერთ გავლენიან  წევრს ესაუბრებოდა, დეპუტატს მივესალმე და გზა გავაგრძელე, ნახევარ საათში დიანა აბაშიძის სახლთან ვითარება დაიძაბა, მოვარდნენ ქალები და კივილი დაიწყეს. მე მაშინ ის ხალხი ამოვიცანი, ვინც ბატონი დეპუტატის კონსულტაციებს ისმენდა. ყველაფერი ცხადი იყო – ასლანის ქალიშვილს ახალი ხელისუფლება ასლანის მეთოდითვე დაუპირისპირდა, პრობლემა კი იმაში იყო, რომ  ეს დიდად  არავინ გააპროტესტა ან ხმის ამოღების შეეშინდათ).

 

რამდენიმე დღის წინ „ბათუმელების“ ოფისში მივდიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსთან აქცია შევნიშნე, – გაწევ-გამოწევა იყო. აქციის მონწილეებს დავაკვირდი და მივხვდი, პროცესი მართული იყო, რადგან ნამდვილ პროტესტს ძალით ვერ დადგამ. რა შეიცვალა? მხოლოდ ის, რომ ახლა ბათუმში „ნაციონალებს“ და მურმან დუმბაძის  გარემოცვის წევრებს  დასდევენ. 

 

ერთი და იმავე სურათს ვხედავ უკვე 24 წელია, მაინც ახერხებენ ჩემს გაკვირვებას. პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებში ამბობენ, რომ ამ ხალხს ქალაქის მერი ერმაკოვი მართავს, პირად საუბრებში კი სულ სხვა გვარი მესმის, როგორც ჩანს, იმ ბიჭის სახელისა და გვარის ხსენება  ეშინიათ (მე კი პირადი საუბრების გასაჯაროება არ მინდა). მაგრამ ამ თანამდებობის პირის მიერ ჯგუფის მართვაზე იმდენად ბევრი ადამიანი საუბრობს, დარწმუნებული ვარ, სულ მალე ყველასათვის ცნობილი გახდება მისი სახელი.

 

მგონია, რომ  შიშს  პატივისცემა ბევრად ჯობია.

 

ხედავთ  შიშს  პოლიტიკოსი სადამდე მიჰყავს?

 

1000 ლარი იარაღისთვის და 10 ვაზნა. მურმან დუმბაძემ იარაღი კამერების თვალწინ იყიდა. ნეტავ, რას მოიქმედებენ მოწინააღმდეგები, რით აჯობებენ მას? იმ შურისმაძიებელთა ჯგუფს გაზრდიან, ვინც ქუჩაში სკანდირებს „ჯემალ – მოღალატე“, „მურმან – მოღალატე“ თუ  ისინიც იარაღს იყიდიან? ნეტავ,  ორს თუ  ორზე მეტს?

 

თქვენი ნებაა, მაგრამ როგორც აბრამ ლინკოლნი იტყოდა: „ამომრჩევლის ხმა ტყვიაზე ძლიერია“. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: