კვირის ამბები

ვინ უვლის გზებს აჭარაში

28.02.2015 • 2263
ვინ უვლის გზებს აჭარაში

 

 

 

„1 კვ/მ მიწის ნაკვეთში 1,52 თეთრი შემომთავაზეს… მე, ჩემი მიწა მეტი მიღირს. გამგეობიდან მომივიდა წერილი, გაზაფხულზე გადაწყდება ყველაფერიო და ვნახოთ“ – გვითხრა სატელეფონო საუბარში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომლის მიწის ნაკვეთზეც ახალი გზა უნდა გავიდეს.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭერში ოთხი მოსახლის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეხება – საკომპენსაციო თანხის ოდენობაზე შეთანხმება მათთან მიღწეული არ არის.

 

საუბარია, ზამლეთი-ხიხაძირის გზის მონაკვეთზე, რომლის სარეაბილიტაციო პროექტიც შარშან მსოფლიო ბანკმა დააფინანს, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (ეს გზა მის ბალანსზე არ არის) სამუშაოებიც დაიწყო. გზა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან სოფელ სხალთამდე გაკეთდა, დანარჩენ ნაწილზე სამუშაოები გაზაფხულზე განახლდება.

 

სარემონტო სამუშაოები წელს აპრილიდან დაიწყება ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. იგეგმება 61 კმ. გზის მოასფალტება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 15 374 280 ლარი, 12 კმ-ზე ბეტონის დასაგებად კი 1 მილიონი ლარი დაიხარჯება; მოეწყობა 120 ერთეული ხელოვნური ნაგებობა, რომლის ღირებულებაც 2 488 100 ლარი იქნება. წელს 16 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაც იგეგმება.

 

ახალი ხიდები აშენდება გზის შემდეგ მონაკვეთებზე: ფიჭვნარი-ჩოლოქი-ცეცხლაური; სოფელი ქობულეთი-სკურდას ხეობა; ჩაისუბანი-მე-7 რაიონი; ზედა თხილნარი-დუმბაძეები-ხინკილაძეები; შარაბიძეები-ჯაფარიძეები-ჯიმშერაძეები; ჩელტის სკოლა-ჩამბები; გუნდაური-გარეკუნი; ხულო-უჩხო-კურცხალი (ნავანების გადასასვლელი). წელსვე საცალფეხო ხიდი აშენდება ჩხუტუნეთის გზაზე (ჭანივრის მიმართულება).

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს შემდეგ მონაკვეთებზე: ზომლეთი-ხიხაძირი; რაქვთა-ჭადაური; ხიჭაური-ნაღვარევი; შუახევი-ჩირუხი; ცხემნა-ორცვა; მახო-დავითაძეები-აგარა; კირნათის გზა-მირვეთი.

აჭარის ტერიტორიაზე ასფალტ/ბეტონის საფარი მოეწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე: ქაქუთი-ნაცხავატები; ქობულეთი-ჭახათი-ცხემლვანა; სოფელი ქობულეთი-ჭანკურიძეები; ცეცხლაური-ლეღვა-ცხრაფონა(ცხომელიძეების მიმართულება); ხუცუბანი-ნაკაიძეები; რკინიგზის გადასასვლელი-ბობოყვათი-დაგვა-ქვედა აჭყვა; სახელმწიფო გზა-მუხაესტატეს საჯარო სკოლა; კვირიკე-ზედა კვირიკე (ცენტერაძეების მიმართულება); სახელმწიფო გზა-გორგაძეები (გორგილაძეების მიმართულება); ყოროლისთავი-ზედა წინსვლა; ორთაბათუმი-მასაური; მახო-დავითაძეები; კირნათის გზა-ჩხუტუნეთის გზა; მახოს გზა-სიმონეთი; ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეები; მახუნცეთი-უჩხითი; ცხმორისი-გეგელიძეები; შუახევი-უჩამბა; დიდაჭარა-ღორჯომი.

 

მთლიანობაში ასფალტ/ბეტონის საფარი აჭარაში წელს მოეწყობა 46,3 კმ სიგრძის გზაზე.
რაც შეეხება ადგილობრივი გზების რეკონსტრუქციას, შესაბამისი სამუშაოების ჩატარება წელს დაგეგმილია: ცეცხლაური-წყავროკას 1,9 კმ-იან მონაკვეთზე, შუახევი-თერნალის 4 კმ-იან და ხულო-უჩხო-კურცხალის 5 კმ-იან მონაკვეთზე.

 

უკვე დამტკიცებულია მრავალწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2016-2017-2018 წლებში დაფინანსდება ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის სამუშაოები – 34 მილიონზე მეტი ლარით (მთლიანობაში 150 კილომეტრი გზის რეაბილიტაციისთვის) და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 6 მილიონი ლარით (მოეწყობა 249 ნაგებობა). ასევე დაფინანსდება საგზაო ტექნიკის შეძენა – 1,5 მილიონი ლარით.

 

აჭარაში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-შენახვასა და რეაბილიტაციას ახორციელებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის გზებისას – აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.
ცალკეა ქალაქების – ქობულეთისა და ბათუმის საზღვრებში მოქცეული გზები, რომლებზეც შესაბამისი მუნიციპალიტეტები ზრუნავენ.

 

აჭარაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სიგრძე 3417კმ-ია. აქედან რეაბილიტირებულია (მოასფალტებულია) – 316 კმ. რაც შეეხება დანარჩენ გზებს, მათ მოხრეშვა მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის გზების დეპარტამენტის სამსახურები, მათივე ინფორმაციით, მუდმივად ახორციელებენ.
აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტში 52 საჯარო მოხელე და 397 შტატგარეშე მოსამსახურეა, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში არის წარმომადგენლობა. დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ტექნიკის ნაწილი ამორტიზებულია და მას დეპარტამენტი ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. სამუშაოებზე, სადაც არ არის დეპარტამენტის ტექნიკა საკმარისი, ტექნიკას ქირაობენ.

 

წელს აჭარის საგზაო დეპარტამენტი 520 ათას ლარად ოთხ მუხლუხა ტრაქტორს, ხოლო 345 ათას ლარად სამ თვითმცლელს შეიძენს.
აჭარაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზებია: ჩოლოქის ხიდიდან სარფამდე 55-კილომეტრიანი გზის 47 კმ, რომელიც ირიცხება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე და რომელსაც ზედამხედველობას უწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექცია (ამ 55-კილომეტრიანი გზიდან 8,5 კმ. ირიცხება ბათუმის მერიის ბალანსზე). ასევე დეპარტამენტის ბალანსზეა ქობულეთის შემოვლითი გზის (33 კმ მშენებარედან) დამთავრებული და ექსპლუატაციაში გაშვებული 12,4 კმ-იანი მონაკვეთი (დარჩენილი ნაწილი შენდება სოფელ გვარადან ჩაქვის გვირაბამდე მონაკვეთში და დასრულდება 2016 წელს).

 

ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა აჭარაში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების შემდეგი მონაკვეთები: ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბზე შემოვლითი გზა _ სიგრძე 6 კმ; ბათუმი(ანგისა) – ახალციხის 159-კილომეტრიანი გზის 117-კილომეტრიანი მონაკვეთი (ანგისიდან ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვრამდე); გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის მონაკვეთი _ სიგრძე 10 კმ; საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის 73,4-კილომეტრიანი გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი (ქაქუთის ხიდიდან ქობულეთამდე).

 

ამ გზებიდან ხრეშოვან-საფარიანია ანგისა-ახალციხის გზის ხულო-ადიგენის საზღვრამდე მონაკვეთი (37 კმ) და გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის 10 კმ-იანი მონაკვეთი. დანარჩენი შავსაფარიანია (ასფალტბეტონი).

 

აჭარის გზებიდან ამჟამად ყველაზე რთული მონაკვეთი (ტექნიკურ-საექსპლუატაციო თვალსაზრისით) სწორედ ხულოდან ადიგენის ადმინისტრაციულ საზღვრამდეა, რომელზეც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით გერმანულ-ქართული საპროექტო ორგანიზაციის მიერ შედგენილია რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაო-ტექნიური დოკუმენტაცია (პროექტი).

 

აჭარის საავტომობილო გზების დირექციაში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ დეპარტამენტს დაქვემდებარებული გზების და ხელოვნური ნაგებობების ტექნიკურ-საექსპლუატაციო მდგომარეობას სწავლობენ ვიზუალურად და სათანადო ინფორმაციას აწვდიან საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

 

დეპარტამენტში „ბათუმელებს~ განუცხადეს, რომ ხულო-ადიგენის გზის სარეაბილიტაციო პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ სამშენებლო-სანებართვო პროცედურებს გადის, პროექტი მრავალმილიონიანია. პარალელურად, დაფინანსების მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკთან. სხვა დეტალებს დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით, მომდევნო 2 წელი გოდერძის უღელტეხილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ იწყება.

 

წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის (ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ჩათვლით) საქართველოს ბიუჯეტიდან სულ გამოყოფილია 645 მილიონ 200 ათასი ლარი. აქედან 295 500 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 14 500 000 ლარი არის გრანტი, ხოლო 335 200 000 ლარი კრედიტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: