კვირის ამბები

როგორ შევივსოთ იოდის დეფიციტი

13.02.2015 • 18270
როგორ შევივსოთ იოდის დეფიციტი

თამარ დუმბაძის თქმით, იმის გამო, რომ საკვები პროდუქტები, წყალი და ჰაერი ადამიანისთვის იოდის საკმარის რაოდენობას არ შეიცავს, მათ იოდის დამატებითი წყარო ესაჭიროებათ:

”იოდდეფიციტის პროფილაქტიკისთვის ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი იოდის შემცველი პროდუქტი მიიღონ, ასეთ ქვეყნებში შეაქვთ იოდიზებული მარილიც, მაგრამ ადამიანისთვის ხშირად ეს ყველაფერი არ არის საკმარისი და ასეთ დროს აუცილებელი ხდება იოდის შემცველი პრეპარატების დახმარება”. სპეციალისტის თქმით, პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია იოდის შემცველი შემდეგი პროდუქტების მიღება: ყველი, კარაქი, ხაჭო, ყავა, ფეიჰოა, ლიმონი, თაფლი, გოგრა და სხვა. ასევე ზღვის პროდუქტები – ზღვის კომბოსტო, თევზის ქონი, ხიზილალა და ა.შ. მისივე თქმით, იოდის ყველაზე დიდი რაოდენობა ღორისა და საქონლის ხორცშია. `ერთ კილოგრამ ხორცში დაახლოებით 100 მიკრო გრამი (მკ/გრ) იოდია”, – ამბობს ექიმი.

ენდოკრინოლოგის თქმით, საქართველოს იოდდეფიციტურ რეგიონებში (სვანეთი, ხევსურეთი, მთიანი აჭარა და იმერეთი) მოსახლეობა საშუალოდ დღე-ღამეში 40-60 მკ/გრ იოდს მოიხმარს, მაშინ როცა ზრდასრული ადამიანისთვის იოდის მოხმარების დღიური ნორმა 150 მკ/გრ-ია. 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 100 მკ/გრ, უფროსი კლასელებისთვის – 200 მკ/გრ, ორსული და მეძუძური დედებისთვის კი- 200-250 მკ/გრ იოდი დღე-ღამეში.

”ჯანმო” იოდდეფიციტურ ქვეყნებში იოდის დეფიციტთან ბრძოლის ყველაზე მარტივ და იაფ ტექნიკურ იარაღად მარილის მასიურ იოდიზირებას მიიჩნევს. თუმცა, ამ რეკომენდაციის პარალელურად ჯანმოს უახლესი რეკომენდაციები მიმართულია მოსახლეობაში მარილის მოხმარების შემცირებაზე, ამიტომაც ჯანმო სახელმწიფოებს ურჩევს, რომ იოდიზებულ მარილში გაზარდონ იოდის შემცველობა, რადგან ხშირად იოდიზებულ მარილში იოდის შემცველობა იმდნეად ცოტაა, რომ მომხმარებელი მის მინიმალურ დოზასაც კი ვერ იღებს.

”წარმოების ადგილიდან სახლებამდე მარილიდან იკარგება იოდის შემცველობის 20%, შემდეგი 20% უმეტესწილად საჭმლის მომზადებისას იკარგება, უშუალოდ მარილის მიღების ნორმა დღე-ღამეში საშუალოდ 10 მკ/გრამია (რაც კიდევ 5მკ/გრ-მდე უნდა შემცირდეს). ამ ფაქტების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ადამიანებისთვის იოდის საშუალო დღიური ნორმის მიწოდება (150 მკ/გრ), აუცილებელია გაიზარდოს იოდის კონცენტრაცია მარილში”, – ნათქვამია ანგარიშში.

თამარ დუმბაძის თქმით, იმისთვის, რომ იოდიზებული მარილიდან იოდი არ აორთქლდეს და ის უბრალო მარილად არ გადაიქცეს, საჭიროა იგი მშრალ ადგილზე, კარგად თავდახურულ, შუშის ჭურჭელში შეინახოთ: ”ტენიან გარემოში იგი კარგავს თავის თვისებებს. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თუ იოდიზებულ მარილს საჭმელში მზადებისას ჩაყრით, დუღილისას მარილიდან იოდი მთლიანად აორთქლდება, ამიტომ საჭმელზე მარილი მოაყარეთ მხოლოდ მაშინ, როცა ის უკვე სუფრაზე გასატანად გაქვთ მზად”, – ამბობს სპეციალისტი.

იმის მიუხედავად, რომ მარილი იოდის მიღების დამატებითი წყაროა, სპეციალისტების თქმით, მხოლოდ იოდიზებული მარილის მოხმარებით პრობლემა არ გვარდება. ასევე, ჯანმოს რეკომენდაციით, ეს არ უნდა გახდეს მოსახლეობის მხრიდან მარილის მოხმარების გაზრდის მიზეზი. `ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი მარილის ჭარბი რაოდენობით მიღება იმის გამო, რომ იოდის დამატებითი დოზა მიიღოთ, მით უმეტეს, რომ მასში არ არის ზუსტად განსაზღვრული იოდის შემცველობა და შეუძლებელია ზუსტად იმის ცოდნა, იღებთ თუ არა დღიურ ნორმას”, – ამბობს თამარ დუმბაძე. – მისივე თქმით, იოდის დეფიციტისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისი დანიშნულებით იოდის შემცველი პრეპარატების მიღება: – ”სწორედ ეს პრეპარატები შეიცავენ იოდის ზუსტად განსაზღვრულ რაოდენობას, რაც საშუალებას იძლევა მისი მდგომარეობის შესაბამისი დოზებით მიეწოდოს ადამიანს ეს მიკროელემენტი”.

იოდის დეფიციტის ამოცნობა, რამდენიმე ზოგადი სიმპტომით არის შესაძლებელი: მადის დაქვეითება, ადვილად დაღლა, უგუნებობა, მეხსიერების გაუარესება, კანის სიფერმკრთალე, სიმშრალე, თმის ცვენა, იმუნიტეტის დაქვეითება, ხელის გულების ოფლიანობა და სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: