კვირის ამბები

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატები

06.02.2015 • 2825
ბსუ-ს რექტორობის კანდიდატები

მარინა გიორგაძე

ერთ-ერთი, ვინც რეგისტრაციის დაწყებამდე რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი “ბათუმელებთან” დაადასტურა, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მარინა გიორგაძეა. მას უნივერსიტეტში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. “უნივერსიტეტში 1990 წლიდან ვმუშაობ, ფაქტობრივად იმ დროიდან, როცა პედაგოგიური ინსტიტუტის ბაზაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა და საგანმანათლებლო პროგრამებში კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტინოლოგიის მიმართულების დისციპლინების ჩართვა გახდა საჭირო”, – ამბობს მარინა გიორგაძე. მისი აზრით, ალეკო ბაკურიძის რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტის ყველაზე დიდი მიღწევა სასწავლო პროგრამების აკრედიტაცია იყო, რომელიც უნივერსიტეტმა 2011-2012 წლებში გაიარა: “სწორედ ამ დროს უნივერსიტეტში ყველა საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) საგანმანათლებლო პროგრამამ გაიარა აკრედიტაცია, რაც სხვა წარმატებებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისთვის”.

ახალი რექტორის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად მარინა გიორგაძე აკრედიტაციის ხელახალ ეტაპს მიიჩნევს, რომელიც უნივერსიტეტს 2016-2017 წლებში ელოდება. “ამ დროისთვის ჩვენ მომზადებული უნდა ვიყოთ. ამ ეტაპზე აკრედიტაციის მოთხოვნები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე წინა აკრედიტაციის დროს იყო”, – ამბობს ის.

გარდა ამისა, მარინა გიორგაძის თქმით, უნივერსიტეტში არსებობს ისეთი პრობლემები, რომლებიც წინა წლებში ვერ მოგვარდა და რაც უნივერსიტეტის ყველა სტრუქტურის გამართულად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია: “გარდა იმ ძირითადი სტრატეგიული ამოცანებისა, რაც სწავლებისა და კვლევების ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომავალი აკრედიტაციის წარმატებით გავლას ეხება, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მართვის ელექტრონული სისტემის დანერგვა და ელექტრონული ბაზების მოწესრიგება. ეს აქამდეც იყო გეგმაში, მაგრამ დღემდე არ გაკეთებულა. როცა სტუდენტს აქვს გაადვილებული წვდომა მისთვის საჭირო ყველა სახის ინფორმაციასთან (ელექტრონულ ბაზებთან, შეუძლია თავისი მიმდინარე ნიშნების, შუალედური შეფასებების და გამოცდის შედეგების კონტროლი ისე, რომ არ დაელოდოს თუ როდის გამოუკრავენ კედელზე ამ შედეგებს და ა.შ)“.

მარინა გიორგაძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის განვითარებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია, როგორც პროფესორების, ასევე სტუდენტების ძალისხმევის გაერთიანება და თანამშრომლობა, ასევე უნივერსიტეტში სტაბილური და კეთილგანწყობილი აკადემიური გარემოს შექმნა.

იმ შემთხვევაში, თუ მარინა გიორგაძე გაიმარჯვებს არჩევნებში, ბათუმის ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უნივერსიტეტს ქალი რექტორი ეყოლება.

რამაზ ხალვაში

კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც უნივერსიტეტის ნომერ პირველ ამოცანად პროგრამულ აკრედიტაციას მიიჩნევს, ბსუ-ს პროფესორი რამაზ ხალვაშია, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 2008 წელსაც მონაწილეობდა და უნივერსიტეტში ჩატარებულ გამოკითხვაში ლიდერობდა კიდეც. ის ამავე არჩევნების პირველი ტურის გამარჯვებულიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურის შედეგებით ბსუ-ს რექტორად ალეკო ბაკურიძე აირჩიეს. რამაზ ხალვაში უკვე მეოცე წელია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს და ამ წლების მანძილზე გარდა აკადემიური საქმიანობისა, ექვსი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს, ოთხი წლის განმავლობაში იყო ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ამჟამად ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ლიტერატურის თეორიის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის სადოქტორო პროგრამებს.

რამაზ ხალვაშის თქმით, ალიოშა ბაკურიძის რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტმა საკმაო წარმატებებს მიაღწია, თუმცა მიიჩნევს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი რამ რჩება: „მინდა სწორედ იმ სუსტი მხარეების გამოსწორებაზე ვიმუშაო, რაც უნივერსიტეტს ამ ეტაპზე აქვს. აკრედიტაცისთვის წარსადგენ ახალ პროგრამებში ბევრი სიახლე უნდა შევიდეს შინაარსობრივი თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენი პროგრამების ერთ-ერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ ყველა მათგანში უცხო ენად აღიარებულია მხოლოდ ინგლისური ენა, ანუ უნივერსიტეტმა უარი თქვა ფრანგულ, გერმანულ, და სხვა ევროპულ ენებზე, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. გარდა ამისა, უნივერსიტეტს არ გააჩნია ელექტრონული პლატფორმა, რაც ზოგადად ქართულ საუნივერსიტეტო სივრცის პრობლემაცაა და ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით ევროპის უნივერსიტეტებს. ახალგაზრდები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და ვფიქრობ, აუცილებელია ამ რესურსის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა. ამ პლატფორმაზე ატვირთული იქნება სახელმძღვანელო ლიტერატურა, ელექტრონული ლექციები, დავალებები, იფუნქციონერებს ფორუმი და ასე შემდეგ. ჩვენ მომზადებული გვაქვს პროექტი, რომელიც შესაძლებელ გახდის ამ პრობლემის უახლოეს დროში მოგვარებას. უნდა წავახალისოთ წარჩინებული სტუდენტები და ისინი სრულად გავათავისსუფლოთ სწავლების გადასახადისაგან. უნდა შეიქმნას ახალი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან შრომის ბაზარზე. უნდა განვითარდეს ურთიერთობები კერძო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან. მაგალითად, ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვალიფიციურმა მარკეტინგულმა კვლევებმა და მოკლევადიანმა სასერთიფიკატო კურსებმა დამატებითი შემოსავლები უნდა მოუტანოს უნივერსიტეტს” – ამბობს ის.

რამაზ ხალვაშის აზრით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია ისიც, რომ დღემდე ვერ მოხერხდა აკადემიურ პროცესში იმ კვლევითი ინსტიტუტების ჩართვა, რომლებიც გასულ წლებში შემოუერთდა ბსუ-ს: „ეს დიდი გამოცდილების მქონე დაწესებულებები დღემდე უცხო სხეულივით არიან უნივერსიტეტში. აუცილებელია, მოხდეს მათი ბოლომდე ინტეგრაცია და ისინი ჩაერთონ ბსუ-ს აკადემიურ საქმიანობაში. მაგალითად, ჩვენ შემოგვიერთდა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც გააჩნია უმდიდრესი ბიბლიოთეკა და იმ პირობებში, როცა უნივერსიტეტი მწვავედ განიცდის წიგნადი ფონდის პრობლემას, ეს ბიბლიოთეკა სხვენში, ტომრებში ინახება, რაც ჩემი აზრით დანაშაულია. აუცილებლად უნდა აღდგეს უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებულების გამოცემა, რაც რამდენიმე წელია შეწყდა” – ამბობს რამაზ ხალვაში. 

ირაკლი ბარამიძე

„ბათუმელებთან” საუბარში ბსუ-ს რექტორობის სურვილი დაადასტურა პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ, რომელიც უკვე ოთხი წელია რექტორის მოადგილეა სასწავლო დარგში. 2000 წლიდან გარდა აკადემიური საქმიანობისა, ბიზნესისა და სამართალმცოდნებოის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეც იყო, 2008-2010 წლებში კი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. იგი ამბობს, რომ ალეკო ბაკურიძის რექტორობის პერიოდი ძალიან წარმატებული იყო უნივერსიტეტისთვის, თუნდაც იმ მხრივ, რომ უნივერსიტეტში გარემო დასტაბილურდა: „მის მოსვლამდე უნივერსიტეტში ყოველ წელს იცვლებოდა რექტორი და ეს არასტაბილური სიტუაცია ცუდად აისახებოდა უნივერსიტეტზე. მისი მოსვლის შემდეგ ყურადღება მიექცა როგორც ორგანიზაციულ საკითხებს, ისე სასწავლო პროცესის შინაარსობრივ, ხარისხობრივ მხარეს. გამრავალფეროვნდა საგანმანათლებლო პროგრამები და უნივერსიტეტის კონტინგენტი დაახლოებით 1000 სტუდენტით გაიზარდა”.

მისივე თქმით, ყურადღებას მოითხოვს სასწავლო პროცესის სრულყოფა, კერძოდ განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით: „ორგანიზაციული თვალსაზრისით უნივერსიტეტს შესაძლოა პრობლემა არ ჰქონდეს, მაგრამ ყურადღება იქნება მისაქცევი განათლების ხარისხის ამაღლებაზე, რაც მუდმივი პროცესია. ამ მიმართულებით შევეცდებით უნივერსიტეტში მოვიზიდოთ ახალი კადრები და ხელი შევუწყოთ არსებული კადრების პროფესიულ ზრდას. აუცილებელია საგანმანათლებლო მატერიალური რესურსების გამრავალფეროვნება, იქნება ეს ტექნიკური რესურსი თუ წიგნადი ფონდი ბიბლიოთეკაში”.

ირაკლი ბარამიძის თქმით, წელს უნივერსიტეტის რამდენიმე კორპუსი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რეაბილიტირებული შეხვდება, რისთვისაც ფინანსები უკვე გამოყო საქართველოს განათლების სამინისტრომ.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა მხოლოდ რამაზ ხალვაშს აქვს, თუმცა მისივე თქმით, განაცხადის შეტანამდე გეგმა ისევ დახვეწის პროცესშია.

ირაკლი ბარამიძე კი ამბობს, რომ რექტორის გადაწყვეტილება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ მოულოდნელი იყო მისთვის, ამიტომ საკუთარ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია: ”მე, როგორც რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ჩახედული ვარ მიმდინარე პროცესებში და, რა თქმა უნდა, მაქვს საკუთარი შეხედულებები ყველა საკითხზე, უბრალოდ, ჯერჯერობით, არ მაქვს წერილობითი სახით”.

მარინა გიორგაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმა წერილობითი სახით ჯერ არც მას აქვს და იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატად დარეგისტრირდეს, მის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა არ იქნება ერთპიროვნული ნააზრევი.

რამაზ ხალვაშის თქმით, მიუხედავად გასულ წლებში მთავრობის მიერ ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ღიად ჩარევისა, წელს ეს ნაკლებად მოსალოდნელია: „2008 წელს აჭარის მთავრობა ჩაერია ბსუ-ს რექტორი არჩევნებში, ლევან ვარშალომიძემ დაიბარა აკადემიური საბჭო და პირდაპირ თქვა, რომ მხარს უჭერდნენ ალეკო ბაკურიძეს. ხელისუფელბას თავისი კანდიდატი ყოველთვის დიქტატით გაჰყავდა. ახლანდელი ხელისუფლების პირობებში, ვფიქრობ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია”.

მთავრობის მიერ ბსუ-ს რექტორის არჩევნებში ჩარევის ფაქტებს არც მარინე გიორგაძე უარყოფს: „დიდი იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებზე ეს არ მოხდება და მჯერა, რომ აკადემიური საბჭოს წევრები ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც უნივერსიტეტისთვის იქნება სასარგებლო. წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში”.

მთავრობის გავლენას აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებაზე გამორიცხავს ირაკლი ბარამიძე. ”უნივერსიტეტსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არის ნდობის მაღალი ხარისხი და არ მგონია ვინმეს სურვილი გაუჩნდეს სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს პროცესი”, – ამბობს ის.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 16 მარტს შეარჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი – მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, მალხაზ ნაკაშიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: