კვირის ამბები

კრიმინალი ბათუმში

29.01.2015 • 1586
კრიმინალი ბათუმში


გენო გელაძე
გენო გელაძე

გარდა იმისა, რომ ბათუმში ერთი კვირის განმავლობაში ორი ავტომანქანა დაიწვა და 50 წლის ქალს თავს დაესხნენ, საქართველოში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევაც,  – მამა ააფეთქეს შვილის საფლავზე. რაზე მეტყველებს თუნდაც ეს ბოლო შემთხვევები?  

 

კრიმინალი ყოველთვის ხდება განვითარებულ ქვეყანაშიც და განუვითარებელშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ უსაფრთხო იყო ოდესღაც გარემო. ვერ ვხედავ გამოსავალს იმაში, რომ სასჯელი გავამკაცროთ. პრობლემა არის სოციალური ფონი, გაჭირვება, ვალუტის კურსი, უმუშევრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის აგრესიულ გარემოს. ქუჩაში აგრესიული, გაბრაზებული სახით დადიან ადამიანები, ყველას თავისი პირადი პრობლემები აქვს, რომელიც შემდეგ ხან ოჯახურ კონფლიქტებში გადაიზრდება და ზოგჯერ კრიმინალში.  

 

კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესებას ამნისტიის შედეგად პატიმართა მასობრივ გათავისუფლებას აბრალებდა მოსახლეობა, ეს ბოლო ფაქტები ამის გამოძახილია?

 

თუკი ვიტყვით, რომ გარემო უსაფრთხო იმიტომ იყო, რომ ბევრი ადამიანი იჯდა ციხეში, ეს არ არის ასე. არავის გამოუქვეყნებია კვლევა იმაზე, რომ დანაშაულს მხოლოდ ამნისტირებული ადამიანები სჩადიან. არიან ამნისტირებულებიც და სხვა მოქალაქეებიც. მე აქტიური შეხება მაქვს ციხიდან გამოსულ ადამიანებთან და მეტ-ნაკლებად ვიცი ეს სიტუაცია. ვფიქრობ, ამდენი აგრესია მაინც სოციალური პრობლემებით არის გამოწვეული. ბანკების სესხი, ფაქტობრივად, ყველა ადამიანს აქვს საქართველოში და ყოველ დღე ვუყურებთ, როგორ უარესდება ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. ეს ყველაფერი ბუნებრივია გვაბოროტებს და დანაშაულის უმეტესობაც ძირითადად ქურდობას, ყაჩაღობას უკავშირდება. რაც შეეხება ვაზაგაშვილის აფეთქებას, ეს უკვე ორგანიზებული დანაშაულია და ცხადია, არ უკავშირდება სოციალურ ფაქტორებს. უფრო მასებზე ზემოქმედების მანიშნებელია, რომ ქვეყანაში არის განუკითხაობა და არეულობა, რომ ძალოვანი უწყებები ვერ დგანან თავიანთ სიმაღლეზე. 

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი პოლიციის და სხვა სამართალდამცავი უწყებების სუსტი მუშაობის შედეგია?

 

 რა თქმა უნდა. ასეთ ფაქტებს უფრო ეფექტური გამოძიება სჭირდება. დანაშაულს იწვევს გაწელილი, გამოუძიებელი საქმეებიც, ე.წ. სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჩერება. როცა რაღაც საქმეზე გამოძიებას დაიწყებ და განაცხადებ, რომ დროულად იქნება გამოძიებული, უნდა გამოიძიო. დაუცველობის განცდას იწვევს გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობა, თორემ გაუხმაურებელი ფაქტები განწყობებზე არ აისახება. თუმცა, არც იმის მომხრე ვარ, რომ უაზრო მტკიცებულებებით გამოვკეტოთ ადამიანები ციხეში და გახსნილი საქმეები დავარქვათ. ბავშვის მკვლელობის გამოძიება [ბარბარე რაფალიანცის საქმე] იყო დაწყებული და ვერაფერი გამოიძიეს, ეროსი კიწმარიშვილს რა მოუვიდა არავინ იცის და ასეთი არაორგანიზებულობა იწვევს დაუცველობის განცდას.

 

ორი წელი საკმარისი იყო იმისთვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა უფრო ქმედითი გამხდარიყო?

 

როცა გეუბნებიან, რომ  მთავარი პროკურორი გყოლია კანონთან კონფლიქტში მყოფი, გენერალური ინსპექციის უფროსი, მთავარ პროკურატურაში – უდიპლომო… ასეთი პრობლემები არ უნდა გქონდეს იმ უწყებაში, რომელმაც ძლიერი და ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს.

 

თქვენ თუ გაქვთ იმის განცდა, რომ ღამის საათებში ქალაქში გადაადგილება უკვე საშიშია?

 

მე შეიძლება არ მაქვს ამის განცდა, მაგრამ გაცხადებულმა დანაშაულებებმა რომ მოიმატა, ეს ფაქტია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ შეიძლება მხოლოდ ამნისტირებულ ხალხს დავაბრალოთ. თუ სოციალური ფონი არ მოგვარდა, შეუძლებელია კრიმინოგენული პრობლემა მოაგვარო. ან ისე უნდა მოაგვარო, როგორც „მოაგვარა“ სააკაშვილმა, ათი-ოცი ათასი კაცი ჩასვა ციხეში და ამით შეიძლება შეამცირო ვითარება. სოციალური ფონის გამოსწორებაზე არც წინა ხელისუფლებას უზრუნია, მან, უბრალოდ, ადამიანების ციხეში გამოკეტვა ამჯობინა.

 

არის ვარაუდი, რომ ავტომანქანების დაწვა თუ ცალკეული მკვლელობები შეიძლება უკავშირდებოდეს ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის ანგარიშსწორებას, რამდენად ახლოსაა ეს აზრი რეალობასთან? ან რამდენად ნორმალურია, როცა მოქმედი ხელისუფლება ლამის ყველა დანაშაულის წყაროდ ყოფილ ხელისუფლებას მოიხსენიებს?

 

მოქმედმა ხელისუფლებამ ნამდვილად უნდა აგოს პასუხი იმაზე, რასაც ხალხს ჰპირდებოდა. ხალხი იმაზეც გაბოროტდა, რომ სამართლიანობის აღდგენის არათუ რაიმე პროცესი დაიწყეს, ნიშანწყალიც კი არ შეინიშნება. ბევრი ადამიანი შურისძიებით არის განწყობილი და ბევრი ასრულებს ალბათ, ამაშიც რაღაც ლოგიკაა, რადგან, არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უკანონოდ დააკავეს, დააპატიმრეს, შემდეგ აწამეს, უამრავი განცხადება შეიტანეს დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით და რეაგირება არ არის. როცა სამართლიანობას სახელმწიფო ვერ აღადგენს, ყველა ქვეყანაში მოქალაქეები ცდილობენ თავისი ხელით აღადგინონ ეს პროცესი. ცუდია, მაგრამ ფაქტია, ეს ხელისუფლების სისუსტეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: