კვირის ამბები

როგორ გამოვიცნოთ ანემია ბავშვებში

12.12.2014 • 15592
როგორ გამოვიცნოთ ანემია ბავშვებში
  • ქალბატონო თამარ, რა დაავადებაა ანემია, როგორ აისახება იგი ორგანიზმზე?

ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომლის დროსაც მცირდება ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) წარმოქმნა, ან ძლიერდება მათი დაშლა, ან ეს ორივე პროცესი მიმდინარეობს ერთდროულად. ერითროციტების დაქვეითება იწვევს ძირითადი ფუნქციის – ჟანგბადის მიწოდების შემცირებას ქსოვილებში. ბავშვთა ასაკში ცვლითი პროცესების ინტენსივობა უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილებში, ამიტომ ქსოვილების მოთხოვნა ჟანგბადზე მეტია და უმნიშვნელო ანემიასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს.

ანემია შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორით განპირობებული და შეძენილი. ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირად გვხვდება ერითროციტების მომწიფების დარღვევით და ერითროციტების არაეფექტური წარმოქმნით განპირობებული ანემიები, ესენია რკინადეფიციტური, ვიტამინდეფიციტური და ცილადეფიციტური ანემიები, ხოლო ახალშობილობის პერიოდში – ჰემოლიზურიანემია და დღენაკლთა ანემია.

  • როგორ იზომება ერითროციტების რაოდენობა სისხლში და რა არის ჰემოგლობინის ნორმა სხვადასხვა სქესისა და ასაკის შემთხვევაში?

სისხლში წითელი უჯრედების შემცირება გამოიხატება ჰემოგლობინის ერითროციტების რკინაშემცველი პიგმენტის (ის, რაც სისხლს წითელ ფერს ანიჭებს) კონცენტრაციის დადაბლებით. ეს მაჩვენებელი სისხლის საერთო ანალიზის შემადგენელი ნაწილია. ლაბორატორიების უმეტესი ნაწილი – სისხლის საერთო ანალიზს – სპეციალური აპარატის მეშვეობით აკეთებს, ამ დროს, ანალიზისთვის სისხლს ვენიდან იღებენ, სპეციალიზებული ლაბორატორიები ანალიზს დამატებით კაპილარული სისხლიდან (ანუ თითიდან) იღებენ, ასეთ შემთხევაში ერითროციტებს ითვლიან და მათ მორფოლოგიურ ცვლილებებს სწავლობენ, რაც მნიშვნელოვანია ანემიის დიაგნოსტირების დროს. რაც შეეხება ჰემოგლობინის ნორმას, ზოგადად, 120 გ/დლ ფარგლებშია, რაც 72 ერთეულის ტოლია, თუმცა მისი მაჩვენებელი ვარიაბელურია, განსაკუთრებით ახალშობილობის ასაკში.

  • რა შეიძლება იყოს ანემიის გამომწვევი მიზეზები?

ანემია შეიძლება განპირობებული იყოს სისხლის დაკარგვით (ტრავმა, ჭრილობები, პუბერტატულ პერიოდში ხშირია მენსტრუალური ციკლის დაწყების დროს), სისხლწარმოქმნის დარღვევით, ერითროციტების უჯრედების გაძლიერებული დაშლით. ასევე, იგი შეიძლება მეორადად განვითარდეს სხვადასხვა დაავადების დრო, მაგალითად, ბაქტერიული ინფექციის, ლეიშმანიოზის, სეფსისისა თუ ლეიკემიის დროს.

  • როგორ ვლინდება ანემია, რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ანემიის გამოვლინება დამოკიდებულია მის წარმომავლობაზე, სიმძიმეზე, განვითარების სიჩქარეზე და რაც მთავარია, ბავშვის ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობაზე. როგორც წესი, ანემიის საწყის ეტაპზე იშვიათად მიმართავენ ექიმს, ხოლო უკვე ღრმა ანემის დროს ჩნდება სისუტე, ქოშინი, ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება), თავბსუსხვევა და მადის გაუკუღმართება, იგულისხმება ის, რომ მოსწონთ ცარცის, გაჯის, მიწის და ა.შ. გემო.

ზოგადად, ყველა სახის ანემიას სხვადასხვა დამახასიათებელი სიმპტომატიკა აქვს, თუმცა არსებობს საერთო მახასიათებლებიც – ბავშვი ხდება ფერმკრთალი, მოდუნებული, ადვილად ღიზიანდება, მალე იღლება თამაშის დროს, აქვს უძილობა ან პირიქით – მოჭარბებული ძილიანობა.

  • რამდენად საშიში დაავადებაა ანემია, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას?

სისხლში ჟანგბადის შემცირება იწვევს ნახშირორჟანგის მომატებას, ეს კი თავისთავად იწვევს ქოშინის განვითარებას, გული იძულებულია იმუშაოს არანორმალურ რიტმში, რაც ავითარებს ტაქიკარდიას, გულის ტონების მოყრუებას, შუილს და ა.შ.

  • რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება ამ დაავადებასთან მიმართებაში?

დღეს ბავშვთა პოპულაციის უმეტესობა არასწორად იკვებება, შეიძლება ამას ხელი შეუწყო თანამედროვე ცხოვრების წესმა, მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან ჯდომამ, რაც არამარტო ანემიის, არამედ სხვა ბევრი პათოლოგიის განვითარების რისკსაც ზრდის. ხშირად ბავშვები მხოლოდ ერთფეროვან საკვებს იღებენ, მაგალითად სიმინდის ფაფას, მანანის ბურღულს, მაწონს… ის ერთი შეხედვით გამხდარი არ არის, მაგრამ მოდუნებულია. მშობლებს უჭირთ ასეთი ბავშვების ანემიის დროული გამოვლენა, ამიტომ ამ დროს განსაკუთრებული როლი პედიატრებს ენიჭებათ. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ გოგონებს პუბერტატულ პერიოდში (მენსტრუაციის შემდეგ).

ბავშვის კვების რაციონი ასაკის მიხედვით უნდა შეირჩეს, ამიტომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ პედიატრის რჩევები. ბავშვისთვის აუცილებელია რკინაშემცველი და ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები, მაგალითად, ხორცისა და მისი პროდუქტების, ხაჭოს, ყველის, ასევე სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტნეულის მიღება.

  • როგორ მკურნალობენ ანემიას?

მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ანემიის რა სახესთან გვაქვს საქმე, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმისადმი დროულ მიმართვიანობას, რადგან შორსწასულ შემთხვევაში შედეგი და მკურნალობის ხანგრძლივობაც განსახვავებულია. მაგალითად, ანემიის ყველაზე გავრცელებული ფორმის – რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა, ძირითადად მედიკამენტოზურია და იგი სამ თვეს მოიცავს. ამ დროს ჰემოგლობინის აწევის შემთხვევაშიც კი დაუშვებელია დროზე ადრე მოიხსნას მედიკამენტი, რადგან რკინის მარაგის ავსება არ ხდება რკინის დეპოებში (ქსოვილებში). ფოლიუმდეფიციტური ანემიის დროს, მკურნალობაში ფოლიუმის მჟავა ირთვება, მაგრამ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგებაც. ღრმა ანემიის დროს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, შესაძლოა გაკეთდეს ერითროციტალური მასის ტრანსფუზია, ანუ გადასხმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: