კვირის ამბები

ბათუმში წყლის გაწმენდის მეთოდების შესახებ

04.12.2014 • 3302
ბათუმში წყლის გაწმენდის მეთოდების შესახებ

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #306/ნ ბრძანების მიხედვით, ჩამოსასხმელი სასმელი წყლის გაწმენდა-დეზინფექცია უნდა მოხდეს ფილტრაციით (ულტრაფილტრაცია, სორბციული და მემბრანული), ასევე ოზონით, ულტრაიისფერი სხივებით და ვერცხლის იონებით (დაუშვებელია წყლის დეზინფექცია ქლორირებადი მეთოდით. ტოქსიკური ქლოროქსიდანტების წარმოქმნის, მიკრობების შესაძლო რეაქტივაციის, ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გაუარესებისა და წყლის დენატურაციის გამო). აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ცენტრალიზებული სასმელი წყლის სისტემებზე გამოყენებულ იქნას წყლის გაწმენდა-დეზინფექციის ქლორის ალტერნატიული, მათ შორის ფილტრაციული, ასევე ოზონის, ულტრაბგერის, ულტრაიისფერი დასხივების, ვერცხლისა და სპილენძის იონებით დამუშავების თანამედროვე მეთოდები;

მალხაზ ქათამაძე
მალხაზ ქათამაძე

 

 

სიახლე, რომელსაც მე ვთავაზობ საზოგადოებას, გაცილებით ეფექტური და იაფია, ვიდრე ქლორილება.

 

წყლის გაწმენდა-დეზინფექციის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია წყლის ფილტრაცია (მიკროფილტრაცია, ულტრაფილტრაცია, ჰიპერფილტრაცია, ანუ უკუოსმოსი, ნანოფილტრაცია, სორბცია და სხვა). ქლორირებისგან განსხვავებით, ის სხვა მეთოდებთან კომბინაციაში ზრდის წყლიდან პათოლოგიური მიკრობების, ვირუსების და სხვა მავნე ნივთიერებების მოცილების ეფექტს. წყლის ფილტრაცია ხდება დანადგარებში, რომელშიც ჩასმულია პოლიამიდური მემბრანები, მათი ფოროვნება მერყეობს 0,002-0,1 მკმ-მდე. დანადგარებს წყალი მიეწოდება მაღალი (6 ატმ) წნევით და მცირე ფოროვნების გამო საშუალებას იძლევა თითქმის მთლიანად გავათავისუფლოთ ის შეწონილი ნაწილაკების, კოლოიდების, მიკრობებისა და ვირუსებისაგან, რაც ამცირებს შემდგომ გამოსაყენებელ სადეზინფექციო რეაგენტების ხარჯს.

 

სასმელი წყლის მექანიკური გაწმენდის ანუ ფილტრაციებს შორის ყველაზე ოპტიმალური მეთოდია წყლის ულტრაფილტრაცია. მისი დანერგვა თითქმის მთლიანად გამორიცხავს კოაგულანტებისა და ფილტრაციაზე გასაწევ ხარჯებს. ულტრაფილტრაციული დანადგარების დამონტაჟება შეიძლება სათავე ნაგებობაზე სალექარების შემდეგ. ფილტრაციულ მეთოდს ასევე მიეკუთვნება წყლის სორბციული დამუშავება. მათ რიცხვს განეკუთვნება წყლის გაწმენდა აქტივირებული ნახშირით. მისი გამოყენება აუცილებელია, რადგან რეაგენტებით დამუშავების შემდეგ წყალში წარმოიქმნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები.

 

წყლის დამუშავების შემდგომი ეტაპია დეზინფექცია. წყლის დეზინფექციას განეკუთვნება რეაგენტული (ქლორით. ოზონით, ვერცხლის და სპილენძის იონებით და სხვ.) და ურეგენტო (ულტრაიისფერი დასხივება და ულტრაბგერითი დამუშავება და სხვ.) მეთოდები.

 

იმის გარდა, რომ ქლორით და მისი შემცველი სხვა სადეზინფექციო რეაგენტებით წყლის დეზინფექცია ვერ აღწევს სასურველ შედეგს, ისინი ტოქსიური და საკმაოდ ძვირადღირებულია. მათი ხარჯი ყოველი 1 000 მ3 სასმელი წყლის დასამუშავებლად „წყაროს სახეობისა და წყლის ხარისხის“ მიხედვით, საშუალოდ, 50 ლარს აღწევს.

 

საზოგადოებას ვთავაზობ სასმელი წყლის გაუსნებოვნების ქლორირების ალტერნატიულ, თანამედროვე მეთოდს. ის ითვალისწინებს სასმელი წყლის ოზონით, ულტრაბგერით, ულტრაიისფერი სხივებით, ვერცხლისა და სპილენძის იონებით დამუშავებას. მეთოდს გააჩნია პატენტები – P 6044 და U 1187, დანერგილია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გავლილი აქვს გამოცდები სხვადასხვა აკრედიტებულ ლაბორატორიაში, ასევე სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის კველევით ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებით. გააჩნია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია.

 

ამ მეთოდებით გაუსნებოვნებული წყალი, ქლორსა და სხვა რეაგენტებთან შედარებით, თითქმის 5-ჯერ იაფია და ეკოლოგიურად სუფთაა, ვიდრე სხვა ჩვენს პრაქტიკაში არსებული მეთოდები. წყალი იონების არსებობის გამო ინახება დიდი ხნის განმავლობაში. დანადგარები მზადდება უჟანგი ლითონებით, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას.

 

ჩვენი კომპანია 2013 წლის 11 ივნისს აღნიშნული მეთოდის დანერგვის მიზნით მოხსენებით წარსდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე. დეპუტატებმა რეკომენდაცია გაგვიწიეს აჭარის მთავრობასთან. 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი თანხა ქედის (დაბის) მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის გაწმენდა-დეზინფექციაზე მიზნობრივად ჩვენ მიერ წარდგენილი მეთოდის დასანერგად (ველოდებით ტენდერის გამოცხადებას).

მიუხედავად ქლორირებისა, დაბა ქედის სასმელი წყალი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია, ხშირ შემთხვევაში სასმელ წყალში ითესება ფეკალური სტრეპტოკოკებიც კი.

 

ანალოგიური მდგომარეობაა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც. ამის გამო არაერთხელ მივმართეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. თუ მთავრობაც მოინდომებს, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ ზემო აჭარის მუნიციპალიტეტების სასმელი წყლის სრულ გაწმენდა-დეზინფექციაზე და მოსახლეობას მივაწოდოთ კეთილხარისხოვანი სასმელი წყალი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: