კვირის ამბები

თეა ხოფერია: მე ოჯახს ვაყენებ პირველ ადგილზე

22.11.2014 • 2571
თეა ხოფერია: მე ოჯახს ვაყენებ პირველ ადგილზე

 

თეა ხოფერია

 

თეა ხოფერია: სამი წელია ვმუშაობ “სოკარის” პრესამსახრში, ეს არის ყველაზე დიდი დრო, რაც მე ერთ სამსახურში გავჩერებულვარ. ადვილი სამსახური არ არის, მითუმეტეს ახლა, როცა გაზიფიცირება მიმდინარეობს, მაგრამ ჩემთვის კომფორტულია ჟურნალისტიკის შემდეგ მსგავსი დატვირთვა. ამ სამსახურში ყველაფერი ზუსტი და სპეციფიურია. დამაინტერესა ტექნოლოგიებმა, საინტერესოა.

 

 თეა, პროფესიით ჟურნალისტი ხარ?
  არა, პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა მესამე კურსიდან დავიწყე ჟურნალისტად მუშაობა. ეკა (ჟურნალისტი ეკა ფოფერია თეას დაა) მუშაობდა ტელეკომპანია `იბერიაში~, მასთან მივდიოდი ხოლმე ტელევიზიაში, ლუბა ელიაშვილი იყო საინფორმაციოს დირექტორი, მან მითხრა, რომ კარგად ხმა მქონდა და გადაწყვიტა ეცადა ჩემთან მუშაობა. აი, მაშინ გავგიჟდი, მორცხვი გაუბედავი ჟურნალისტი ეს არის კატასტროფა, პროფესიონალიზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა იმასთან, რასაც ვაკეთებდი, მალევე წამოვედი იქედან, სააგენტო `გეაში~ დავიწყე მუშაობა. უკმაყოფილო ვიყავი იმით რასაც ვაკეთებდი, ვფიქრობ ასეთი თვისებებით ადამიანი ვერ იქნება ჟურნალისტი, მითუმეტეს, რომ ვსწავლობდი პარალელურად. იქედანაც წამოვედი და მქონდა ორწლიანი პაუზა.

 

პაუზის დროს შენს ცხოვრებაში ცვლილებები იყო?
 დიახ, ამ დროს დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე და ერთი წელი ამერიკაში ვცხოვრობდით. საქართველოში რომ დავბრუნდი მაშინ დაარსდა “ჯიპა”, ჩვენ ვიყავით პირველი გამოშვება, ძალიან დიდი რესურსი გამოიყო ჩვენზე, მსოფლიო მაშტაბის პროფესორები გვასწავლიდნენ. “ჟურნალისტიკასა და მედია მენეჯმენტს” ვსწავლობდი, თუმცა სახელმწიფო მართვა უფრო მაინტერესებდა. მაშინ საერთოდ არ მაინტერესებდა ჟურნალისტიკა, სადღაც ექვსი თვის შემდეგ დამაინტერესა, ეს იმ რეალობის შედეგია, რაც იყო მაშინ `ჯიპაში~. გაზეთი უფრო მიყვარს, ყოველთვის ასე იყო.

 

 თუმცა ამის მიუხედავად “რუსთავი 2”-ში წახვედი, რატომ?
  ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს უფრო რთულად ვუყურებ, ყველგან რაღაცას ვითვალისინებდი. საბოლოოდ ყველაზე რთული ვარიანტი შევარჩიე, “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემა. მაშინ ეკა იყო “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. თითქმის ორი წელი ღამეები არ მეძინა. პარალელურად უცხოური გაზეთის ჟურნალისტებს ვუწევდი პროდიუსინგს და ვიყავი ორგანიზაცია “ჟურნალისტები საზღვრების გარეშე”-ს წარმომადგენელი საქართველოში.

 

“რუსთავი 2”-იდან რატომ წამოხვედით?
 მე “რუსთავი 2”-ზე ვაშუქებდი პოლიტიკურ თემებს. სწორედ იმ დროს გიორგი დაინიშნა იუსტიციის მინისტრად, მაშინ ჩავთვალე, რომ უნდა წამოვსულიყავი. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკაში ობიექტურობა, რომ არ შემეძლო იქ დარჩენა, მითუმეტეს, როცა პოლიტიკას ვაშუქებდი. არ ვყოფილვარ პოპულარული ჟურნალისტი, მაგრამ მაინც. ჩემი თავი მალევე მოვნახე, საარჩევნო კომისიის პრესმდივანი გავხდი.

 

თქვენი და, ეკა ხოფერია არის ძალიან ცნობადი სახე. თქვენ არ მოგწონთ ეკრანზე ყოფნა?
  თავიდანვე ძალიან პოპულარული იყო ეკა, სულ მას მადარებდნენ, გარეგნობით ძალიან ვგავარ. ძალიან არ მომწონდა ეს შედარებები. ვფიქრობ, ყველა, მათდაუნებურად, ჩემს მიმართ არაობიექტური იყო, მე რომ არ ვყოფილიყავი ეკას და, ასეთი მომთხოვნები არ იქნებოდნენ ჩემს მიმართ. როცა სირთულეა, ავტომატურად გვერდს ვუვლი ხოლმე ამ ყველაფერს. აბსოლუტურად არ ვნანობ ამ ყველაფერს, ახლა თავი საერთოდ ვერ წარმომიდგენია ჟურნალისტად. იმდენად დიდ დროს მოითხოვს ჟურნალისტიკა, რომ მე ეს დრო ოჯახისთვის უფრო მემეტება. მე და ეკამ, დავაარსეთ ჟურნალი “სითი”, სადაც მე პერიოდულად ვწერ სტატიებს.

 არ გაგიჭირდა როცა მეუღლის სამსახურის გამო მოგიწია ბათუმში გადმოსვლა?
  არ გამჭირვებია. სამსახურის დატოვებაც მომიხდა, მაგრამ მე ყოველთვის ოჯახს ვაყენებ პირველ ადგილზე. წელიწადნახევარი საერთოდ სახლში ვიჯექი, მერე ვმუშაობდი აჭარის ტელევიზიის “დილის ტალღაში”, საიდანაც მალე წამოვედი, მერე იყო აჭარის მთავრობა, სადაც საგარეო საქმეთა დეპარტამენტში ვმუშაობდი.
ბათუმი ჩემთვის არის ევროპის ერთი ლამაზი ქალაქი. რომანტიკულად მივიღე აქ გადმოსვლა, მეშვიდე წელია აქ ვცხოვრობ, თითქმის ორი წელი კიდევ მომიწევს ბათუმში ყოფნა. ერთადერთი რაც აქ არ მომწონს, ეს არის შოპინგცენტრი, რაც მინდა ხოლმე სეზონზე. მაგალითად სკოლის ჩანთა – ვერსად ვეღარ ვნახულობ, ამის გამო მიწევს თბილისში ან ტრაპზონში წასვლა, აქ მაღაზიებში რაც იყიდება, მე მეძვირება. სამომავლოდ ვფიქრობ ბათუმი ყველამხრივ განვითარდება, თბილისსაც გაასწრებს. ვისურვებდი, რომ პორტი ამ ქალაქში უფრო მეტი დატვირთვით გამოიყენონ, უფრო ტურისტული უნდა გახდეს.

 

როგორ გაიცანით გიორგი?
“იბერიაში” მუშაობისას გამიშვეს მალთაყვაში სემინარზე, იურსპროდენციის განხრით იყო სემინარი, რომელსაც ატარებდა დავით უსუფაშვილი. გიორგი მაშინ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და თითონაც ესწრებოდა ამ სემინარს. ყველაფერი დაიწყო პირველივე მზერისას, პარლამენტის კიბეებზე ვიჯექი როცა ჩამიარა თეთრპერანგიანმა ლამაზმა ბიჭმა, მივხვდი რომ თითონაც დამაფიქსირა, მაგრამ გულში მაშინვე გამიარა რომ “უჰ, ეს მე არ შემომხედავს!” ჟურნალისტები ავტობუსით ვიყავით, ისენი მანქანით. გიორგი შეეცადა ავტობუსში ჩემს გვერდით დამჯდარიყო, მაგრამ სხვამ დაასწრო და გაბრაზდა, მოუწია მანქანით წამოსვლა. სემინარი რამდენიმე დღე გრძელდებოდა. ჩემი უფროსი და მარიკა იცნობდა გიორგის, ბათუმში ისვენებდა. გამოვიძახე ის, რომ დამხმარებოდა გიორგისთან ურთიერთობაში. მარიკა ჩამოვიდა, სასაცილო რაღაცეებს ვაკეთებდი, მაგალითად ძალიან ცოტა ფული მქონდა, მაგრამ კოკა-კოლები ვიყიდე, რომ მას გავმასპინძლებოდი. ვეუბნებოდი, რომ სემინარისას რაღაც ვერ გავიგე და ის მერე მიხსნიდა. უკანა გზაზე უკვე ჩემს გვერდით დაჯდა, მარიკა ყურში ჩამჩურჩულებდა ხოლმე – ნუ გაქვს ტყულა იმედი, ამას ასეთი სახე აქვს ყველას უცინისო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მასაც მოვწონდი. შემდეგ განვითარდა ჩვენი ურთიერთობა.

 

  მალევე დაქორწინდით?
  ძალიან მალე დავქორწინდით. გიორგი მიმალავდა, ამერიკაში რომ უნდა წასულიყო, შემთხვევით გავიგე. ტელეფონით დავურეკე მივულოცე და მერე მისი ყველა ნაჩუქარი ნივთი გავუგზავნე, არ ვპასუხობდი ზარებს, სამსახურში არ დავდიოდი, ჩემთვის იყო ტრაგედია, სახლში ვიწექი და ვტიროდი. ჩემს სახლთან მოვიდა და მთხოვა მომესმინა. ჩავედი, მან კი მთელი კორპუსის წინ მთხოვა ხელი. მეც ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი. მერე მკითხა, ამერიკაში თუ გავყვებოდი, ამაზეც სიხარულით დავთანხმდი. სახლში ავირბინე, დოინჯი მქონდა გაკეთებული და გამოვაცხადე _ “მე ამერიკაში მივდივარ!”
ორ კვირაში დავქორწინდით, 150 კაციანი ქორწილი გვქონდა, სამშაბათს ქორწილი გვქონდა და ხუთშაბათს გამთენიისას მივფრინავდით ამერიკაში. თეთრი კაბა არ მცმია, გიორგის მშობლებმა მეორე დღისთვის მაჩუქეს მელნისფერი კაბა თეთრი მარგალიტებით გაწყობილი, რომელიც ქორწილის დღეს ჩავიცვი.

 


ორი შვილი გყავთ, როგორი დედა ხარ?
მაქსიმალისტი დედა ვარ, ძალიან დიდ ენერგიას ვდებ ჩემს შვილებში. მე არ ვფიქრობ, რომ არსებული სტანდარტებით უნდა ვზრდიდე შვილებს, მეტიც, ეს არასწორი მგონია. ჩემი შვილები ინდივიდები არიან, მე ყველაფერს ვდებ მათში, ცოტა ექსპერიმენტებსაც ვატარებ. ავთანდილი, უფროსი შვილი, 13 წლისაა, მე-14 სკოლაში სწავლობს, თუმცა უკვე გადავედით სახლში სწავლებაზე, ექსტერნად აბარებს გამოცდებს. უნდა მიაღწიოს საოცრებებს, ამიტომაც გვთხოვა, რომ ყველა საგანში ინდივიდუალურად მოგვემზადებინა, მთელ სიამოვნებას იღებს ამით. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, სანამ მის სურვილს დავთანხმდებოდით, რადგან ამან შეიძლება ბევრი უარყოფითი შედეგი გამოიღოს. ის გვთხოვდა, რომ მიგვეცა მისთვის საშუალება, გარკვეულიყო საკუთარ თავში, სკოლაში ათებზე სწავლობდა, ახლა სახლში სწავლობს. გოგონა მეოთხე კლასშია, მეორე სკოლაში სწავლობს და დადის ბალეტზე. ორ შვილზე არ ვაპირებ გაჩერებას, კიდევ ორს აუცილებლად გავაჩენ, ჯერ ამათ დავაყენებ გზაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: