კვირის ამბები

ჯანმო: სამყარო პოსტანტიბიოტიკური ეპოქისკენ მიექანება

14.11.2014 • 1942
ჯანმო: სამყარო პოსტანტიბიოტიკური ეპოქისკენ მიექანება

 

ოჯახის ექიმი ნათია გრიგალაშვილი ამბობს, რომ ანტიბიოტიკები ინფექციური დაავადებების (პნევმონია, თირკმლის ანთებითი დაავადებები, ტუბეკულოზი, ანგინის ანთება, ყურის ანთება, ოტიტები და ა.შ.) დროს ინიშნება. „ეს არის პრეპარატები, რომლებიც ბაქტერიალური ფლორის გამრავლებისა ან ბაქტერიების ცხოველმყოფელობის დათრგუნვის მიზნით გამოიყენება. ზოგი ანტიბიოტიკი პირდაპირ კლავს ბაქტერიას, ზოგი კი ხელს უშლის მის გამრავლებას“, – ამბობს ის.

 

ანტიბიოტიკების არამიზანმიმართული გამოყენება და ზოგჯერ პაციენტის მიერ თვითდანიშნული თერაპია ბაქტერიების უფრო მდგრადი შტამების ჩამოყალიბებას იწვევს. „ერთი და იმავე ანტიბიოტიკის ხშირი და არარაციონალური გამოყენების შედეგად ბაქტერია თავად იმუშავებს თავდაცვის უნარს და იმ ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელსაც ადამიანი ჭარბად იღებდა, არაეფექტური ხდება“, – განმარტავს ნათია გრიგალაშვილი.

 

ამის მაგალითია ყველასთვის ცნობილი „პენიცილინი“, რომელმაც თავის დროზე გადატრიალება მოახდინა სამედიცინო სფეროში. თუმცა, პენიცილინის ხშირმა და უმიზნო გამოყენებამ პაციენტების მიერ, ხელი შეუწყო უფრო რეზისტენტული შტამების შექმნას, რის შედეგადაც პენიცილინის ჯგუფის პრეპარატები საკმარისი აღარ აღმოჩნდა მათ სამკურნალოდ და საამისოდ ახალი ანტიბიოტიკების გამოგონება ხდება საჭირო, ამიტომაც ანტიბიოტიკების სხვადასხა ჯგუფს I, II, III და IV თაობები აქვთ. „ეს პრეპარატები,წლების მანძილზე იხვეწება და რთულდება იქედან გამომდინარე, რომ ვრცელდება რეზისტენტული შტამები, ანუ ბაქტერიებს მგრძნობელობა უქვეითდებათ ამ მედიკამენტების მიმართ“, – ამბობს ნათია გრიგალაშვილი.

 

ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რეცეპტის ინსტიტუტი დაბრუნდა, თუმცა ამ და სხვა ძლიერმოქმედი მედიკამენტების შეძენა ზოგიერთ აფთიაქში დღესაც შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.

ოჯახის ექიმი ამბობს, რომ ხშირად სწრაფი ეფექტისთვის მშობლები თავიანთი ინიციატივით, ექიმის დანიშნულების გარეშე, მკურნალობენ ბავშვს ანტიბიოტიკებით, რაც, მისი თქმით, ძალიან საზიანოა. „უმეტეს შემთხვევაში მშობელი ელოდება, რომ ექიმი ბავშვს დაუნიშნავს ანტიბაქტერიულ თერაპიას და იმ შემთხვევაში, როცა არ უნიშნავენ, ის თავისით ცდილობს ნახოს ანტიბიოტიკი და დაალევინოს ბავშვს. ყველა დაავადებას აქვს ბაქტერიის განვითარების, გამწვავებისა და ჩაცხრობის დრო. ეს პერიოდები ყველა მშობელმა უნდა დაიცვას, ბავშვის ერთ დღეში მორჩენა შეუძლებელია, ამას გარკვეული დრო სჭირდება“, – ამბობს ის.

 

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე გაიდლაინით ვირუსული დაავადებების მკურნალობა ანტიბიოტიკური თერაპიით არ ხდება, გრიპის დროს ეს მედიკამენტები მაინც ძალიან პოპულარულია პაციენტებში. ინფექციონისტი ლალი საღარაძე „ბათუმელებთან“ აღნიშნავს, რომ ხშირად იმის შიშით, რომ გრიპი არ გაურთულდეთ, ადამიანები გრიპის პირველი დღეებიდანვე იწყებენ ანტიბიოტიკების მიღებას, რაც აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო ხშირად, სწორედ ამ პაციენტებს ურთულდებათ დაავადება. ნათია გრიგალაშვილის თქმით, ასეთ დროს სამდღიანი დალოდების პერიოდი აუცილებელია, რადგან ვირუსი სწორედ ამ დროს იწყებს გააქტიურებას და ანტიბიოტიკი მასზე არ მოქმედებს. ანტიბიოტიკები ექიმის მიერ ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ გრიპი მძიმედ მიმდინარეობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიღებას შესაძლოა სხვადასხვა გართულებები მოჰყვეს.

 

ექიმები ამბობენ, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემის მოგვარებაში დიდ როლს თამაშობს პაციენტის ცნობიერების ამაღლება იმ რისკების შესახებ, რაც ანტიბიოტიკების ირაციონალურ გამოყენებას მოჰყვება. ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესამსუბუქებლად იმავე რეკომენდაციას იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიცაზია, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს ანტიბიოტიკები გამოიყენონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით; დაასრულონ მკურნალობის სრული კურსი და არასოდეს გაწყვიტონ იგი შუაში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავს უკეთ გრძნობდნენ; არასოდეს გაუნაწილონ სხვას ანტიბიოტიკები და არ გამოიყენონ მოძველებული რეცეპტი. სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტებს კი ჯანმო ურჩევს, რომ გააძლიერონ ინფექციების პროფილაქტიკა და კონტროლი; გამოწერონ და გასცენ ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ, როცა ეს მართლა აუცილებელია; კონკრეტული დაავადებისგან განსაკურნად გამოწერონ და გასცენ სწორი ანტიბიოტიკები.

 

ჯანმო ასევე მოუწოდებს მეცნიერებსა და პოლიტიკოსებს, ხელი შეუწყონ ინოვაციების სტიმულირებას, სამეცნიერო გამოკვლევებსა და ახალი ვაქცინების გამოგონებას, ასევე ინფექციების დიაგნოზირებისა და მკურნალობის ახალი მეთოდებისა და იარაღების შემუშავებას.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: