კვირის ამბები

გადასახლებული 7 წლის ასაკში

22.10.2014 • 2020
გადასახლებული 7 წლის ასაკში

GE DIGITAL CAMERA

ნაზი ნაკაშიძე და ჰაიდარ ხინკილაძე

ჰაიდარ ხინკილაძე გადასახლების დროს შვიდი წლის იყო, თუმცა მძიმე ბავშვობა კარგად ახსოვს.

„მამაჩემი მოხელე კაცი იყო, ავეჯს ამზადებდა და საკმაოდ შეძლებულად ვცხოვრობდით. სოფელში ყველაფერი დაგვატოვებინეს. ეშელონებში, გეცოდინებათ ალბათ რაც ხდებოდა – ქალები, ბავშვები, მოხუცები ყველანი საშინელ პირობებში იყვნენ. წყალი გვენატრებოდა დასალევად. მამაჩემი ყინულებს ჩამოატეხდა ვაგონს და იმას ვჭამდით, რომ წყურვილი მოგვეკლა. ვუყურებდი, როგორ იტანჯებოდნენ, კვდებოდნენ ადამიანები. პაქსაძის ახალგაზრდა, 30 წლის ქალი გარდაიცვალა და 12 წლის შვილი დარჩა ვაგონში. გაჩერებაზე ყინულში დამარხვა ძლივს მოასწრეს და ადგილობრივებს, სადაც მატარებელი გაჩერდა, ვაგონში შეკრებილი ფული მისცეს, რომ თოვლის დადნობის შემდეგ ცხედარი დაეკრძალათ“.

ხანგრძლივი მგზავრობისა და მძიმე დღეების შემდეგ, გადასახლებული ოჯახები სოფლის ფერმაში შეყარეს: „აქ გავატარეთ რამდენიმე დღე და ღამე, შემდეგ კი სხვადასხვა ადგილას გადაგვანაწილეს. იქ ჩასვლის შემდეგ ახალი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ჩემს რძალს ჩვილი ბავშვი გარდაეცვალა და ძალიან განვიცადეთ. ფიცარიც კი არ იშოვებოდა, რომ ბავშვისთვის კუბო შეგვეკერა“.

გადასახლებულ ადამიანებს ადგილობრივ კლიმატთან შეგუება და ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის ბრძოლა უწევდათ: „ვმუშაობდით ყველა, პატარებიც და დიდებიც. ბრიგადირი მოვიდოდა და წაგვიყვანდა სამუშაოდ, რა გზა გვქონდა, ისე არავინ მოგვცემდა ლუკმას“.

რეპრესიებს ვერც ჰაიდარ ხინკილაძის მეუღლე, ნაზი ნაკაშიძე ასცდა. მეუღლის მსგავსად, ისიც მცირეწლოვანი იყო მაშინ. მშობლები ქედაში, სოფელ მერისში ცხოვრობდნენ. „მამა მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად, უფროსი ძმა კი – სოფლის  კანტორაში. შეძლებული ოჯახი გვქონდა, კარაქით, ყველითა და ბოსტნეულით სავსე გვქონდა სახლი. ორსართულიანი სახლი გვედგა. გადასახლების წინ ახალი ავეჯი ვიყიდეთ. ეს ყველაფერი დაგვატოვებინეს. გზაში მამიდაჩემი კივილ-კივილით მოგვსდევდა, მაგრამ მოახლოების უფლება არ მისცეს. არც დამშვიდობება, არც კოცნა“, – იხსენებს ის.

ერთ ვაგონში 42 ადამიანი იყო, სიცივე და უჰაერობა: „კიდეებზე თაროები ჰქონდა და იქ ვიძინებდით. გადასახლებაში შვიდი  და-ძმა ვიყავით, მშობლები, და, ახალი სიძე და რძალი. ერთ საღამოს, მატარებელი რომ დაიძრა, ჩემი ხუთი წლის და ვაგონის თაროდან ჩამოვარდა და თავით დაეცა. ექიმი სჭირდებოდა, მაგრამ ვინ მოგვაქცევდა ყურადღებას, 17 დღის შემდეგ გარდაიცვალა“.

ტაშკენტში ჩაყვანის შემდეგ, რეპრესირებული ოჯახები სხვადასხვა პროვინციაში გადაანაწილეს. „გვიწევდა აუტანელ პირობებში ცხოვრება. არც საჭმელს კითხულობდა არავინ ჩვენსას და არც სასმელს. თვეების შემდეგ მამაჩემმა პატარა ეზო შეიძინა, იქ ბოსტნეული მოვიყვანეთ და გაჭირვება ამით დავძლიეთ. შიმშილს რომ თავი დავანებოთ, მორალურ და ფსიქოლოგიურ სტრესში ვიყავით. უცხო გარემო, ცუდი კლიმატი და შორს ახლობელ-ნათესავებისგან.“

ყაზახეთიდან წერილი წერილზე იგზავნებოდა სტალინის სახელზე, ყველა თავის უდანაშაულობასა და სამშობლოში დაბრუნების სურვილზე წერდა. „პასუხის მოლოდინში სტალინიც გარდაიცვალა. ხალხს დაუძახეს, მოდით, იტირეთო. ბაბუაჩემი არ წავიდა, მაგას რა მატირებდაო. მამაჩემი კი თვალებს ძალით ისრესდა, რომ დაწითლებოდა, თითქოს ნამტირალევი იყო.“

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ნაზისა და ჰაიდარის ოჯახები სამშობლოში დაბრუნდნენ. „ცარიელი კედლების მეტი არაფერი დაგვხვდა“, – ამბობს ნაზი ნაკაშიძე. „ჩვენი ოჯახიც ასეთ დღეში იყო. ყველაფერი წაეღოთ, მიჭედებულ ლურსმანსაც ვერ ნახავდი სადმე“, – გვეუბნება ჰაიდარი. ორივე ოჯახმა ცხოვრება თავიდან დაიწყო.

„დედაჩემის საკერავი მანქანა მახუნცეთის ატელიეში ვიპოვეთ, ავეჯსაც მივაგენით და გამოვისყიდეთ“, – გვეუბნება ნაზი.

მეუღლეები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ სახელმწიფომ რეპრესიების სიმძიმე სათანადოდ არ შეაფასა და ოჯახები სათანადო კომპენსაციის გარეშე დატოვა: „მოსაყოლად ადვილია, მაგრამ გადასატანად ძალიან ძნელი. შეუძლებელია წარსულის დავიწყება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: