კვირის ამბები

ციცკა, ცოლიკაური, ჩხავერი და საწური აჭარიდან

19.10.2014 • 3629
ციცკა, ცოლიკაური, ჩხავერი და საწური აჭარიდან

ვაჟა დავითაძე
ვაჟა დავითაძე

 

„ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას ოჯახში დაყენებული ღვინოების ფესტივალში. არ გამოდიოდა ჩვენი ღვინო ისეთი ხარისხის, როგორც კახეთიდან ჩამოგვქონდა. შემდეგ როცა მეღვინეებს გავესაუბრე, მითხრეს რომ ყურძენი მოკრეფიდან ოთხი საათის შემდეგ უნდა დაიწუროს, მე კი ვყიდულობდი ჩამოტანილ ყურძენს, ამიტომაც გარკვეულწილად ხარისხი იკლებდა. ამან გადამაწყვეტინა შემეძინა ვენახი. კახეთში მაქვს ერთი ჰექტარი ვენახი, იქვე ვწურავ ღვინოს. რამდენიმე დასახელების ღვინო ჩამოვასხი. ვენახი გავაშენე შუახევში, სოფელ ნენიაშიც, ციცკა, ცოლიკაური და ჩხავერი. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან საინტერესო ჯიში საწური, ეს არის აჭარული საღვინე ჯიში, წელს პირველად ჩამოვასხით ეს ღვინო ბოთლებში.“

 

ბიზნესმენს ვაზზე, მის მოვლაზე, ჯიშებზე, ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე ბევრი აქვს მოსაყოლი. ამ თემაზე საუბარი მას არ ბეზრდება, ამიტომაც ბაზარზე და კონკურენციაზე კითხვებზე პასუხის გაცემისას საუბარს ისევ ვენახით იწყებს.

პროფესიით მსახიობია. ამ პროფესიაზე არასოდეს უოცნებია. თავიდანვე ღვინო აინტერესებდა, მაგრამ „ასე მოხდა“. თბილისის რუსთაველის თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით ბათუმის თოჯინების თეატრში იმუშავა.

 

2007 წელს წინა ხელისუფლებამ მას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა. სიის პირველ ნომრად ჩაწერეს და შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაც ჩააბარეს, მაგრამ საკრებულო დროზე ადრე დატოვა და ისევ ბიზნესს დაუბრუნდა. მისივე თქმით, ამ საქმეს ვერ შეეგუა: „თუმცა ყოველთვის აქტიური ვიყავი, ადრე ეროვნულ მოძრაობაში, სახალხო ფროტშიც ვიყავი.“

 

წლების წინ მას ტურისტული კომპანიაც ჰქონდა, შემდეგ კი შეიძინა ორსართულიანი კერძო სახლი, რომელიც კრედიტის დახმარებით ექვსსართულიან სასტუმროდ გადააკეთა. აქვე მოაწყო ღვინის სადეგუსტაციო დარბაზიც, რომლის იატაკქვეშ ქვევრები ჩამარხა.
ბიზნესმენის თქმით, წითელი აგური, რომელიც სასტუმროს სადეგუსტაციო დარბაზის კედლებს ამშვენებს, სასტუმრო „ლონდონის“ ნანგრევებია: „იქედან წამოვიღე და დავამუშავებინე.“

 

სასტუმროს „მარანი“ დაარქვა. „ბავშვობიდანვე მქონდა ვაზისადმი, ღვინისადმი სიყვარული იმ გაგებით, რომ ეს არის ყველაზე საინტერესო პროდუქტი, რაც არსებობს დედამიწაზე. ახლა ამ სასტუმროში ვაწყობ ღვინის დეგუსტაციებს სტუმრებისთვის. ტურისტები, რომლებიც ამ სასტუმროში ისვენებენ, ყოველთვის ყიდულობენ ჩემგან ღვინოს და მიაქვთ.“

 

ვაჟა დავითაძეს კახეთში 10 ტონამდე ყურძენი მოჰყავს, ამას ემატება 3 ტონამდე მოსავალი შუახევში. ამბობს, რომ ამ ოდენობის მოსავლისაგან მიღებული ღვინის რეალიზაციისათვის ადგილობრივი ტურისტები და მისი სასტუმროს დამსვენებლები, რომლებიც მისი პროდუქტის მუდმივი კლიენტები არიან, სრულიად საკმარისია.

სამომავლოდ ღვინის ქარხნის გაკეთებასაც გეგმავს.

„მინდა გავაფართოვო მეურნეობა. ახლა უკვე დაინტერესებული ვარ, კახეთში შევიძინო კიდევ ერთი ვენახი. დაინტერესებული ვარ იმითაც, რომ ისეთივე მოვლილი ვენახი ჰქონდეს გვერდით ნაკვეთზე გლეხს, როგორიც მე მაქვს, რომ შევძლო მისგან ხარისხიანი პროდუქტის შეძენა.“

ბიზნესმენი სამომავლოდ ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავს. ის ამბობს, რომ მისთვის მისაღებია ის მოთხოვნები, რასაც ევროპის ბაზარი მწარმოებელს უყენებს.

„ჩვენი ღვინო მაღალი ხარისხის პროდუქტია. მე არ ვეთანხმები ძველ, კომუნისტების დროინდელ მიდგომას, რომ ყურძენს უნდა დაამატო შაქარი ან წყალი. ეს არასწორია. ის უნდა მოკრიფო იმ დროს, როცა მისი შაქრიანობა ღვინის დასაყენებლად საკმარისია. ჩვენი პროდუქტი გაივლის ლაბორატორიულ შემოწმებას და არც სერტიფიცირების პრობლემა გვექნება.“

 

 

ვაჟა დავითაძეს მისი პროდუქტი ჯერ არ შეუტანია მსხვილ სამარკეტო ქსელში, რომელიც ითხოვს პროდუქტისათვის შტრიხკოდის მინიჭებას

„მაგალითად, თუ გუდვილში ან მსგავს ქსელში შეიტან პროდუქტს, თითოეულ დასახელებას უნდა ჰქონდეს თავისი შტრიხკოდი. ის შეიცავს ყველანაირ ინფორმაციას პროდუქტზე. ერთ სახეობაზე შტრიხკოდის მინიჭება ერთჯერადად 1000 ლარი ჯდება. მე ვაპირებ საწურს მივანიჭო შტრიხკოდი.“

ვაჟა დავითაძის თქმით, ბიზნესმენის მთავარი უნარი წარმატებისთვის ინტუიციაა: „ეს სხვა უნარია, მას უნდა შეეძლოს რაღაცების არა მარტო კარგად გამოთვლა, არამედ გათვლაც. მას მოთმენის უნარიც უნდა ჰქონდეს და საქმე უყვარდეს. ის, ვინც ყოველი დღის ბოლოს კალკულატორზე ჩამოჩოთქავს, ბიზნესმენი ვერ გახდება.“

 

 

გადაბეჭდვის წესი