კვირის ამბები

რიგები ექიმის კაბინეტთან

03.09.2014 • 3244
რიგები ექიმის კაბინეტთან

 

პაციენტები ხშირად ჩივიან, რომ ექიმთან რიგში საათობით უწევთ ყოფნა. „მეც ვმუშაობ, ისევე როგორც ექიმი. იმის გამო, რომ რიგი მოწესრიგებული არ არის, რამდენიმე საათის მანძილზე მომიწია რიგში დგომა, მიუხედავად იმისა, რომ დაბარებული ვიყავი კონკრეტულ დროს. რამდენიმე საათის შემდეგ იძულებული გავხდი რიგი დამეტოვებინა და წავსულიყავი სამსახურში“,  – ამბობს ც.კ.

 

 

რატომ ვერ იღებენ ექიმები პაციენტს დათქმულ დროს? – პაციენტები ამბობენ, რომ რიგს სხვა, ექიმის მიერ პრივილეგირებული პაციენტები არღვევენ, ექიმები კი, თავის მხრივ, აღნიშნავენ, რომ პაციენტი ზუსტად დათქმულ დროს არ ცხადდება, რაც პრობლემებს ქმნის.

 

 

ექიმების თქმით, მეორე მიზეზი, რის გამოც დაბარებულ დროზე პაციენტის მიღება რთულდება, ისაა, რომ შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს ის დრო, რომელიც კონკრეტულ პაციენტზე დაიხარჯება, მაგალითად არიან პაციენტები, რომლებსაც პირველივე მიღებისთანავე ესაჭიროებათ სასწრაფო პროცედურების ჩატარება, ასეთი პაციენტების მიღება კი ჩვეულებრივზე გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.

 

 

„ხშირად ერთ საქმეზე მოსული პაციენტი სხვა გამოკვლევასაც საჭიროებს, თანაც არიან პაციენტები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ და მათი ლოდინი დაუშვებელია. სწორედ ეს ხდება რიგის არევის მიზეზი, ამიტომ ძალიან რთულია პაციენტების ზუსტად დათქმულ დროზე მიღება“, – ამბობს ბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი ნუკრი ბეჟანიძე.

 

 

ცოცხალი რიგის ერთ-ერთი თავისებურება ის არის, რომ მასში ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ურიგოდ იღებენ. რა კატეგორიის პაციენტები სარგებლობენ ურიგო მომსახურებით, ამას თავად დაწესებულება ადგენს, მაგრამ ამ სიაში ყოველთვის ხვდებიან ადამიანები მაღალი არტერიული წნევით, მაღალი ტემპერატურითა და მწვავე ტკივილით.

 

 

მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში რიგის გარეშე მეზღვაურებსა და სამხედრო მოსამსახურეებს იღებენ, თუმცა ოფთალმოლოგ კახა შარაშიძის თქმით, გარკვეული პრივილეგიებით ექვს წლამდე ბავშვები და ინფექციური დაავადების მქონე პაციენტებიც სარგებლობენ: „თუ პაციენტს გადამდები დაავადება – კონიუქტივიტი აქვს, ვცდილობთ დროულად აღმოვუჩინოთ დახმარება, რათა სხვა პაციენტებსაც არ გადადოს ვირუსი. გარდა ამისა, თუ რაღაც მოხვდა პაციენტს თვალში, ხალხს ვთხოვთ, რომ რიგი დაუთმონ, რათა ტკივილი დროულად მოვუხსნათ“.

 

 

დ.ხ.-ს თქმით, ცოცხალი რიგის მთავარი ნაკლი წესრიგის დამრღვევი პაციენტები არიან: „რიგები ძალიან უსამართლოა ჩვენთან. პირველად სამშობიაროში მოვხვდი ასეთ დიდ რიგში. 2-3 საათი ისე ვიდექი რიგში, რომ დაზუსტებით არ ვიცოდი ვინ იყო ბოლო. თითქოს ჩვეულებრივად მიდის რიგი, მაგრამ მერე ვიღაც გამოჩნდება, ვისაც დაკავებული ჰქონია ადგილი ან ვინმე ნაცნობს შეიყვანენ“, – ამბობს ის.

 

 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, სამედიცინო დაწესებულებებში ამ პრობლემის მოსაგვარებლად უშუალოდ რიგის დისციპლინირებაა საჭირო, რისი ყველაზე თანამედროვე სისტემაც რიგის მართვის აპარატია, რომელიც საზღვარგარეთ ყველა იმ დაწესებულებაში გასცემს ნომრებს, სადაც ადამიანების დიდ რაოდენობას ემსახურებიან – „ამ სიტუაციის დარეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია რიგის აპარატისა და კომფორტული მოსაცდელის გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არ მოხსნის თავად რიგს, მაგრამ მოაწესრიგებს და უფრო ორგანიზებულს გახდის მას“, – ამბობს მალხაზ ხალვაში. მისივე თქმით, აჭარის სამედიცინო დაწესებულებებში ცოცხალ რიგებს რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთია ისიც, რომ პაციენტები ხშირად თავის დარგში ძლიერ ექიმს ირჩევენ, რომელზეც დიდი მოთხოვნაა: „ეს მედიცინისთვის და ნებისმიერი სხვა სფეროსთვის დამახასიათებელი გარემოებაა. პაციენტებს უნდათ ექოსკოპია ან რომელიმე სხვა მომსახურება ერთ კონკრეტულ ექიმთან ჩაიტარონ, რომელსაც კარგი სახელი აქვს ქალაქში, მათთან კი იმდენი მსურველია, რომ რიგის გარეშე მოხვედრა შეუძლებელია“.

 

 

ჯანდაცვის ექსპერტი, ექიმი სიმონ გაბრიჭიძე ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა სხვა ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებშიც არსებობს, თუმცა იქ უფრო ორგანიზებულია რიგის მართვის სისტემა. მისი აზრით, პრობლემა ისაა, რომ საზღვარგარეთ რიგიდან ამოვარდნილ პაციენტს ექიმი უარით ისტუმრებს, საქართველოში კი ეს არ ხერხდება. მისი თქმით, ამის გამოსწორება შეუძლებელი არ არის, თუმცა ეს არც ისე მარტივია, რადგანაც მოუწესრიგებელ რიგებთან დაკავშირებით, გარკვეული პასუხისმგებლობა პაციენტებმაც უნდა აიღონ: „ძალიან გვაწუხებს ეს პრობლემა და გარკვეულ გზებსაც ვეძებთ. ადრე ვცადეთ პაციენტების განსაზღვრულ დროებზე დაბარება, მაგრამ უშედეგოდ. ექიმს თავისთავად ურჩევნია ჩაწერით მიიღოს პაციენტი, მაგრამ აქ ერთი ორსულის დაგვიანებითაც ირევა რიგი, რომელსაც მკაცრად ვერ ეუბნები, რომ დაგვიანების გამო იგი რიგიდან ამოვარდა და ორი კვირის შემდეგ უნდა მოვიდეს. საფრანგეთში შეიძლება უთხრან, მაგრამ იქ საკუთარ ჯანმრთელობაზე პაციენტია პასუხისმგებელი, ჩვენთან კი ყველაფერზე ექიმი და სახელმწიფო აგებს პასუხს“.

 

 

ოფთალმოლოგი კახა შარაშიძე, რომელსაც პროფესიული ვიზიტი ხშირად უწევს საზღვარგარეთ, ამბობს, რომ დასავლურ სამედიცინო დაწესებულებებში ეს პროცესი რიგის აპარატით რეგულირდება: „შესაძლოა ჩვენთან ცოცხალი რიგები სწორედ ამ რიგის აპარატებმა დაარეგულიროს, მაგრამ ეს მაინც არ გამორიცხავს რიგების არსებობას. ხალხს მაინც მოუწევს 3-4 საათი ლოდინი, უბრალოდ, უფრო მოწესრიგებული იქნება ეს პროცესი“, – ამბობს ექიმი. 

 

 

კახა შარაშიძე ამბობს, რომ ცოცხალ რიგთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრშიც სცადეს, თუმცა იმ პაციენტების გამო, რომლებიც წინასწარ დარეკვის გარეშე ჩამოდიოდნენ სოფლებიდან, ეს არ მოხერხდა. „ჩვენთან ძალიან რთულია პაციენტს გააგებინო, დღეს დაკავებული ვარ და ხვალ ან ზეგ მოდიო. მაგალითად, სოფლიდან ჩამოსულ ადამიანს უკან ვერ მიაბრუნებ გამოკვლევის გარეშე“,- ამბობს ექიმი.

 

 

კახა შარაშიძის თქმით, პაციენტების ჩაწერით მიღება ექიმის სამუშაო პირობებს ბევრად გააუმჯობესებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი პაციენტი დარჩება მომსახურების გარეშე: „რამდენჯერაც ვცადე რამის შეცვლა, საბოლოოდ ვარჩიე, რომ დამეტოვებინა ცოცხალი რიგი, ჯობია ორი საათი იცადოს პაციენტმა, ვიდრე საერთოდ გამოკვლევის გარეშე გავუშვა სახლში“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: