კვირის ამბები

ცხოვრება მთის კანონებით

08.08.2014 • 2359
ცხოვრება მთის კანონებით

ჭაღარათმიანი კაცი, ავტოსადგურიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე წინა ადგილს იკავებს და წუხს: “ეჰ, გაზეთი ბათუმელები  ვერსად ვიშოვე, ყველა გაყიდული დამხვდა…” აჭარის მუფთან დაბეჭდილ ინტერვიუზე მსჯელობენ, რომელიც “ბათუმელების” წინა ნომერში გამოქვეყნდა; ამაზე ღორჯომში ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუმცა ყველასთვის ერთნაირად საინტერესოა; 

 

“მუსიკა არ გვაააქ” – გადასძახეს უკანა სავარძლიდან ბიჭებმა მძღოლს, როცა იგი საჭეს მიუჯდა. მთელი გზა ანცი ბავშვებივით ცქმუტავენ; ოთხადგილიან სკამზე ხუთნი სხედან, ტრანსპორტში სულ 15 მამაკაცია. და ორიც ჩვენ – მე და ჩემი თანამშრომელი. 
გაიგეს თუ არა, რომ მათ სოფელში ჟურნალისტი მიდიოდა სტატიის მოსამზადებლად, მაშინვე პოლიტიკაზე დაიწყეს საუბარი. “ეს მთავრობა თვალებში ნაცარს გვაყრის”; “ჩემს მაღაზიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრის უფლება არ მივეცი და უშიშროებიდან ხალხი იმის სათქმელად მომიგზავნეს, რომ ფრთხილად ვიყო. შიშის ქვეშ რატომ უნდა ვცხოვრობდეთ”; “რომ იძახიან აჭარა გავათავისუფლეთო, აჭარას არაფერი ჭირდა დასაბრუნებელი, თუ მაგრები არიან, აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრონონ”, – ისმის წამოძახილები “მარშუტკაში”. 

 

სტუდენტი დავითი თანასოფლელებს არ ეთანხმება. იგი თვლის, რომ 2004 წლის შემდეგ ბევრი რამე გაკეთდა, მაგალითად, გზები დაიგო და განათლების რეფორმა გატარდა; თუმცა მას არ ეთანხმება მისი მეგობარი: “რას ეძახი წარმატებულს? თუ ფული არ გაქვს, ვერ ემზადები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ გამოცდებს ვერ აბარებ და რჩები უსწავლელი, არადა, სწავლა მეწადა; ღორჯომში ვისთან უნდა მოემზადო? სკოლაში რამდენიმე არაპროფესიონალი პედაგოგია, სკოლა დაამთავრეს და მასწავლებლად დააწყებინეს მუშაობა, იმან სხვას რა უნდა ასწავლოს, ქალაქში სიარული ადვილია?”…

 

მძღოლს ბიჭების გადაძახილი _ “მუსიკა არ გვაააქ” გაახსენდა. მაგნიტოფონის ხმამ ყველას საუბარი გადაფარა. 
ხულოს ცენტრში მგზავრები დაგვემატა, “ნემსის ადგილი აღარაა…” როგორც მძღოლმა მითხრა, ხულოს ცენტრიდან ღორჯომი 14 კილომეტრშია, ამ გზის გავლას საათზე მეტი დასჭირდა, მიხვეულ-მოხვეული გზაა, თანაც დიდაჭარიდან ცუდი გზა დაიწყო. ზღვის დონიდან 1425 მეტრზე ვართ, საითაც არ უნდა გაიხედო, ყველგან უფსკრულებია; 
გზიდან მასპინძელს შევეხმიანეთ. დაგვაკვალიანა, რომ სოფლის ცენტრში, სკოლასთან უნდა ჩავიდეთ. მასპინძელი ღორჯომის საჯარო სკოლის დირექტორი, მაყვალა ირემაძე ხელებდაკაპიწებული შეგვხვდა ჭიშკართან და შინ შეგვიპატიჟა. ვიდრე მგზავრობის ამბავს გამოგვკითხავდა, ათუხთუხებულ ქვაბს თავი ახადა და მოხარშულ დედალს მარილი მოაყარა. მისმა მეუღლემ, ბატონმა თამაზმა გვირჩია, თუ სოფლის ამბის გაგება გვსურდა, ცენტრში, მაღაზიასთან უნდა ავსულიყავით. ეგრეთ წოდებულ, “ბირჟამდე” თავად მიმაცილა… 

მაღაზიასთან



მაღაზია, რომელიც სოფლის ცენტრში დგას, “კომუნისტების დროინდელია”. ანდრო ადაძე აქ ოთხი წელია მუშაობს. სოფლის ამბებიც ყველაზე უკეთ მან იცის. ამ მაღაზიის წინ საჯარო სკოლა, აქვეა გამგეობის შენობა, გვერდით კი სამლოცველო – ჯამეა, ანუ ყველაფერი მაღაზიის წინაა თავმოყრილი. სოფლელებიც აქ იკრიბებიან. განსაკურებით ხალხმრავლობა კი ლოცვის დასრულების შემდეგაა. ხალხმრავლობაა აგრეთვე გამგეობის შენობაში განთავსებულ საბილიარდოში, სადაც ძირითადად ბილიარდის მოყვარულები იკრიბებიან.

 

წელს “თხელი” ზამთარი იყო, სურსათი ადვილად შემომქონდა. საერთოდ, ღორჯომში გაზაფხული და შემოდგომა არაა, ჩვენთან თითქმის ათი თვე ზამთარია. საბჭოთა კავშირის დროს საჭმელზე არ ფიქრობდა ხალხი, ახლა ყველას უჭირს”, _ ამბობს ანდრო ადაძე, რომელსაც ჯიბეში ნისიების ორი რვეული უდევს. მისი აზრით, ეს გაჭირვება მთავრობამ უნდა დაძლიოს, ამიტომ მთავრობაში `პრორუსული ორიენტაციის კაცია საჭირო”. 

 

ჩამთან სასაუბროდ მეზობელი სოფლიდაც მოდიან, განსაკუთრებით მამაკაცები აქტიურობენ. უფრო ზუსტად, სოფლის ცენტრში ქალს იშვიათად ნახავ…


ღორჯომში ყველას სათხოვარი ერთი და იგივეა – “დაწერე!”: `ახლა რასაც ვიტყვით, დაბეჭდე. ჩვენთან ჟურნალისტები არ დადიან და რახან მოხველ, იქნებ ხმა მიაწვდინო მთავრობას; შეშის მოსატანად ძალიან დიდი გზის გავლა გვიხდება, ტყეები გაიჩეხა და შეშა არაა. არის ალტერნატიული საშუალება – ბიოგაზი. ხელისუფლებას ვთხოვთ, ამის გაკეთებაში დაგვეხმაროს. იქნებ ორმანათიანი ავტობუსიც დაგვინიშნონ ღორჯომში, ძვირია მგზავრობა. 
და კიდევ: შობადობა შემცირდა, რადგან მშობიარობა ფასიანი გახდა. ეს ძალიან დიდი დარტყმაა”. 


ქალები


ღორჯომში ორ ღამეს დავრჩი, ერთ საღამოს წვიმდა, მეორე დილით კი ისე თოვდა, ბათუმში მიმავალი “მარშუტკა” სოფლის ცენტრში ვერ ამოვიდა, ამიტომაც ჩემმა მასპინძელმა, რენატიმ ფეხით ჩამაცილა; რენატი სოფლიდან სოფელში დამყვებოდა. პირველად, სოფელ ადაძეებს ვესტუმრეთ, ეს ბოლო სოფელია ღორჯომში, მთის ძირში რამდენიმე სახლი დგას. იმის “გადაღმა” ორი საათის სავალ გზაზე უკვე ბახმაროა, ზაფხულობით სწორედ იქ “მიერეკებიან” პირუტყვს ბებია-ბაბუები, ახალგაზრდები ყანისა და ჭალის მოსავლელად რჩებიან სოფელში.


აიშე ადაძის ოჯახი მრავალსულიანია. შინ დიასახლისები მეპატიჟებიან. ადაძეებში სტუმარს რძალი მასპინძლობს: კომპოტი, ყავა, შოკოლადი. მას მადლობას ვეუბნები და კითხვებს ვუსვამ, მაგრამ მხოლოდ მიღიმის. არც სახელს მეუბნება. დედამთილი მხიარულად მიხსნის: “მაი ჩემს ქმარს ემდურის და მაგიტო არ გცემს ხმას… ასე ჩვენ, რძლები მამამთილის პატივისცემას გამოვხატავთ”. 



ასმათი უკვე ოცი წელია ადაძეების რძალია. როგორც მამამთილმა თქვა, რძლის ხმა განაგონი არ აქვს. მოულოდნელად მამამთილი რძალს ოთახში დაჯდომისა და ლაპარაკის უფლებას აძლევს; ასმათი “ახალმოყვანილი რძალივით” ჯერ იმორცხვებს, მაგრამ ჯდება და ლაპარაკობს, მამამთილის თანდასწრებით. 

უწინ ქალებს, იმ ოთახში, სადაც მამაკაცები იყვნენ, შესვლის უფლება არ ჰქონდათ. უფრო მამამთილსა და მაზლს ერიდებოდნენ. 

ღორჯომში ტრადიციაა – შინ შესვლისას ყველა ფეხსაცმელს იხდის. თითქმის ყველა სახლი ხისგანაა ნაშენი, პირველ სართულზე `ახორი~ ანუ ბოსელია. ეს იმიტომ, რომ დიდთოვლობისას გარეთ ვერ გამოდიან: “პირუტყვი ისე გვყავს დაბინავებული, რომ სახლიდან გაუსვლელად შევძლოდ მათი მოვლა”. 

 

ღორჯომის თემი

 

რწმუნებულის, თემურ ირემაძის თქმით, ღორჯომის თემში 15 სოფელი შედის, სულ ათას ორასი კომლი და ხუთიათას ორას სამოცდათხმუთმეტი ადამიანია რეგისტრირებული. ყველა მუსლიმანია. ოთხ სოფელში ვიყავი, ადაძეებში, გორგაძეებში, მინთაძეებსა და წინწკალაშვილებში. 
აქ ცოტა ხნის წინ ქალები ჩადრს ატარებდნენ, მაგრამ დღეს მას თავსაფარი ჩაენაცვლა, მხოლოდ უცხოსთან იფარებენ პირზე თავშალს. 
ნოდარ ქათამაძის ოჯახში მითხრეს, რომ ოჯახში სტუმრობა პატივისცემის გამოხატვაა. სწორედ ამიტომ, სახლის აშენებისას, ღორჯომელები საძირკვლიდანვე გეგმავენ, რომელი უნდა იყოს სტუმრის მისაღები ოთახი. პირველად მეიდან-ოდა, ანუ სასტუმრო ოთახი მზადდება…

 

ახალი თაობა

 

“ტრადიციული ადათ-წესებით გავიზარდე, მაგრამ სტუდენტობის შემდეგ ჩემში ბევრი რამ შეიცვალა და გადახარისხდა; შეყვარებული მყავს, პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ვართ. ჩემი შეყვარებული მეუბნება, სიყვარული თუ გინდა დამიმტკიცო, სარწმუნოება შეიცვალეო, იმავეს ვეუბნები მეც… ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რა როგორ იქნება, არ ვიცი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბარიერია”, – მესაუბრება ღორჯომელი სტუდენტი, რომელსაც ინკოგნიტოდ დარჩენა სურს. 

 

ნატო ქათამაძე ჯერ სკოლის მოსწავლეა. სტუდენტობაზე ოცნებობს – უნდა ჟურნალისტი გამოვიდეს. ჯერ არ იცის, მისცემენ თუ არა მშობლები ბათუმში წასვლის უფლებას, ოცნება რომ აიხდინოს… ღორჯომში, ძირითადად, ბიჭებს ეძლევათ სოფლიდან გასვლის, სწავლის უფლება. 

აქ გოგონებს ტრადიციისამებრ, ძირითადად, 14-15 წლის ასაკში ათხოვებენ. მანამდე კი საოჯახო საქმეებს ასწავლიან. მე-8-კლასელ ირმა ადაძეს სკოლაში სიარული არ უყვარს, სამაგიეროდ, საოჯახო საქმეების კეთება მოსწონს: “აქ დავიბადე, გავიზარდე და ძალიან მომწონს ამ სოფელში ყოფნა, რატომ? ჩემებური ცხოვრებაა და ეს მომწონს. მუშაობა, ქსოვა, მთა, ჭალა, ყანა, თოხი, ბარი, საძოვარზე პირუტყვის გაყვანა – ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრებაა. სკოლაში სიარული არ მიყვარს”.

 

მადონა ირემაძე მეათეკლასელია, სოფელი უყვარს, მაგრამ დიდთოვლობის გამო ღორჯომიდან წასვლა, ქალაქში ცხოვრება უნდა: “სკოლის დამთავრების შემდეგ თურქეთში მწადია სწავლა, მინდა, უცხო ენა შევისწავლო”. 
სოფელ ადაძეებში არაბული ენის გაკვეთილზე ოცი მოსწავლე დადის. ყველაზე პატარა რვა წლისაა, დანარჩენები უფრო მოზრდილები არიან. ქალ-ვაჟებს ყურანი ქერიმს მეზობელი სოფლიდან მოწვეული პედაგოგი თემურ ცეცხლაძე ასწავლის. პედაგოგის თქმით, ყურანის შესასწავლად მინიმუმ ოთხი თვე, კარგად დასაუფლებლად კი წელიწადნახევარია საჭირო… 
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ძველი ტრადიციები სოფელში თითქმის მივიწყებულია. შემორჩა ის, რომ თუ ქალი მოგწონს, მომავალი პატარძლის მშობლებს ელჩი, ანუ მაჭანკალი აუცილებლად უნდა მიუგზავნო. თუ ელჩი ვინმეს ურიგებს ვაჟს, მას შეუძლია ქალი ქორწინებამდეც ნახოს. ეს უწინ სირცხვილად ითვლებოდა… 



პატარძლისთვის “ბოხჩის”, ანუ ნიშნის მიტანაც შემორჩენილი ტრადიციაა. პატარძალს მინიმუმ ათი ათასი ლარის ოქრო უნდა “აასხას” ოჯახმა, ნათლიამ და ნათესავებმა. ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებიან ღორჯომში. პატარძალს საკადრის ნიშანს თუ ვერ მიუტან, სირცხვილია. თუ ფული არ გაქვს, გამოსავალი ხარ-ძროხის გაყიდვაა, როცა საქმე ქორწინებას ეხება, “ფარა” როგორმე უნდა გაჩნდეს, `რამეში არ უნდა ჩამორჩე სხვებს, ანუ ეს ტრადიცია ოჯახმა არ უნდა დაარღვიოს; ეს დიდ სირცხვილად ითვლება…”

 

მივიწყებული ტრადიციები

 

ღორჯომში პირველი ქორწილი თავშლით აიშე ადაძემ გადაიხადა, ანუ მან პირველმა გამოაჩინა სახე საქმროს წინაშე. პატარძლებს მანამდე ჩადრი ეხურათ და მხოლოდ თვალები უჩანდათ. ქორწინების ღამეს, პატარძალს სახეზე ჩამოფარებულ ჩადრს ძმა დანით ჩაუჭრიდა, სწორედ მაშინ ხედავდა მისი ქმარი პირველად ცოლს. თუ საქმრო ქალს ქორწინებამდე ნახავდა, ეს დიდ სირცხვილად ითვლებოდა. საქმეს მშობლები “კაი ოჯახის შვილობით, ელჩის დახმარებით წყვეტდნენ”. იყო აკვნობიდან ნიშნობაც.

 

85 წლის სურიე ირემაძე თავის ისტორიას ყვება: “დედაჩემი ორსულად რომ იყო, მაშინ დავუნიშნივარ მეზობელი სოფლიდან მამაჩემის ნაცნობებს. ყველა დაბადების დღეზე საჩუქრებს მიგზავნიდნენ. როცა გავიზარდე, ძღვენს აღარ ვიღებდი – ჩემს დანიშნულზე უარი ვთქვი, მისი მშობლები დააპატიმრეს, არეული ცხოვრება ჰქონდა ოჯახს. 
მერე ჩვენ ქალაქში გადავედით. იქ გავიზარდე, მაგრამ ისევ აქ გამოვთხოვდი. ჩემი ქმარი პირველი უმაღლესდამთავრებული კაცი იყო ღორჯომში და გამოვყევი. იმ დროს ხალხი ალაპარაკდა, ქალაქიდან აიყვანა ქალი და ჩადრი დაახურაო. მეც ძალიან გამიჭირდა აქაურ ცხოვრებაზე შეგუება, მარა კაი ნასწავლი ქმარი მყავდა, გვიყვარდა ერთმანეთი”. 

 

დაწერე _ ერთადერთი თხოვნა მაღაზიასთან… 

ნოდარ ანთაძე: “ღორჯომში საშუალო ფენა არაა, აქ ყველას უჭირს, გამონაკლისი ერთი-ორი ოჯახია. გამოსავალი ჩვენი საქონლის იმპორტშია: ჩვენი პროდუქტის გატანა რომ შეგვეძლოს უცხოეთში, უკეთ ვიქნებოდით. რად გვინდა თურქული კარტოფილი, ჩვენი აგერაა ოც კაპიკად; ქართველები თურქეთში ჩაის საკრეფად მიდიან, აჭარაში კი ჩაი აჩეხეს”.
ავთანდილ ბერიძე: “სტრატეგიული გეგმა მაქვს შემუშავებული: მე რომ მთავრობაში ვიჯდე, სოფლის მეურნეობას მივხედავდი. ჩაის გადავამუშავედი და უცხოეთში გავიტანდი; თხილი, ყურძენი ხომ არსებობს? მარტო ღვინოსა და ბორჯომზე აკეთებს აქცენტს ხელისუფლება”. 
ვასო მახუნტარაძე: “ერთი ტომარა შაქრის ფასი ადევს აზოტსაც, ამნაირი ფასები თუ დარჩა, რაფერ უნდა მევიყვანოთ მოსავალი”. 
ნოდარ ირემაძე: “მუშახელი ბევრია სოფელში და ერთი კრახმალის ფაბრიკა გააკეთონ, კრახმალს მაინც დავამზადებთ”.  
ვიქტორ ირემაძე: “გეხვეწებით დაწერეთ: სააკაშვილს ვკითხავ, მარა ვერ ვნახავ, მაინტერესებს, რატომ გაზარდეს საპენსიო ასაკი? შევარდნაძის დროს ასე არ იყო, ახლა კია გაზრდილი პენსია, მარა უწინ საპონს 20 კაპიკად იყიდდი, ახლა? ლარიანი ზეთი სამი მანათი ღირს, მაინტერესებს, ეს რამ გამეიწვია, შეშა უნდა მეიტანო 20 კილომეტრიდან, ტყეც გაჩეხილია. ტელევიზიით ამბობენ, სიღარიბის გარეშეო. მართალია, სიღარიბეს მალე დავძლევთ –  გავწყტებით ღარიბები და სიღარიბეც დაძლეულია…” 

 

თენგიზ ირემაძე: “ნატოზე ლაპარაკობენ. კალოში აცვია კაცს დააა, აი რაფერ უნდა შევიდეს ნატოში? ჯერ თვალებახვეული ვარ, მარა ოპოზიაციაში წასვლაზე ვფიქრობ. რაც რუსეთში მიმოსვლა შეწყდა, მოცვს ვერ ვყიდი, მანამდე კილოში 20 ლარს მაძლევდენ. ნედლეულის რეალიზაცია არ კეთდება, ეს სოფლის გასაჭირია”, 
არსენ ცეცხლაძე: “უწინ თუთუნს ვამზადებდით, დღეს არავის სჭირდება ჩვენი დამზადებული, უცხოეთიდან შემოდის. ხალხს გაჭირვება გვალაპარაკებს; გვი-ჭირს! ქალაქიდან შორს ვართ, აქა 10 თვე ზამთარია, დანარჩენ დროს გლეხმა ყველაფერი უნდა მოასწროს: ოჯახისა და პირუტყვის საკვების მომარაგებაც. ჩვენს წარმოებულ პროდუქციას მთავრობა არ იბარებს, სამაგიეროდ, თურქეთიდან შემოსული კარგად იყიდება; მო-ვი-თხოვთ, რომ განბაჟება დაწესდეს საზღვარზე. თურქეთმა დიდი დარტყმა მოგვაყენა. რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, მხოლოდ 4-5 ოჯახს ეძლევა ღორჯომში, ეს ამბავი გადასახედია”.

 

ავთანდილ ადაძე: “ბევრი რამ მოსაწონია, ბევრიც _ არა. პოლიტიკაში ისეთი ვინმე არ უნდა ერეოდეს, ვინც ეს საქმე არ იცის. იქნებ სააკაშვილზე უკეთესიც მოვიდეს, მაგრამ მიშა შევარდნაძეს, ცხადია, ჯობია; რომ დაღამდებოდა, ყაჩაღი ცხენზე შემჯდარი გადაგიარდა, გარეთ ვერ გამოვდიოდით შიშისგან. ის დრო აღარაა”. 

 

ნოდარ ირემაძე: “არ შეიძლება ჟურნალისტმა ყველაფერი წეროს და იკითხოს; ამას წინათ, ჩვენი სარწმუნოების მუფთი დააბეჩეს. ეს ახალგაზრდობამ არ უნდა იკადროს, მუფთს პოლიტიკური კითხვები არ უნდა დაუსვას; მაგას პასუხს მოვკითხავთ”.

 

ვლადიმერ გორგაძე: “მღვდელი და მუფთი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს~.
ბატონი რიფათი: “ჟურნალისტი წყალს რომ ამღვრევს, იგი ჟურნალისტად არ ვარგა…” 
ვაჟა გორგაძე: “ეჰჰჰჰ, რა ჩამოთვლის იმას, რაც გვაწუხებს. ჯობია დაწეროთ, რომ ბევრი უყურადღებობა და დიდთოვლობა გვაწუხებს”.

 

არჩილ პაიჭაძე: “მოსახლეობის 90-პროცენტი სოციალურად დაუცველია. ხელისუფლებასთან მიხვალ და პოლიცია დუბინკებით დგას. წინასაარჩევნოდ იმდენ რამეს გვპირდებიან… შეწყალების დროს ღარიბი ოჯახის შვილებს ყურადღება არავინ მიაქცია, ჩემს სიძეს 10 ლარის გამო ოთხი წელი მიუსაჯეს, დავდივარ კარდაკარ უიმედოდ”.  
შოთა გორგაძე: “მთავრობის მხრივ ყველაფრით მომარაგება გვაქვს. ფქვილსა და შაქარს გვაძლევენ. მაისში თითო მეშოკი ფქვილი და ათი კილო შაქარი ყველა ოჯახს დაგვირიგეს”

ჯემალ გორგაძე: “არასდროს არაფერი მიმიღია საჩუქრად მთავრობისგან, ვმუშაობ კარტოფილი მოგვყავს”. 
ფატკუმე გორგაძე: “ახლა იმფერ დროში ცხოვრობ, ყველაფერი უნდა მეიწონო. ხალხს უჭირს. ჩვენს პროდუქტებს ვერ ვყიდით. ცოდვა ვართ, მაღალმთიან რაიონს უჭირს”.  
შაისმალ ანთაძე, 81 წლის: “აქაური ხალხი მაგარია, არაფრის შიში არ აქვს. ისე, პენსია რომ არ მქონდეს, ვერ ვიცხოვრებ, ფქვილისა და შაქრის საყიდლად მყოფნის. ნამეტნავად მომწონს ჩვენი პრეზიდენტი”.


გადაბეჭდვის წესი