კვირის ამბები

ტურიზმი, ნაგავი და ჯარიმები

03.08.2014 • 2447
ტურიზმი, ნაგავი და ჯარიმები

 

 

„ეს ალბათ კულტურის და აღზრდის საკითხია, წესით არ უნდა სჭირდებოდეს ჯარიმით შეშინება ადამიანს იმისათვის, რომ ნაგავი არ დაყაროს ნებისმიერ ადგილას, შეუძლია ორი ნაბიჯი გაიაროს და ურნაში ჩააგდოს“, – ამბობს ბათუმელი ნინო დვალი და იმასაც დასძენს, რომ თავადაც არაერთხელ შესწრებია ასეთ ფაქტს, მაგრამ შენიშვნა მოქალაქისათვის, რომელიც ნაგავს ქუჩაში ან პარკში აგდებდა, არ მიუცია. „ხან არ მცალია, ხან კიდევ კონფლიქტურ სიტუაციას ვარიდებ თავს“, – ამბობს ის.

 

ზაფხულში ბათუმის სანაპირო დამსვენებლების საყვარელი ადგილია. ზღვის ნაპირას საზამთროს ქერქებს, შეჭმული სიმინდის ტაროებს, სიგარეტის ნამწვავებს, ცელოფნის პარკებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგავს არც თუ იშვიათად შეხვდებით.

 

„წელს გვქონდა შემთხვევები, როცა სამშენებლო დანაგვიანებაზე გამოვწერეთ ჯარიმები. თუკი მშენებლობისას სამშენებლო ნარჩენები ხვდება ისეთ პერიმეტრზე, სადაც ადამიანები მოძრაობენ, ათასი ლარით განისაზღვრება ჯარიმა. გვაქვს შემთხვევები, როცა ინდივიდუალურად ვაჯარიმებთ, სიგარეტის, მზესუმზირის, პოლიეთილენის პარკებისა და სხვა ნივთებით დანაგვიანებისას. ჯარიმა 50 ლარია. საკმაო რაოდენობის ჯარიმებია. ხდება ისეც, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი ან ტურისტები თითონ ასუფთავებენ პერიმეტრს, ასეთ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არ არის, რომ ტურისტი დავაჯარიმოთ. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია სისუფთავე შენარჩუნდეს“, – ამბობს გურამ ჩიქოვანი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

მისი თქმით, ბულვარში სისუფთავეს მონიტორინგის სამსახური აკონტროლებს. „შვიდი კონტროლიორი მთლიან პერიმეტრზეა გადანაწილებული და მოძრაობენ. პარალელურად მათ ეხმარება დაცვის სამსახური. თუ მოქალაქემ წინააღმდეგობა გაგვიწია, პირადობის ნომერს არ იძლევიან ხშირ შემთხვევაში, ამ დროს დაცვის პოლიციას გადაყავს პიროვნება განყოფილებაში, სადაც დგინდება პირადი ნომერი და აჯარიმებენ“, – ამბობს გურამ ჩიქოვანი.

 

რა მონაკვეთებში ანაგვიანებენ ბულვარს ყველაზე ხშირად? გურამ ჩიქოვანი ამბობს, რომ საღამოს ზღვის ნაპირი არ არის განათებული და, შესაბამისად, ძალიან რთულად კონტროლდება: „ღამით სანაპიროზე გადადიან ნასვამი ადამიანები, გადააქვთ ლუდი, შემდეგ ტოვებენ ნაპირზე, ყოველ დილით ვასუფთავებთ, სპეცმანქანა ვერ მიდის, მხოლოდ ადამიანური რესურსია საჭირო, რომ პერიმეტრი დასუფთავდეს. ვისაც იჯარით აქვს აღებული ტერიტორია, მათ აქვთ ვალდებულებაც, რომ ტერიტორია დაასუფთავონ.“

 

მისი თქმით, ბულვარს, ძირითადად, ახალგაზრდები და ასაკოვანი ქალები ანაგვიანებენ, ეს უკანასკნელნი ძირითადად მზესუმზირის ნარჩენებით.
თუმცა ბულვარის ადმინსიტრაციის მხრიდან ჯარიმის გამოწერა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოქალაქე დაჯარიმებულია. საქმე სასამართლომ უნდა განიხილოს და სწორედ იქ წყდება, ეკისრება თუ არა ჯარიმა მოქალაქეს ქუჩის ან პარკის დანაგვიანებისთვის.

 

გურამ ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ჯარიმების სისტემა საკმაოდ ეფეტურად მუშაობს. „ხალხმა იცის, რომ დაჯარიმდებიან, შესაბამისად, სისუფთავეც იზრდება. ყველა ღონისძიება, იგივე ჯარიმები, ინფორმაციული შეხვედრები, გაფრთხილებები, პარალელურად და დოზირებულად უნდა გატარდეს. სულ მოვუწდოებთ ხალხს, რომ შენიარჩუნონ სისუფთავე, რადგან ეს ახდენს გავლენას ტურიზმზე და, შესაბამისად, ყველა ადგილობრივზე შემოსავლის თვალსაზრისით.“

 

საყოფაცხოვრებო ნარჩენები არა მხოლოდ ბულვარში, პარკებსა და ქალაქის ქუჩებში, არამედ ველურ ბუნებაშიც გვხვდება, მათ შორის ტყეებსა და დაცულ ტერიოტირებზე. „ეს არის შოკი ჩემთვის, იყო ველურ ბუნებაში, უნიკალურ ბუნებაში და ირგვლივ ხედავდე ნაგავს,“ – უთხრა გრიგორ ვოლფმა, გერმანელმა ტურისტმა გასულ წელს „ბათუმელების“ ვებგვერდის, ნეტგაზეთის კორესპოდენტს. გერმანელი ტურისტი სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბაზე იმყოფებოდა სამოგზაუროდ.

 

მტირალას დაცული ტერიტორია აჭარაში ეკოტურისტების საყვარელი ადგილია. დავით ხომერიკი, მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი ამბობს, რომ მათ ტურისტები გარემოს დანაგვიანებისთვის ჯერ არ დაუჯარიმებიათ, რადგან მდგომარეობა შეიცვალა და დანაგვიანების შემთხვევები იშვიათია.
„ის კულტურა, რომ არ უნდა დაანაგვიანო ბუნება, ძლიერდება ხალხში და არ გვქონია დაბინძურების გამო დაჯარიმების შემთხვევა. ეს კარგია. თუმცა მაინც ხდება ისეთი რაღაც, რომ მანქანიდან ვიღაც ბოთლს გადააგდებს, ქაღალდს ან ცელოფანს… ჩვენი რეინჯერები ყოველდღურად პატრულირებენ და ასეთ შემთხვევებს აკონტროლებენ. ჩვენს ფუნქციაში შედის, რომ ბილკები იყოს მოწესრიგებული. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, სულ უფრო ნაკლებია ასეთი შემთხვევები“, – ამბობს დავით ხომერიკი.

 

თავის მხრივ მოქალაქეებსაც აქვთ შენიშვნები ქალაქში და ტურისტულ ადგილებში ურნების სიმცირესთან დაკავშირებით. დავით ხომერიკი ამბობს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავენ: „მტირალაზე, სადაც კი არის საპიკნიკე ადგლები, რეინჯერთა საგუშაგო თუ ვიზიტორთა ცენტრი, არის ცელოფნის პარკები, მორიგე თანამშორმელი აწვდის პარკს ტურისტებს. სასურველია ურნის დადგმა, მაგრამ პლასტმასის ურნის დადგმა ბუნებაში არაესთეტურია, დონორ ორგანზიაციას ვთხოვეთ, რომ დაგვეხმარონ და ისეთი ურნები გვქონდეს, რაც ბუნებასთან იქნება ასოცირებული, არ გვინდა პლასტმასის ურნები იყოს.“

 

ქეთი ახვლედიანი სტუდენტია. იგი ამბობს, რომ ბევრს არ მოგზაურობს, თუმცა იმის დასანახად, თუ როგორ ანაგვიანებენ სკვერებს თუ ბუნებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, მისი გამოცდილებაც საკმარისია. ქეთი ასეთ ფაქტს იხსენებს: „ორი თვის წინ ვიყავი შაორის ტბაზე, რაჭაში. ჭამეს, სვეს და ყველაფერი იქ დაყარეს. ერთი ამერიკელი იყო იქვე, რომელსაც არავისთის არ უკითხავს, არც შენიშვნა მიუცია, დიდი პარკი აიღო და მთელი ნაგავი მოაგროვა. არასოდეს მინახავს, ასეთ სიტუაციაში თუნდაც დაცვას შენიშნვა მიეცა ვინმესთვის“.

 

გადაბეჭდვის წესი