კვირის ამბები

750 კილომეტრი წამლის ასაღებად

09.07.2014 • 2204
750 კილომეტრი წამლის ასაღებად

 

 

საქართველოში დაახლოებით ორასი თირკმელგადანერგილი პაციენტი ცხოვრობს, რომლებსაც ყოველდღიურად იმუნოსუპრესიული, ანუ იმუნიტეტის დამწევი მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა ესაჭიროებათ. წამლის თუნდაც ერთი მიღების გამოტოვების შემთხვევაში, ორგანიზმმა შეიძლება ტრანსპლანტატი მოიცილოს. ამ მედიკამენტებს პაციენტები სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ, თუმცა მათ მისაღებად რეგიონებში მცხოვრებ პაციენტებს ყოველთვიურად თბილისში უწევთ ჩასვლა.

 

აჭარაში თირკმელგადანერგილთა საერთო რაოდენობის 15-პროცენტი, ანუ დაახლოებით 30 პაციენტი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანის დედა, ამბობს, რომ ყოველთვიურად წამლის 30-დღიანი მარაგის ჩამოსატანად სხვა ქალაქში სიარული ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. „რადგან ვიცი, რომ აუცილებლად წასასვლელი ვარ, ყოველ ლარს ვუფრთხილდები, ყველაფერზე დანაზოგს ვაკეთებ, რომ იქ ჩავიდე და წამალი ჩამოვიტანო“, – ამბობს ის.

 

 

ერთ-ერთი პაციენტის დედის თქმით, მათ ჯანდაცვის სამინისტროს ერთხელ უკვე მიმართეს მედიკამენტების რეგიონში გამოგზავნის თხოვნით, რაზეც ერთჯერადად მიიღეს კიდეც დახმარება, თუმცა თხოვნა აფთიაქიდან წამლის რამდენიმე თვის მარაგის ერთად გამოტანაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

 

გარდა გზის ხარჯისა, მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს ისიც, რომ პაციენტს, წამლის წინასწარ (28 დღეზე ადრე) გამოტანა არ შეუძლია. ამ სპეციფიკური მედიკამენტების ნაწილი საქართველოს აფთიაქებში არ იყიდება, ხოლო ისინი, რომელთა შეძენაც საქართველოშია შესაძლებელი, მხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, რამდენიმე აფთიაქში, საკმაოდ ძვირად იყიდება – ერთი კოლოფის ფასი 300 ლარია.

 

 

იშვიათად, მაგრამ ისეც ხდება, რომ სისტემაში ხარვეზების გამო სპეციალიზებულ აფთიაქში კონკრეტული წამლის მარაგი უთავდება და პაციენტი იძულებულია წამალი თავისით მოიძიოს.

 

 

სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა სულ ხუთ სფეროს მოიცავს, რომლითაც დიაბეტით დაავადებული, იშვიათი დაავადების მქონე პაციენტები, თირკმელგადანერგილები და ნარკოდამოკიდებულები სარგებლობენ. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, ეკატერინე ადამიას თქმით, გარდა იმუნოსუპრესიული მედიკამენტებისა, დიაბეტით დაავადებული პაციენტების ორი დასახელების მედიკამენტი მხოლოდ თბილისში გაიცემა.

 

 

რატომ ვერ ხერხდება პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გაცემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც ჯანდაცვის სამინისტროც არის? ეკატერინე ადამიას თქმით, ზოგიერთი სპეციფიკური მედიკამენტის რეგიონებში, კერძოდ ბათუმში გადმოგზავნა რამდენიმე ფაქტორის გამო ვერ ხერხდება. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პაციენტების სიმცირეა, რის გამოც აფთიაქებს, რომლებთანაც სამინისტროს კონტრაქტი აქვს გაფორმებული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მედიკამენტების გადატანა არ უღირთ.

 

 

გარდა ამისა, ეკატერინე ადამიას თქმით, ასეთ პაციენტებს თბილისში ექიმთან კონსულტაციაზე მაინც უწევთ სისტემატურად სიარული და მისი ვარაუდით წამლის გატანა, მათთვის ზედმეტ სირთულეებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.

 

 

„ჩვენ კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული აფთიაქთან, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს ამ მედიკამენტების მოძრაობას და მას გარკვეული პირობებიც აქვს, მაგალითად, დიაბეტის პროგრამის ფარგლებში მას დიდი რაოდენობით ინსულინი ჩააქვს ყველა რაიონში. შეიძლება ცუდად გამომივიდეს ნათქვამი, მაგრამ მთელი ბიზნესპროცესი აწყობილია იმ თემაზე, რომ თუ ორი კოლოფია წასაღები, ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ მათ და რეალურად არ უღირდეთ მათი წაღება“, – ამბობს ეკატერინე ადამია.

 

 

საქართველოს ტრანსპლატოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელის ქრისტინე ალხაზოვის თქმით, თირკმელგადანერგილი პაციენტებისთვის ყველა იმუნოსუპრესია (იმუნიტეტის დამაქვეითებელი მედიკამენტი) მხოლოდ თბილისში გაიცემა.

 

 

„წარმოიდგინეთ, პაციენტი ცხოვრობს ერთგან და ყოველ თვეში აუცილებლად უნდა ჩავიდეს სხვა ქალაქში წამლისთვის. ნათესავიც რომ მოვიდეს და შემდეგ მიკროავტობუსით გადაუგზავნოს ეს წამალი, მაინც უამრავ დისკომფორტთანაა დაკავშირებული ეს ყველაფერი“, – ამბობს ქრისტინე ალხაზოვი. ის მიიჩნევს, რომ წამლების რეგიონებში მიწოდება შესაძლებელია, ოღონდ საამისოდ პაციენტები უნდა მოგროვდნენ და დაწერონ განცხადება საერთო სახელით, ამის საფუძველზე კი გამოითვლება, რამდენი იმუნოსუპრეცია ესაჭიროებათ მათ და შემდეგ ეს რაოდენობა გადაიგზავნება კონკრეტულ რეგიონებში.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ პაციენტებმა მათ ამ პრობლემაზე განცხადებით უნდა მიმართონ, მაგრამ ვინაიდან ეს სახელმწიფო პროგრამაა, მათ შეუძლიათ მხოლოდ უშუამდგომლონ პაციენტების განცხადებას და ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში გადაგზავნონ. გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხზე სწორედ მათი პრეროგატივაა. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: