კვირის ამბები

მერობის კანდიდატები ბათუმის მწვანე მომავალზე

07.06.2014 • 2095
მერობის კანდიდატები ბათუმის მწვანე მომავალზე

 

 

 

 

ბათუმი

 

გიორგი ერმაკოვი (საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება“): გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ პროგრამის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გუნდი წარადგენს. ეს ითვალისწინებს ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას. ჩვენ მივუთითეთ, რომ ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღება მოიცავს მწვანე ზონისა და ეკოლოგიური ზონების კიდევ უფრო ზრდას. მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონების, პარკების კეთილმოწყობა. უნდა გაიზარდოს მწვანე ზოლი. არ უნდა დაგვრჩეს ქალაქში ტერიტორია, სადაც მწვანე საფარი გვაქვს, რომელზეც არ იქნება მრავალწლოვანი და ფოთლოვანი ნარგავები.

 

ქალაქი გახდა მერების შეთანხმების მონაწილე. ჩვენ ამ შეთანხმების რატიფიკაციაც მოვახდინეთ და ავიღეთ ვალდებულება ნახშირორჟანგის შემცირებაზე ქალაქში 2020 წლამდე, დაახლოებით 22 %-ით. ეს გლობალური საკითხია და ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს. უნდა შეიცვალოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ანუ ის უნდა მოვარგოთ ქალაქს ეკოლოგიური თვალსაზრისით.

 

ბათუმში გვაქვს ნაგავსაყარი გამწმენდ ნაგებობასთან და გადაგვაქვს სხვა ადგილას, მაგრამ გვრჩება პრობლემად დარჩენილი მასის უტილიზაცია. ვმსჯელობდით სპეციალური შემკრები დანადგარის შეძენაზე, რომლის მეშვეობით ნარჩენებს გადავამუშავებთ, რის შემდგომაც წარმოიქმნება გაზი ან დამატებითი ენერგია ქალაქისთვის.

 

ნუგზარ ჩხაიძე (შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“): ჩემი გეგმა ასეთია: ქალაქში უნდა გაიზარდოს მწვანე საფარი და გაშენდეს ტყე-პარკი. მაგალითად, ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადრე მანქანათმშენებელი ქარხანა იყო. ასევე

 

მახვილაურის მეურნეობის მეექვსე ბრიგადაზე, სტეფანოვკაზე უკვე არის მწვანე საფარი. მზა პარკია, რამდენიმე ოჯახი იქნება გამოსაყვანი მხოლოდ. უნდა დამთავრდეს პალმომანია. უნდა გაშენდეს ცაცხვი, კოპიტი, რომელიც ჟანგბადსაც მისცემს ქალაქს და დასვენებისთვის კარგი იქნება. ავკრძალავ ქალაქის ძველ უბნებში მაღლივი სახლების მშენებლობას. გარეუბნებში კი ბატონო, ააშენონ. მოვითხოვ, რომ შემოტანილი ბენზინი იყოს ხარისხიანი. დავაწესებ მუდმივ მონიტორინგს. ასევე უნდა აშენდეს ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც გადაამუშავებს ნაგავს. მე გავწევ რეკომენდაციას, რომ აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა და ეს მოხსნის ყველა პრობლემას.

 

დურმიშხან შაინიძე (საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს“): მერმა, როგორც მენეჯერმა, აუცილებლად უნდა შეძლოს სწორად და მიზანმიმართულად დაგეგმარება. ბათუმში გვყავს ბევრი პროფესიონალი და ამ ადამიანებთან ერთად უნდა მოხდეს მომავლის დანახვა. შავ ზღვასთან დაკავშირებით ნაპირგამაგრებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. გვჭირდება ეს ზღვა იყოს ჯანმრთელი. ნარჩენების მართვის კუთხით, საჭიროა პროფესიონალებთან დაჯდომა და მათთან ერთად გადაწყვეტა. ბევრ ადამიანს უნდა მოვუსმინოთ. ატმოსფერულ ჰაერს რაც შეეხება, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის რაც შეიძლება მეტი გამწვანება. ზოგადად, ქვეყნის განვითარება ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა სამრეწველო ობიექტების უფრო მეტი დაცულობა, ჰაერში რომ არ მოხვდეს გამონაბოლქვი და ქიმიური ნაერთები. საჭიროა უფრო მეტი გამწვანება.

 

გიორგი დიასამიძე ( საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)“: დავიწყოთ იმით, რომ არსებული რეკრეაციული ზონები უნდა შევინარჩუნოთ, ეს აუცილებელია, თუნდაც განვითარების პროგრამებს ხელს უშლიდეს. პრიორიტეტი მივანიჭოთ ეზოების გამწვანებას, მიკროზონების სახით რომ შეიქმნას ყველა ეზოში. უნდა გაჩნდეს ახალი სკვერები და პარკები.

 

სერიოზულ პროპაგანდისტულ კამპანიას ჩავატარებ იმისთვის, ბათუმელებმა ქალაქს რომ მოუარონ. მეორე მხრივ, მერობის შემთხვევაში აუცილებლად გადავხედავ იმას, რასაც დღეს სანდასუფთავება აკეთებს. არ არის გამორიცხული სპეციალისტებმა გვითხრან, რომ რაღაც რესურსები მოსამატებელია ამ სამსახურისთვის. რაც შეეხება ნარჩენების მართვას, ზოგადად გეტყვით, რომ ისეთი საშინელი ნაგავსაყარი გვაქვს, დღემდე მიკვირს, ეკოლოგიურ კატასტროფასთან რომ არ გვაქვს საქმე. ეტყობა, ზეციური ძალები გვშველიან. ადგილი იქნება მოსაძებნი, სადაც ახალი ნაგავსაყარი გაჩნდება.
თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, იყო მცდელობა ქალაქი გადაგვეყვანა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე. ძალიან ბევრი ღონისძიების ჩატარება შეიძლება იმისათვის, რომ ჩვენი წილი მავნე გამონაბოლქვი შევამციროთ. ეს სერიოზული გლობალური პრობლემაა და მარტო ვერ გადავწყვეტთ.

 

თეიმურაზ მიქელაძე (დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი): გაკეთებული კი არის, მაგრამ ბევრი კიდევ გასაკეთებელია. ჩვენ ხელს შევუწყობთ მწვანე ზოლების განვითარებას, ხეების დარგვას. რაც შეეხება ეკოლოგიას, პირველ რიგში, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადავიტანთ ნაგავსაყარს. ძალიან ახლოსაა გამწმენდი ნაგებობა ზღვასთან, თან არასწორად გაკეთებული. ასევე ნაპირგამაგრების სამუშაოები უნდა დავიწყოთ მოკლე ვადაში. ტექნიკურად გაუმართავი მანქანები რომ არის ქალაქში, არ უნდა გავუშვათ. ისეთი ღონისძიება უნდა მივიღოთ, რომ მოკლე ვადაში გაასწორონ, თორემ ქალაქში ჩვენ არ გავუშვებთ ასეთს.

 

კულტურა უნდა გავზარდოთ – ხშირად მინახავს ნაგვის ყუთების გვერდით ყრია ნაგავი. უნდა ვიზრუნოთ გამწვანებაზე. არის ქუჩები, სადაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ამოძირკვეს ნორმალური ხეები. იქ სასწრაფოდ დასარგავია ხეები. ყველგან არის გასაკეთებელი სკვერები. მწვანე ზონები უნდა განვითარდეს.

 

მერაბ ხიმშიაშვილი (ერთიანობის დარბაზი): თუკი ჩემი თანაქალაქელები მხარს დამიჭერენ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით უფრო ოპერატიულად მოხდეს ჩვენი ხედვის განხორციელება. გამწვანების ზონები იქნება გაზრდილი. ავაშენებთ ნაგავგადამამუშავებელ ქარხანას, რომლითაც ბათუმი ნარჩენებისგან გათავისუფლდება.

 

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ავტომანქანებთან დაკავშირებით ძალაში შედის ახალი მოთხოვნები, ტექდათვალიერების პარამეტრები იზრდება. ნელ-ნელა უნდა განახლდეს ავტომანქანების პარკი.

 

გოჩა გუგუნავა (სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა): მაქსიმალურად შევეცადეთ ჩვენი პროგრამა ყოფილიყო ინოვაციებზე ორიენტირებული. თუმცა ეკოლოგიის თემას პროგრამაში ცალკე თემად არ განვიხილავთ. ჩვენთვის ეკოლოგია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველგვარი აქცენტების გარეშე იგულისხმება. მნიშვნელოვანია რეკრეაციული ზონის შენარჩუნება და გაზრდა, რომელიც ჩვენს ქალაქში, წლების მანძილზე, სისტემატურად ირღვეოდა ახალი მშენებლობების გამო. გადასახედია საკონტრაქტო ვალდებულებები ამ თემაზე. ბათუმი უნდა იყოს მწვანე ქალაქი ჯანსაღი ინფრასტრუქტურით.

 

აუცილებლად უნდა აშენდეს ნაგვის გადამამუშავებელი ახალი ტექნოლოგიური ხაზი, რომელიც მუნიციპალური საწარმოს სახით იქნება წარმოდგენილი. თუკი ახალი ტექნოლოგიით აშენდება, გამოყოფს ენერგიას, რაც მნიშვნელოვნად წაადგება ქალაქს. აუცილებელია შემოწმდეს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა: ჰაერის, წყლის, მიწისქვეშა კომუნიკაციები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იფიქრო ინფრასტრუქტურის შენარჩუნებაზე. უნდა მოიწვიო სპეციალისტები და მათთან ერთად დაგეგმო.

 

ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია): სიმართლე გითხრათ, ბათუმში გარემოს დაცვის კუთხით ვერ ვხედავ კატასტროფულ მდგომარეობას. ვფიქრობ, ამ კუთხით უფრო ბევრი ფული იხარჯება, ვიდრე სოციალურ პროგრამებზე. ბათუმში ისეთი ხელშემშლელი პირობები არ არის და ისეთი პროექტები არ ხორციელდება, რომ პრობლემები ჰქონდეს ქალაქს. ყოველ შემთხვევაში, არ შემიმჩნევია. შიგნით, ქალაქში, სკვერები რომ უნდა მოეწყოს, მრავალწლოვანი ხეები არ უნდა გავჩეხოთ და ხელი უნდა შევუწყოთ მარადმწვანე მცენარეებით განაშენიანებას, ამაში ორი აზრი არ არსებობს.
ჩემი პოლიტიკური ნება იქნება, გამწვანების სამსახურმა ყველა ღონე იხმაროს, რომ ქალაქს გამწვანების პრობლემა არ ჰქონდეს. არ უნდა გაიჩეხოს ხეები კაფე-ბარის გაკეთების გამო.

 

ნარჩენების მართვის კუთხით პროგრამაში მიწერია, რომ აუცილებელია ახალი ტექნოლოგიებით ნაგავგადამამუშავებელი საწარმო შეიქმნას ქალაქგარეთ.
ჰაერის გაუმჯობესების კუთხით ვერაფერს გავაკეთებ. რა აბინძურებს ქალაქში ჰაერს? – ის, რომ ავტომობილები მოძრაობენ, ამას მე ვერ ავკრძალავ. ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ის არის, რომ სარეკრეაციო ზონები უნდა შეიქმნას.

 

მურმან ბერიძე (ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია): ჩემი მერობის შემთხვევაში დავიწყებ ქალაქის გამწვანებას. კონკრეტულად მოვიწვევ ქალაქში არსებულ სპეციალისტებს, მათ აზრს გავითვალისწინებ, რათა ის უმსგავსობა, რაც ახლა არის, გამოსწორდეს. ნარჩენების მართვის კუთხით განსახორციელებელია მთელი რიგი პროექტები, რაც მოაწესრიგებს ქალაქის ნარჩენებისგან ეფექტურად გასუფთავებას. აუცილებელია აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა.

 

უნდა შევიმუშაოთ სტანდარტები და რეგულაციები, რომლის მიხედვითაც დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ეკოლოგიურად დაბინძურების საქმიანობა იქნება შეზღუდული და ობიექტების მეპატრონეებს მივცემთ გარკვეულ ვადას, რომ ასეთი ობიექტები დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებით გაიტანონ. 

 

ალექსანდრე თევზაძე (საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე“): როცა ერთ კონკრეტულ მიმართულებას ეხება საქმე, ჩართული უნდა იყვნენ როგორც ეკოლოგები, ასევე სხვა სპეციალობის პროფესიონალები და ერთად უნდა გადავწყვიტოთ საკითხი.
არავინ მინდა მოვატყუო. როცა ამბობენ, რომ კონკრეტულად გადავჭრითო პრობლემას, ერთ ადამიანს არასდროს არ აქვს პასუხი. არავის გულის მოგებას არ ვაპირებ. ეს არის პროფესიონალი ხალხის გადასაწყვეტი. მოსახლეობას აქვს პრობლემები, ნაგავსაყარები, შავი ზღვის პრობლემა, დაბინძურება, ხე-ტყესთან დამოკიდებულება. ეს თემები ერთად არის განსახილველი. მერის მოვალეობაა, შექმნას ის გარემო, სადაც სპეციალისტები იმსჯელებენ ამაზე და შეიმუშავებენ პოლიტიკას, სტრატეგიას, თუ რა გვჭირდება და რას უნდა მივაღწიოთ. წინასაარჩევნოდ გულის მოსაგებად მოვერიდები ხმამაღალ განცხადებებს.

 

დავით დიასამიძე (ირაკლი ღლონტი-რეფორმატორები): ბოლო წლებში ბათუმს არ აქვს ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების, ლანდშაფტური განვითარების გეგმა. თუ მე ამირჩია მოსახლეობამ, პირველი ჩემი მიზანი, საიდანაც დავიწყებ ის იქნება, რომ მივხედავ ეკოლოგიურ საკითხებს.

 

თუ არ მოწესრიგდა ის ქაოტური მშენებლობები, თუ სეგმენტურად არ დალაგდა, ბათუმის განვითარებას ვერ მივაღწევთ. ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ ქალაქი მიიყვანა იმ დონემდე, რომ მაღალსართულიანი სახლების მშენებლობამ შეცვალა ბათუმის ეკოლოგია, მისი სანაპირო ზოლი. ქალაქში სახლები უნდა აშენდეს არა ზღვის პარალელურად, არამედ მის პერპენდიკულარულად. რაც არ უნდა მაღალი შენობა იყოს, ჰაერი იმოძრავებს. ეს არის მომავალი სიტყვა. რაც შეიძლება მეტი მშენებლობა უნდა დავიწყოთ ჭაობის მხრიდან. ნარჩენების კუთხით აუცილებელია აშენდეს გადამამუშავებელი ქარხანა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: