კვირის ამბები

სამი ახალი ნავთობრეზერვუარი ორის ნაცვლად

02.06.2014 • 1985
სამი ახალი  ნავთობრეზერვუარი ორის ნაცვლად

 

 

 

 

იმის გამო, რომ ასაშენებელი ობიექტების რაოდენობა შეიცვალა და, შესაბამისად, შეიცვალა მავნე ნივთიერებათა ჰაერში გამოყოფის სტაციონარული წყაროების რაოდენობა, ნავთობტერმინალს თავიდან მოუწევს მშენებლობის ახალი ნებართვისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის მიღება.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ახალი დოკუმენტი უკვე ხელმისაწვდომია და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

 

ტერიტორია, რომელზეც სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა იგეგმება, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, ქალაქის გარეუბანშია. „ბათუმელები“ დაინტერესდა რამდენად იქნება დაცული მშენებლობის ნორმები; მშენებლობის პროცესში ხომ არ გავრცელდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებები, საწარმოო წყლები ხომ არ დაბინძურება ან სახიფათო ნარჩენები ხომ არ წარმოიქმნება.

 

დოკუმენტის მიხედვით, საწარმოო და სანიაღვრე წყლებისთვის ცალკე საკანალიზაციო მილს გაიყვანენ. ახალი რეზერვუარების პარკის სანიაღვრე სისტემა უკვე არსებული რეზერვუარების სანიაღვრე სისტემას მიუერთდება, საიდანაც მდინარე ბარცხანაში გადაიტუმბება.

 

გზშ-ში ნათქვამია, რომ სანიაღვრე წყლებს მდინარე ბარცხანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაუშვებენ, თუკი წვიმის წყალი ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმებს დააკმაყოფილებს. ხოლო თუ ნორმები დაირღვევა, მაშინ წვიმის წყლებს ცენტრალურ ნავთობდამჭერში გადატუმბავენ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, მაგალითად, როგორ მოხდება წვიმის დროს კონტროლი, რომ დაბინძურებული წყალი ჯერ მდინარეში, შემდეგ კი ზღვაში არ მოხვდეს.

 

„აქ საუბარია წვიმის წყალზე, რომელიც მოედინება სუფთა ტერიტორიაზე. რეზერვუარის პარკი შიგნიდან დაბეტონებულია და სრულიად სუფთაა. არანაირი ნავთობის კვალი იქ არ არის. იქ მონადენი წყალი ხვდება ცალკე სანიაღვრე მილში, გადის მილსადენით და იტვირთება მდინარე ბარცხანაში. დღეს ეს სისტემა მოქმედებს. ორი რეზერვუარი უკვე აშენებულია, რომლებსაც მსგავსი სანიაღვრე სისტემა გაუკეთდა. მას ყოველი წვიმის დროს ვაკონტროლებთ. ჩვენთან არის ეკოლოგიის ლაბორატორია, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს კონცენტრაცია ჩამდინარე წყლების,“ – ამბობს ნავთობტერმინალის საწარმოო უსაფრთხოების მენეჯერი თენგიზ გორდელაძე.

 

მისივე თქმით, რეზერვუარების აშენების შემდეგ დამონტაჟდება ელექტრონული სისტემა, რომელიც გაზომავს მდინარეში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციას. ეს იქნება იმის გარანტია, რომ მდინარეში დაბინძურებული წყალი არ მოხვდება.

 

გასულ წლებში ბათუმის ნავთობტერმინალი რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგალითად, 2013 წლის აპრილში სანებართვო პირობების დარღვევის გამო.
„შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია არღვევდა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობებს. კერძოდ, ნებართვის პირობებით არის დადგენილი უნაპირო ნავმისადგომზე ნავთობის გადატვირთვის სიჩქარეები. შემოწმების პერიოდში აღემატებოდა იმ ნორმას, რაც არის დადგენილი რეალურად ნებართვის პირობებით,“ -უთხრა „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარმა სახელმწიფო ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.

 

იმავე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მე-6 და მე-3 ესტაკადები არ იყო აღჭურვილი ნავთობის აირების შეგროვებისა და რეკოპერაციის დანადგარებით. ტერმინალი 5 ათასი ლარით დააჯარიმეს და მდგომარეობის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა მისცეს. განმეორებითი შემოწმებისას, 2013 წლის ივლისში, ნავთობტერმინალს ე.წ. „ნავთის უბანზე“ საწარმოო სისტემიდან ნავთობის აირების შეგროვების სისტემისა და რეკოპერაციის დანადგარების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულებული ჰქონდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, იმ ოთხი რეზერვუარიდან, რომელიც საწარმოსა და საცხოვრებელი ზონის საზღვარზე არის განთავსებული, გამოყოფილი აირების ორგანიზებული შეგროვება და გაწმენდა მიმდინარეობს.

 

„თუმცა იმავე შემოწმებით აღმოჩნდა, რომ უნაპირო ნავმისადგომებში, ტანკერებში ნავთობპროდუქტების ჩატვირთვისას აჭარბებდნენ გადატვირთვის დადგენილი მოცულობის სიჩქარეებს. ეს კი იწვევს მძაფრ სუნს. ვინაიდან კომპანიამ არ აღმოფხვრა დარღვევები სიჩქარეების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გაუსამმაგა ჯარიმა ლიცენზიებისა და ნებართვების კანონის შესაბამისად და 15 ათასი ლარით დაჯარიმდა,“ – ამბობს ნელი კორკოტაძე

 

ბოლოს ნავთობტერმინალი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მათივე მიმართვის საფუძველზე შეამოწმა. ნავთობტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა და სამინისტროს გადავადება სთხოვა.
„ნავთობტერმინალის ძირითადი ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიის ორ სარეზერვუარო პარკში, ასევე „ნავთისა“ და „ხოლოდნაია სლობოდას“ სარეზერვუარო ტერიტორიაზე, არ იყო მოწყობილი სანიაღვრე საკანალიზაციო სისტემები. რეკონსტრუქცია არ იყო ბოლომდე დასრულებული. ამასთან „ხოლოდნაია სლობოდას“ სარეზერვუარე პარკის ტერიტორია არ იყო აღჭურვილი საწარმოო აირების შემკრები და გამწმენდი სისტემებით. ასევე მათ უნდა უზრუნველყოთ ნავთობით დაბინძურებული ნიადაგების გაწმენდის, ასევე სახიფათო ნარჩენების განთავსების რაღაც წერტილის მშენებლობა. არც ეს არ იყო შესრულებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დეპარტამენტმა 2014 წლის 25 თებერვალს შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები გადაუგზავნა სასამართლოს,“ – ამბობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ნავთობტერმინალისათვის ჯარიმა არ დაუწესებია, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. შედეგი ჯერ უცნობია.
„ბევრი ვალდებულება აქვს აღებული კომპანიას, ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საწარმოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი არ უნდა შეასრულოს. რაც არ ჰქონდათ გაკეთებული, იმაზე მოვახდინეთ რეაგირება. მუდმივად კონტროლზე გვყავს აყვანილი“, –  აცხადებს ნელი კორკოტაძე.
ბათუმის ნავთობტერმინალის საწარმოო უსაფრთხოების მენეჯერის თენგიზ გორდელაძის თქმით, ნავთობტერმინალის მიერ სამინისტროს წინაშე აღებული 110 ვალდებულებიდან შეუსრულებელი მხოლოდ ოთხი ვალდებულება დარჩა.

 

„ამ ოთხი ვალდებულების შეუსრულებლობა იმან გამოიწვია, რომ ინვესტიციები შეგვიმცირდა. შესაბამისად, ის ინვესტიციები, რომელიც გვქონდა დაგეგმილი, ვეღარ ჩავდეთ ამ ღონისძიებაში. ყოველწლიურად დაახლოებით 5-6 მილიონს ვხარჯავდით მხოლოდ ეკოლოგიაზე. გერმანიაში გავიმარჯვეთ წელს, პრიზი მივიღეთ საუკეთესო ეკოლოგიური პროექტისათვის. შედეგებიც არის შესანიშნავი. ამას თვითონ გარემოს დაცვის სამინისტროც აღიარებს,“ –  აცხადებს თენგიზ გორდელაძე.

 

მისივე თქმით, ნავთობტერმინალს რომ არ მიემართა სამინისტროსთვის და არ ეთხოვა ვალდებულებების შესრულების გადავადება, სამინისტრო ამას ყურადღებას არც მიაქცევდა.

 

„დაფინანსების უკმარისობის გამო მაჯარიმებ? – პირიქით უნდა დამეხმარო, დაფინანსება არ მყოფნის. არანაირი ზიანი გარემოს არ მიდგომია, არც მდინარე დაბინძურებულა, არც ჰაერი, არც არაფერი. სასამართლომ სწორედ ამიტომ მოგვცა სიტყვიერი შენიშვნა და არ დაგვაკისრა ჯარიმა. ჩვენ რომ არ გვეთქვა, ალბათ, ვერც გაიგებდნენ. ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც აბსოლუტურად ღიაა. გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, მაქსიმალური თანხები იხარჯება. უმადურობა იქნება, რომ ეს არ აღიარონ. გვეუბნებიან, რომ კანონმდებლობაა ისეთი, ვერ შევძლებთ, რომ არ დაგაჯარიმოთო,“ –  აცხადებს თენგიზ გორდელაძე.

 

ამ ეტაპზე სამი რეზერვუარის ასაშენებლად ნებართვა გაცემული არ არის. გასცემს თუ არა სამინისტრო ნებართვას, მას შემდეგ გაირკვევა, რაც გზშ-ს საჯარო განხილვები დასრულდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: