კვირის ამბები

დები პოდიუმიდან

09.05.2014 • 2573
დები პოდიუმიდან

 

 

 

მარი აშამბა, 21 წლის. სიმაღლე: 1.76 სმ. პარამეტრები: 85/60/85

 

ანა აშამბა, 13 წლის. სიმაღლე: 1.70 სმ. პარამეტრები: 77/60/81

 

 

მოდელის კარიერა გოგონებისთვის მომხიბვლელი პატარაობიდანვე იყო. დები ფიქრობენ, რომ გაუმართლათ, მოდელისთვის შესაბამისი მონაცემების შენარჩუნებას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ახერხებენ.

 

მარი აშამბა
მარი აშამბა

“შვიდი-რვა წლის ვიყავი, როცა ქუჩაში მიმავალი გამაჩერეს და შემომთავაზეს კონკურს „მის ფიფქიაში” მონაწილეობა. ისე მომეწონა ეს ყველაფერი, რომ მომინდა მოდელი გავმხდარიყავი.” – იხსენებს მარი აშამბა.

 

ანა აშამბა
ანა აშამბა

დის გავლენით წახალისებულმა ანამ ახლობლების რჩევა გაითვალისწინა და სამოდელო სააგენტო „ნიუ სთაილის” მოდელი გახდა: „მშობლები, ახლობლები და მეგობრებიც მირჩევდნენ, რომ გავმხდარიყავი მოდელი, ჩემი დის რჩევებს ვითვალისწინებ, მინდა იმასავით წარმატებული გავხდე, თუმცა მე უფრო დიდი გეგმები მაქვს, ჩემი კუმირია მირანდა ქერი, ვოცნებობ „ვიქტორია სეკრეტის” მოდელობაზე, ამაზე, მგონი, ყველა გოგო ოცნებობს. ექვსი თვის წინ მივხვდი, რომ დრო იყო დამეწყო კარიერაზე ფიქრი, მანამდე არ ვიყავი მზად, ჯერ მხოლოდ ცამეტი წლის ვარ, იმედი მაქვს ბევრი რამის გაკეთებას მოვასწრებ.” – ამბობს ანა.

 

იმისათვის, რომ წარმატებული სამოდელო კარიერა გქონდეს, ანას აზრით კონკურსებში უნდა მიიღო მონაწილეობა. ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად შრომა არ დაეზარება. უმცროსი დისგან განსხვავებით კონკურსები მარის მაინცადამაინც არ მოსწონს.

 

მარი აშამბა
მარი აშამბა

„შემოთავაზებები მქონდა, არ ვთანხმდებოდი. რეკლამებსა და რამდენიმე კლიპში ვარ გადაღებული, ჩვენებებზე ხშირად გამოვდივარ. ბათუმში სამოდელო სააგენტო „ნიუ სთაილის” სახე ვარ, სწავლის გამო ქუთაისში ცხოვრება მიწევს, შესაბამისად იქაც მეძახიან ჩვენებებზე და აქაც, საერთო ჯამში გამოდის, რომ ბევრ ჩვენებაზე მიწევს გასვლა,” – ამბობს მარი.

 

გოგონები მიიჩნევენ, რომ მოდელის ცხოვრება რთულია, თუმცა “ქართველი მოდელის ნაკლებად”: `მოდელის ცხოვრება რთულია, თუმცა არა ჩვენთან. უმეტესობა არ ვვარჯიშობთ, არ ვართ დიეტაზე, არ ვართ ძალიან დატვირთულები. მე პირადად დამიძახებენ ჩვენებაზე _ მივდივარ, იქამდე არანაირად არ ვიტვირთავ თავს, ვცხოვრობ ისე, როგორც სტუდენტების უმეტესობა. ის, რომ ფორმებს ვინარჩუნებ, წმინდა წყლის გენეტიკის დამსახურებაა. არასოდეს ვყოფილვარ დიეტაზე, ჩემი დაც ასე გამოიყურება, ჩემი ძმაც, მამაჩემიც გამხდარი და მაღალია,” – ამბობს მარი.

 

ანა აშამბა
ანა აშამბა

„მოდელის ცხოვრება მრავალფეროვანია, ჩაცმის სტილი, სიარულის მანერა, ქცევა… მოდელები განსხვავებულ მუსიკას უსმენენ, მე თითქმის ყველა ჟანრს ვუსმენ, მთავარია, მუსიკა მომეწონოს, საყვარელი შემსრულებელი კი „2PAC” -ია”, – ამბობს ანა. უფროსი და ამაში არ ეთანხმება, მისი აზრით, მოდელები სხვა პროფესიის ადამიანებისგან არ განსხვავდებიან.

 

მარი რამდენიმე დღის წინ ჩინეთში გაემგზავრა, სადაც ექვსი თვის განმავლობაში დარჩება: „სოციალური ქსელის მეშვეობით ჩემი ფოტოები ნახეს და შემომთავაზეს ჩინეთში გამგზავრება ექვსი თვით. ქასთინგი წარმატებით გავიარე, ჩინეთში მიმიწვიეს, პეკინში მოდელად მუშაობა მომიწევს, ლექტორებთან შევათანხმე უკვე, სექტემბრიდან გავაგრძელებ მეოთხე კურსზე სწავლას. ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. უკვე სამი წელია შეყვარებული ვარ, მინდა პირადი ცხოვრების მოწყობა, ოჯახის შექმნის მერე სამოდელო კარიერა მეორე პლანზე გადავა,” – ამბობს მარის.

 

მარი აშამბა
მარი აშამბა

მარი ქუთაისის უნივერსიტეტში ეკონომიკურზე სწავლობს, ფიქრობს, რომ სამომავლოდ ეს პროფესია დაიჭერს უფრო მნიშვნელოვან ადგილს მის ცხოვრებაში: „უკვე 21 წლის ვარ, მჭირდება პროფესიული განვითარება. მთლიანი რესურსით არ მიღირს საქართველოში სამოდელო საქმიანობის გაგრძელება, სანამ დრო მაქვს და სანამ პირად ცხოვრებას მოვიწყობ, მანამდე ასე ვიქნები, ახლა ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს, სამომავლოდ სამოდელო კარიერა, ვფიქრობ, ვერ გახდება ჩემთვის შემოსავლის წყარო.” 

 

მარი აშამბა
მარი აშამბა

უფროსი დის არჩევანს ანა ამჯერადაც იზიარებს, განსხვავებული მოტივით: „ზოგადი განათლება ყველა ადამიანს სჭირდება. სკოლაში კარგად ვსწავლობ, სამოდელო სააგენტოში მოსვლის შემდეგ ჩემი დამოკიდებულება სწავლის მიმართ არ შეცვლილა, თავისუფალ დროს ყოველთვის ვკითხულობ, ორი დღის წინ დავიწყე ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამის” კითხვა,” – ამბობს ანა.

 

გოგონების აზრით, იმისთვის, რომ ლამაზად გამოიყურებოდე, ამაზე ბევრი უნდა იფიქრო: „სარკის წინ ვდგავარ დიდი ხნით და ვფიქრობ რა ჩავიცვა, თმები როგორ გავიკეთო, თავისუფალი სტილში მომწონს ჩაცმა, არც ძალიან კლასიკური და არც სპორტული. ჩემი და ხშირად მაძლევს რჩევებს, ჩვენთვის ორივესთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ გამოვიყურებით,” – ამბობს ანა.

 

კომპლიმენტს ხშირად ეუბნებიან, გარეგნობისა და სიმაღლის გამო მუდამ ექცევიან ყურადღების ცენტრში: „კლასში ყველაზე მაღალი ვარ, რას არ მეძახიან სიმაღლის გამო, უფრო ხშირად – წეროს. თავიდან მაკომპლექსებდა, ახლა აღარ, იმიტომ, რომ ასე გამორჩეული გარეგნობა მაქვს და მეძლევა საშუალება, გავხდე მოდელი. თან რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო მეტი თაყვანისმცემელი მყავს, მარისაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. ყოველთვის სასიამოვნოა კომპლიმენტი და თაყვანისმცემლების აქტიურობა, თუმცა ზოგიერთს ზედმეტი მოსდის, შემაწუხებლები ხდებიან,” – ამბობს ანა.

 

მარი და ანა
მარი და ანა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: