Batumelebi | “სითი ბენდი მალე ისევ ადუღდება” “სითი ბენდი მალე ისევ ადუღდება” – Batumelebi
RU | GE  

“სითი ბენდი მალე ისევ ადუღდება”

 

 

ოცნება, ჰყოლოდა საკუთარი ბენდი, კახა ცინცაძემ მარტივად აისრულა, ჩამოუარა ყველა ნაცნობ შემსრულებელს და თავისი იდეა გააცნო. მაშინ მის სურვილს ღიმილით შეხვდნენ, წინადადებას მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ, რომ კახასთვის გული არ გაეტეხათ. ეს თითქმის ორი წლის წინ მოხდა, დღეს კი ყველა იცნობს კახას მიერ შექმნილ „სითი ბენდს”, რომელიც გასულ წელს პროექტ “ნიჭიერში” მაყურებლის რჩეული გახდა.

 

„ჩამოვუარე ყველა ჩემს ნაცნობს, რომელსაც შეეძლო ბენდში მუშაობა. ვოკალური კვარტეტი „გოგლაურა” იყო პირველი, ვისაც შევთავაზე ბენდის წევრობა, რადგან ბიჭები ოთხ ხმაში მღეროდნენ. ვიფიქრე, ოთხ ინსტრუმენტზეც შესანიშნავად დაუკრავენ-მეთქი. ბენდი ათი წევრისგან შედგება, სირთულე მარტივად იქნა დაძლეული, რადგან ბენდის წევრები მომღერლები არიან და თან ინსტრუმენტზე დაკვრაც შეუძლიათ. თავად ვასწავლიდი ინსტრუმენტზე მუშაობას, შედეგი უცებ მივიღეთ, ასე შეიქმნა სითი ბენდი” – გვიამბობს ბენდის ხელმძღვანელი კახა ცინცაძე.

 


მუსიკალური განათლება ბენდის რამდენიმე წევრს აქვს, თითქმის ყველა მათგანი არაპროფესიონალი შემსრულებელია, ინსტრუმენტთან მუშაობა ბენდში მოსვლის შემდეგ დაიწყეს.

 

ანდრო შანიძე ბენდში ყველაზე ბოლოს მივიდა, დრამზე დაკვრა 24 დღეში ისწავლა: ბავშვობაში მუსიკალურ სტუდიებში დავდიოდი, ეს იყო მხოლოდ ჩემი შეხება მუსიკასთან. ათი წელი ვთამაშობდი ფეხბურთს პროფესიულ დონეზე, 18 წლისამ ტრავმა მივიღე, ფეხბურთისათვის თავის დანებება მომიწია. იურიდიულზე ჩავაბარე, კონსტიტუციის ცოდნა მეხმარება მუსიკაში, ყველა კანონი ვიცი თავის ტონალობაში. შინაგანი ბიძგი ვიგრძენი, რომ უნდა დავბრუნებულიყავი, სმენა მაქვს აბსოლუტური, 24 დღეში დავუკარი პირველი სიმღერა, ვუკრავ საქსაფონ-ბარიტონზე. ახლა ვეუფლები კონგოზე დაკვრას, კონგო დასარტყამი ინსტრუმენტია, ახალი რეპერტუარისთვის დაგვჭირდება. ოცი დღეა ვმეცადინეობ, ხუთი დღე კიდევ მჭირდება” – იცინის ანდრო.

 

“სითი ბენდი მალე ადუღდება, შევქმნით ახალ რეპერტუარს, გვაქვს უკვე სამი დღის კონცერტისთვის საკმარისი რეპერტუარი, პროგრამას რომ გავზრდით ასამდე, მერე დავიწყებთ ახალ ეტაპს,” – ამბობს ანდრო შანიძე.

 

ბენდმა სულ რაღაც 45 დღეში შეძლო პირველი საკონცერტო პროგრამის მომზადება, რის შემდეგაც მიიღეს შემოთავაზება რესტორან „ყირამალადან”, სადაც ბენდი დღემდე ყოველ საღამოს უკრავს: „პირველად პუბლიკასთან სწორედ ამ რესტორანში წარვდექით, აქვე დავიხვეწეთ, რესტორანში სიმღერაც ერთგვარი პრაქტიკაა” – ამბობს კახა ცინცაძე.

 

“სითი ბენდის” წარმატება პროექტ “ნიჭიერში” გამარჯვებას უკავშირდება, მაყურებელთა 38-მა პროცენტმა 2013 წლის ნიჭიერად „სითი ბენდი” მიიჩნია. ბენდის წევრები ამბობენ, რომ გამარჯვება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა: „ამდაგვარი ბენდი არც ერთ პროექტში არ ყოფილა, პირველი წარმატებული პროექტია, უფრო მეტი სტიმული მოგვეცა. მე მუსიკალური მაქვს დამთავრებული, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ეს ბენდი. ჩემი ოცნება იყო ბენდთან ერთად მემღერა, ეს ოცნება ამისრულდა,” – ამბობს მაგდა გიორგაძე, ბენდის ერთადერთი ვოკალისტი გოგონა.

 

“ნიჭიერში” გასვლა დავით ანანიძის დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტეს, ბენდის წევრები ხუმრობენ, რომ დავითს ეს წარმატება სიზმარში ჰქონდა ნანახი. დავითი საქსაფონზე უკრავს: „ბენდის შექმნის დღიდან მსურდა რომელიმე პროექტში მონაწილეობის მიღება, ასე შეგვეძლო წარმატების მიღწევა, მე ვფიქრობ, რომ ეს შევძელით ” – ამბობს დავითი. საქსაფონზე უკრავს თემურ სიორიძეც.

 

დათოსთან ერთად მუშაობის გამოცდილება ირაკლი სირაბიძეს ბენდის დაარსებამდე ჰქონდა, ისინი ერთად მღეროდნენ ანსამბლ „გოგლაურაში”: „როცა კახამ ბენდში მიგვიწვია, ღიმილით შევხვდით ამ შემოთავაზებას, იქამდე შეხება არ მქონია ინსტრუმენტთან, მე ტრომბონზე დაკვრა დამაწყებინა, პროფესიონალურ დონეზე ჯერაც არ შემისწავლია, თუმცა ის რეპერტუარი, რაც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი. საინტერესო ინსტრუმენტია, მალე ავითვისე, კახას ენთუზიაზმი გადმოგვედო. ნიჭიერის შემდეგ ცოტა გადაღლილები ვართ, უფრო იმედიანად ვიყავით განწყობილი, მეტ შემოთავაზებას ველოდით, მოვიგეთ ნიჭიერი და ისევ ძველ რიტმში გავაგრძელეთ მუშაობა, რაღაც ახალს ველოდებით, ეს გვჭირდება. შემოქმედებითი კუთხით ვერ ვმუშაობთ, ფინანსურ შემოსავალზე გვიწევს ზრუნვა, რესტორანში მუშაობა ერთგვარი პრაქტიკაა, იქ დავიხვეწეთ, თუმცა ყოველდღე ხუთი საათი მუშაობა რთულია, პარალელურად კიდევ რაღაცის შექმნა არ ხერხდება.” – ამბობს ირაკლი სირაბიძე.

 

ბენდის კიდევ ერთი წევრი ხათუნა სამხარაძე განათლებით დირიჟორია, მან სწორედ ამ ბენდისთვის შეისწავლა კლავიშზე დაკვრა: „ჯერ ვიუარე, არ ვიცი დაკვრა და როგორ ვიქნები ბენდში-მეთქი, მერე ვცადე და გამომივიდა. ყველაზე უფროსი ვარ ბენდში, თუმცა შემოქმედებითად ძალიან გავიზარდე, როცა ახალ საქმეს აკეთებ, ეს ბევრად საინტერესოა.”

 

“არანორმალურ მუსიკოსს” უწოდებენ ბენდის ყველაზე ახალგაზრდა წევრს, 23 წლის თორნიკე ჭინჭარაულს, ბასგიტარისტს, რადგან მისთვის საკმარისია ერთხელ მოისმინოს მისი პარტია, შემდეგ კი თავისუფლად დაუკრას. თორნიკე რუსეთში ცხოვრებისას სხვადასხვა როკჯგუფში უკრავდა: „ერთ ბენდში ალბომიც გამოვუშვით, ბათუმში დაბრუნებულს ეს ბენდი დამხვდა, აქ მეგობარმა მომიყვანა.”

 

ბესო კალანდაძე სოლოგიტარისტია: „თორმეტი წელია ვუკრავ, თავად ვისწავლე დაკვრა, მინდა ამ ბენდთან ერთად განვვითარდე.”
მომავალი გეგმები კლიპის გადაღებას უკავშირდება, სიმღერა უკვე შეარჩიეს, ახლა მთავარია ფინანსები გამოძებნონ: „ცნობადობას ბევრი დადებითი რამ მოსდევს. მივიღეთ რამდენიმე შემოთავაზება, მოწვევა უკრაინიდან, ბაქოდან, თბილისიდან, აქვე, ბათუმშიც გვაქვს რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ჯერ ვფიქრობთ, ისეთი არაფერია, რომ დაუფიქრებლად დავთანხმდეთ, ვმუშაობთ და ველოდებით,” – ამბობს ბენდის ხელმძღვანელი კახა ცინცაძე.

 

„სითი ბენდის” ხელმძღვანელი კახა ცინცაძე ბათუმში საესტრადო სასწავლებლის ჩამოყალიბებას გეგმავს, ბენდის წევრები კი მოსწავლეებთან იმუშავებენ: „ჩვენს ქალაქში რაც შეიძლება მეტი საშუალება უნდა ეძლეოდეს მუსიკით დაინტერესებულ ბავშვებს. ბენდის ხელმძღვანელობას პარალელურად ვეღარ შევძლებ, რადგან დიდ დროს მართმევს სასწავლებლის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, ბენდის ხელმძღვანელად სოსო ასიეიშვილს დავტოვებ” – ამბობს კახა ცინცაძე.

 

სოსო დრამზე უკრავს, ფიქრობს, რომ „ჯაჯღანა” ხელმძღვანელი იქნება, ის დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით უდგება: „იმედი მაქვს, არ გავუცრუებ იმედს კახას, როცა საჭირო იქნება, დამეხმარება” – ამბობს სოსო.

 

ცხრა მაისს „სითი ბენდს”, ლევან შენგელიასთან ერთად, ბათუმის კულტურის ცენტრში კონცერტი აქვს დაგეგმილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე