კვირის ამბები

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ტრავმა

28.04.2014 • 2119
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების ტრავმა

 

 

 

“ოთხი წლის წინ ქართული და აფხაზური მხარეები შეთანხმდნენ, რომ შექმნილიყო საკოორდინაციო მექანიზმი 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ პირთა ბედ-იღბლის გასარკვევად. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, შეესრულებინა თავმჯდომარის როლი ამ პროცესში, საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის ჩათვლით. მაგრამ ამ ოჯახების სარეაბილიტაციო კომპონენტი სახელმწიფოს თავის თავზე არ აუღია და არც ახლა იღებს”, – ამბობს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ექიმი-ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა.


სოფო ამბობს, რომ ძირითადი საკითხი, რაზეც გაუჩინარებული პირების ოჯახებთან უწევთ მუშაობა, ახლობელი ადამიანის გაუჩინარებით გამოწვეული ორაზროვანი დანაკარგი და მისი შედეგებია. ორაზროვანი დანაკარგი – ფსიქოლოგიური ტრავმის განსაკუთრებული სახეა, ამ დროს ადამიანი ფიზიკურად არ არის, მაგრამ ფსიქოლოგიურად რჩება. “ორაზროვან დანაკარგს მტანჯველი გაურკვევლობა ახასიათებს, რომელსაც თან ახლავს გაუჩინარებულის ბედ-იღბლის ბუნდოვანებით გამოწვეული შფოთვა და შიში. ეს არის მდგომარეობა იმედსა და უიმედობას შორის. მტანჯველი გაურკვევლობის შედეგია აქტიური ძიება ან შესაძლო იმედგაცრუებისგან თავის არიდება, მაგალითად, ფსიქოლოგთან საუბრის დროს ერთ-ერთი დაკარგულის დედამ აღნიშნა: “თქვენს ზარს არ ვუპასუხე, მეგონა შვილის ნეშთი მოგქონდათ””.


ასეთ დროს ოჯახის წევრებს ბრალეულობის განცდა უჩნდებათ _ მიიჩნევენ, რომ თუ არ განაგრძობენ “აქტიურ” ძებნას, ამით დაკარგული მიტოვებულად ჩაითვლება. ოჯახის წევრის გაუჩინარების შემდეგ ოჯახების მხრიდან ძებნის პროცესი ქაოსურია, ეს განსაკუთრებით აფხაზეთის ომის შემდეგ ჩანდა, როცა დაკარგულის ნახვის ძლიერი სურვილის გამო ოჯახის წევრები ხშირად შეთხზული ისტორიებისა და ფულის გამოძალვის მსხვერპლი ხდებიან. ეს მათ მორალურ და მატერიალურ ზიანს კიდევ უფრო ზრდის – „გაცილებით მძიმეა ძიების გზაზე მიღებული იმედგაცრუებები, ვიდრე თავად გაუჩინარება“ – იხსენებს სოფო ერთ-ერთი დედის სიტყვებს, რომელსაც ერთადერთი შვილი ჰყავს გაუჩინარებული.


ფსიქოთერაპევტის თქმით, ამ დროს ჩნდება გამოგლოვების სიძნელე – “როცა ნეშთი არ არის ნაპოვნი და დასაფლავებული, არ არის ჩატარებული კულტურალურად მიღებული რიტუალები – გამოგლოვების პროცესი ირღვევა”. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამოგლოვების სირთულეს აჩვენებს იმ პაციენტის მაგალითი, რომელიც შვილის ცხედრის არ არსებობის გამო სხვის მიცვალებულებს ტიროდა. ,,გაუჩინარებულის დედა უცხო პროცესიებს აედევნებოდა ხოლმე და ეს იყო მისი გლოვის რიტუალი’’, – ყვება სოფო.


ოჯახებისთვის გაძნელებულია რელიგიური რიტუალების ჩატარებაც. “რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი პოპულაციისთვის. ხშირად გვესმის ფრაზა – არ ვიცი, სად დავანთო სანთელი, ცოცხლებთან თუ მიცვალებულებთან. ამ საკითხზე პასუხი არც სასულიერო პირებს აქვთ’’ , – ამბობს სოფო.


გარდა იმისა, რომ ოჯახში ახალი როლისა და პასუხისმგებლობის აღების სირთულეები ჩნდება, ისინი იძულებული ხდებიან საკუთარ თავზე აიღონ გაუჩინარებული ადამიანის ფუნქცია, ორაზროვანი ხდება მათი სტატუსიც – მაგალითად, ქალმა არ იცის, არის თუ არა ის ქვრივი. ასეთი გაორება ხდება დოკუმენტაციური თვალსაზრისითაც – არის გაუჩინარებულის მოლოდინში და შესაძლოა იღებდეს მისი გარდაცვალების პენსიას.


ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ ხშირად ამ ადამიანების მუდმივად თანმხლები წუხილი სხვა ემოციებსა და გრძნობებს ბლოკავს – ,,მათ უჭირთ სოციუმთან კომუნიკაცია და ხშირად ისინი თვითიზოლაციაში ექცევიან. გარდა ამისა, დაკარგულთა ოჯახის წევრებში საკმაოდ მაღალია სომატური დაავადებების სიხშირე, განწყობა ავადმყოფობისადმი’’, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ოჯახებს დავანახოთ, რომ საზოგადოება მათ გვერდითაა და რომ მათი წუხილი დავიწყებული არ არის.

 



გადაბეჭდვის წესი


ასევე: