კვირის ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

31.03.2014 • 3230
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

SONY DSC

ამ მიმართულებით სწავლებასა და კვლევას ტრადიციულად ემსახურება ფაკულტეტზე მოქმედი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები. ფაკულტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ლიდერია ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური სისტემების, შავი ზღვის ეკოქიმიური მონიტორინგის, გენეტიკური პოპულაციების კვლევისა და სწავლების თვალსაზრისით.

საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის  მიმართულებას ირჩევს ადამიანი, რომელსაც ლაბორატორიული კვლევა აინტერესებს, მოგზაურობა ხიბლავს ან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ყოფნის სურვილი აქვს.

თითქმის ყველა საბუნებისმეტყველო დარგი ექსპერიმენტულია და აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელოვანი წილი პრაქტიკულ კურსებს უკავია. ბიოლოგიისა და ქიმიის სასწავლო კურსების ათვისება ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ ლაბორატორიულ კვლევაში. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ნაწილი კი უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში და რეგიონში მოქმედ სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში სრულდება, რომლებთანაც ფაკულტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები.

გეოგრაფიის, ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სპეციალობების დაუფლება მოგზაურობის გარეშე წარმოუდგენელია, შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს საველე პრაქტიკებსა და ექსპედიციებს. შავი ზღვის პრობლემების შესწავლის მიზნით ტარდება პრაქტიკები შავი ზღვის აკვატორიაში გასვლით.

მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფარმაციის სპეციალობების სტუდენტები დარგობრივ კომპეტენციებსა და უნარ-ჩვევებს საუნივერსიტეტო კლინიკებში იძენენ. ფაკულტეტზე შეიქმნა სამედიცინო განათლებისა და მედიკოსთა პროფესიული განვითარების ცენტრი, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, პრაქტიკული უნარ-ჩვევები მულაჟებისა და სიმულაციების მეთოდების გამოყენებით ჩამოუყალიბდეთ. ჯანდაცვის მიმართულებით კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ სწავლა გააგრძელონ ფაკულტეტზე მოქმედ სარეზიდენტო პროგრამებზე სხვადასხვა სპეციალობით.

წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან სხვადასხვა სახის სახელობითი სტიპენდიით.

საინტერესოა ფაკულტეტზე სტუდენტური ცხოვრება. სასწავლო პროცესი წარიმართება სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობით. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ სასწავლო და სამეცნიერო კვლევით პროცესებში, მონაწილეობენ სკოლა–სემინარების, საზაფხულო სკოლების, ვორკ-შოპების, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, გარემოსდაცვით ღონისძიებებში, შემეცნებით, კულტურულ და სოციალურ პროგრამებში. ეწყობა გამოფენები. სტუდენტები მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, სტუდენტურ გამოკითხვებში, აფიქსირებენ სურვილებსა და მოლოდინებს.

ფაკულტეტის სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები გაცვლითი პროგრამებით იმყოფებიან საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში (ნორვეგიაში, თურქეთის რესპუბლიკაში, საბერძნეთში, გერმანიაში, პორტუგალიაში, უკრაინაში).

სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ფაკულტეტს ჰყავს წარმომადგენლები უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და წარმომადგენლობით საბჭოში. სტუდენტები მონაწილეობენ საქველმოქმედო აქციებში. ეწყობა ექსკურსიები და დებატები. დაინერგა საზღვარგარეთის უნივერსიტეტების პროფილურ საზაფხულო სკოლებში სტუდენტების მონაწილეობა.

როგორც ჯანდაცვის, ასევე საბუნებისმეტყველო მიმართულების  სპეციალობათა   კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან:

სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიებში, ბოტანიკურ ბაღებში, აკვარიუმში, დელფინარიუმში, ზოოპარკში, ბუნების დაცვის ორგანიზაციებში, ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, დაცულ ტერიტორიებში, წარმოება-დაწესებულებების ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამსახურებში, ეკოლოგიური მონიტორინგის სამსახურებში,  სამედიცინო კლინიკებში, აფთიაქებში, ფარმაცევტულ კომპანიებში, პროფილაქტიკური მედიცინის მიმართულებით, საბაჟო-საკარანტინო სამსახურებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.

ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კომპეტენციები აღიარებულია უცხოეთშიც. ისინი პროფილის შესაბამისად დასაქმებული არიან უკრაინაში, გერმანიაში, საბერძნეთში, რუსეთში, თურქეთში, გაერთიანებულ ემირატებში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: