კვირის ამბები

ვის მოხვდება „მწვანე მუშტი“

30.03.2014 • 2173
ვის მოხვდება „მწვანე მუშტი“

 

 

„სტუდენტები ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისების სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ“, – ეს „მწვანე მუშტის“ საქმიანობის მოკლე აღწერაა.  სტუდენტები სახელმწიფო გარემოსდაცვით პოლიტიკას აკრიტიკებენ და აქციებით აპროტესტებენ.

 

 

„გვინდოდა ალტერნატიული ძალა შეგვექმნა, რომელიც სხვაგვარად მიუდგებოდა გარემოს დაცვის პრობლემებს. „მწვანე მუშტი“ ეს არის სტუდენტური გაერთიანება. მიზანი გარემოსდაცვით პრობლემებზე აქციების მოწყობა, ჩვენი აზრის  დაფიქსირებაა“, – ამბობს სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი სალომე ჩუხუა.

 

 

„მწვანე მუშტმა“ მოახერხა და სტუდენტები არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაააქტიურა.

 

 

გარემოსდაცვითი საკითხები ბათუმში სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ აინტერესებს. მარი ზედგენიძე, ზურა მელიქაძე და გიორგი ბაგრატიონი „ალტერნატივას“ წევრები არიან. ორი კვირის წინ ეს სტუდენტები სოფელ ღურტაში ჩავიდნენ, იქ, სადაც `შუახევი ჰესისთვის“ საჭირო გვირაბი უნდა აშენდეს და სოფლის მოსახლეობის პროტესტს შეუერთდნენ.

 

 

„ალტერნატივა“ „მწვანე მუშტისგან“ განსხვავებით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, გარემოსდაცვითი თემა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულებაა. სტუდენტები ამბობენ, რომ მათ უნივერსიტეტში ძნელია სხვა დაინტერესებული სტუდენტების პოვნა და მათი ჩართვა მწვანე მოძრაობაში.

 

 

„5000 კაცში ძალიან ცოტა ადამიანს, ალბათ 30-ს თუ აინტერესებს გარემოს დაცვა, ამიტომ გვიჭირს თბილისთან შედარებით აქტივობების გაკეთება. უნივერსიტეტში მოცლილებს გვეძახიან. ისეთი თემებით ვინტერესდებით, რაც დანარჩენი 4 ათას რაღაცა სტუდენტისთვის არ არის საინტერესო. იშვიათად, რომ ვინმემ შეგაქოს. სხვა რას იტყვის, დიდად არ გვაინტერესებს, მაგრამ გვინდა უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული და დაინტერესებული გარემოსდაცვითი საკითხებით“, – ამბობს „ალტერნატივას“ წევრი გიორგი ბაგრატიონი.

 

 

„ალტერნატივასგან“ განსხვავებით, სხვადასხვა ჯგუფის გააქტიურება კარგად გამოსდის „მწვანე მუშტს“ თბილისში. ის ბოლო დროს გამართულ თითქმის ყველა აქციაში მონაწილეობს, რომელიც გარემოსდაცვით საკითხებს შეეხება. „მწვანე მუშტი“ იყო ხაიშში, იცავდა ვაკის პარკს, საყდრისის მაღაროს. „მწვანე მუშტის“ წევრები ამბობენ, რომ მათი აქციებით უფრო მეტი ადამიანი იგებს ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.

 

„როგორ გითხრათ, მართლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა არის გამოცხადებული  მწვანე სივრცისთვის და იმისთვის, რომ ადამიანებმა ვიარსებოთ ნორმალურად. იმისთვის, რომ ადამიანებმა ვიცხოვროთ სუფთა, ჯანმრთელ გარემოში, რომ  ყველა ხე არ მოიჭრას ვიღაც კონკრეტული პირის ინტერესების გამო, ან ყველა მდინარეზე არ აშენდეს ჰესი,“ – ამბობს სალომე ჩუხუა.

 

 

რა შეცვალა „მწვანე მუშტმა“ არსებობის მოკლე დროში – ორგანიზაციის წევრი ნიკოლოზ წიქარიძე ამბობს, რომ საზოგადოება გააქტიურდა:

 

„ჩვენ გამოვიტანეთ სააშკარაოზე ის უმწვავესი პრობლემები, რის შესახებაც, სამწუხაროდ, არ ვრცელდებოდა საზოგადოებაში ინფორმაცია და ინტერესიც ნაკლები იყო. დღეს ინტერესი მაღალია – 70-კაციანი აქციიდან, ავიწიეთ 500-კაციან აქციებამდე. ჩვენი თანამშრომლობით ყველა სხვა მოძრაობასთან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს ვაღწევთ ბრძოლის ველზე. ნელ-ნელა ივსება ჩვენი რიგები პატიოსანი, პროფესიონალი და უანგარო ადამიანებით. ფრონტის გაშლას ვაპირებთ მთელ საქართველოში. რესურსების არ არსებობის მიუხედავად, ჩავდივართ ყველგან, სადაც პრობლემები იჩენს თავს და ვაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, – მტაცებლური კაპიტალიზმის მთავარი მკვებავი არის ბუნებრივი რესურსების წინგაუხედავი და არამიზნობრივი ათვისება, რასაც სახელმწიფო აკეთებს“.

„მწვანე მუშტმა“ მოძრაობა გასული წლის 20 ივლისს დაიწყო, როდესაც პირველად ჩატარდა აქცია, რომელმაც გააერთიანა ყველა პრობლემა და გამოხატა პროტესტი სახელმწიფოს მიერ მდგრადი განვითარების პრინციპების უგულებელყოფის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების წინააღმდეგ. აქციის სახელწოდება იყო  „არა ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას.“

 

 

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნები შეეხებოდა უფლებადაცვით, გარემოსდაცვით და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით პრობლემას,“ – „მწვანე მუშტის“ წევრი ნიკოლოზ წიქარიძე მწვანე მოძრაობის დაწყებას იხსენებს. – „სხვა მოძრაობები, რომლებიც ასევე 2013 წლის ზაფხულში დაიწყო, არ იყო ორგანიზებული და ვერ აკმაყოფილებდა ახალგაზრდების მოთხოვნებს. ამიტომ მე, ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები შევიკრიბეთ თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში და გადავწყვიტეთ დაგვეწყო ყველაფრისგან თავისუფალი მოძრაობა, სადაც ჩვენ მეამბოხური ენერგია თავისუფლად დაიწყებდა განვითარებას. გადავწყვიტეთ ყოველგვარი ლიდერებისა და უმრავლესობის ცნებები დაგვევიწყებინა და კონსესუსი ავირჩიეთ გადაწყვეტილების მიღების მომავალ გზად. ჩვენ მოურიდებლად ვკამათობდით და ვკამათობთ ახლაც, რაც იმის საწინდარია, რომ ნელ-ნელა წინ მივდივართ“.

 

ნიკოლოზ წიქარიძის თქმით, მწვანე მოძრაობამ ძალა გასულ სექტემბერში მოიკრიბა, ახლა კი ეკოლოგიური განათლების გავრცელებას გეგმავს: „ჩვენი მიზანი იქნება საზოგადოების ჩართვა ამ ბრძოლებში, მათი ინფორმირება ყველა დეტალზე და დახმარება მშვიდობიანი, არაძალადობრივი დაუმორჩილებლობისა და პროტესტის ორგანიზებაში. ენთუზიაზმი არ გამოილევა, თუ მოვახერხებთ კარგად ორგანიზებას და პატარ-პატარა გამარჯვებას მივაღწევთ. ენთუზიაზმი არ გამოილევა, თუ გავიაზრებთ, რომ მომავალი ჩვენი და ჩვენი შვილებისაა… ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მწვანე და ჯანმრთელი მომავლისთვის“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: