კვირის ამბები

აუდიტის სამსახური აჭარის სამინისტროებს აკრიტიკებს – არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტიდან

26.03.2014 • 1726
აუდიტის სამსახური აჭარის სამინისტროებს აკრიტიკებს – არამიზნობრივი ხარჯვა ბიუჯეტიდან

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (ყოფილი კონტროლის პალატა) 2013 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2012 წლის შესყიდვებს უკავშირდება, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ხილის საშრობი დანადგარის შესაძენად გამარტივებული  ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულება გაუფორმა შპს „არმა-კაპიტალს“. მიმწოდებელ კომპანიას საბანკო გარანტიის საფუძველზე წინასწარი ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 60% ჩაერიცხა, რაც 18 000 ლარია. საქონლის მიღება-ჩაბარების შემდგომ, ისე, რომ სამინისტროს სათანადოდ არ შეუმოწმებია დანადგარის მოთხოვნილ პირობებთან შესაბამისობა, ბანკს საგარანტიო თანხა დაუბრუნა. საქონლის მიღებიდან 13 დღის შემდეგ კი სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ ძვირადღიერბული დანადგარი არ მუშაობდა.

 

 

ავანსის სახით გადახდილი თანხა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ დაიბრუნა.

 

 

აუდიტორის ინფორმაციით, „სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმწოდებელს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება დაეკისრა, თუმცა ვინაიდან „არმა-კაპიტალს“ საკუთარი ქონება არ გააჩნია, გადასახდელი თანხის ამოღების პროცედურა ფერხდება“.

 

სახელმწიფო აუდიტმა „სარისკოდ“ მიიჩნია 2012 წელს ფერმერებისთვის მოტობლოკების გადასაცემად გამოცხადებული ტენდერიც.

 

 

„სამინისტროში დანერგილი სუსტი შიდა კონტროლის სისტემა განაპირობებს მისი მუშაობის დაბალ ხარისხს, რაც სხვადასხვა სახის ნაკლოვანებებში გამოიხატება“, –  ნათქვამია წერილში, რომელიც 2013 წლის დასაწყისში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ და მისმა ოთხივე მოადგილემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მიიღეს. იგივე ფრაზა აუდიტორის მიერ მომზადებულ 2013 წლის პირველი ორი კვარტალის შეფასების ანგარიშშიც წერია.

 

 

ანგარიშში საუბარია აჭარის განათლების სამინისტროზეც – კონკრეტულად კი ლიმიტს ზემოთ გაცემულ თანხებზეა საუბარი. ლიმიტის ზემოთ გაცემულია 7 900 ლარის საწვავი – 6 400 ღირებულების საწვავის გამოყენებასა და ხარჯვაზე დოკუმენტაცია სამინისტრომ აუდიტს ვერ წარუდგინა. ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილე, ლადო მგალობლიშვილი ამბობს, რომ პრობლემა სამინისტროში დადგენილი ლიმიტების არარსებობამ გამოიწვია: „დადგენილი არ იყო ლიმიტები მივლინებზე, მაგალითად, მუნიციპალიტეტებში, თბილისში და ასე შემდეგ“.

 

 

სახელმწიფო აუდიტის 2013 წლის ანგარიშში განათლების სამინისტროში კიდევ რამდენიმე არამიზნობრივ ხარჯვასა და „სარისკო“ შეთანხმებაზეა საუბარი. მაგალითად, ქობულეთის #1 სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულება შეიცვალა. პირობა – სახურავის მოწყობა „მეტალოკრამისტის ფურცლებით“, შეიცვალა – „პროფილირებული ფურცლებით“. ოდენობა და ფასი იგივე დარჩა. აუდიტორის დასკვნის თანახმად, ამ ცვლილებით შემსყიდველმა იზარალა, რადგან `100 კვ.მ სახურავის მოწყობას მეტალოკრამიტით ესაჭიროება 128 ლითონკრამიტის ფურცელი, ხოლო იმავე ფართობის სახურავის მოწყობას პროფილირებული ფურცლებით 112 კვ.მ პროფილირებული ფენილი. ამ მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ სახურავის მოწყობა მეტალოკრამიტით 17%-ით ძვირდება.

 

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კიდევ ერთი შენიშვნა შესყიდვების გამარტივებულ ფორმას უკავშირდება. ამ სამსახურში მიიჩნევენ, რომ მაშინ, როცა ღონისძიებების პერიოდულობა წინასწარაა ცნობილი და ვადებში შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, „გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნა გონივრულ საფუძველს მოკლებულია“. გამარტივებული შესყიდვის გამოყენების უფლებას კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სტრუქტურას, როცა საქმე გვაქვს გადაუდებელ საჭიროებასთან.

 

 

აუდიტის ამ შენიშვნას ლადო მგალობლიშვილი ასე პასუხობს: „მაგალითად, ჯაზფესტივალის შემთხვევაში წინასწარ ვიცი, რომ ფესტივალის ორგანიზატორის გარდა მაინც ვერავინ მოიგებს. შესაბამისად, ტენდერის გამოცხადებას აზრი ეკარგება. აუდიტორი საუბრობს ისეთი შინაარსის ღონისძიებებზე, რაზეც ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია“.

 

 

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში წერია აჭარის ფაინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არამიზნობრივ ხარჯვაზეც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებით, 2013 წლის 25 თებერვლიდან 2 მარტამდე ქალაქ კატოვიცეში ერთიან სხდომაზე დასასწრებად აჭარის სამთავრობო დელეგაციაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძეც შეიყვანეს. მაშინ ის მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა. სამგზავრო ბილეთის შესაძენად „თურქ ჰავა იოლლარის“ ბათუმის ფილიალს და აჭარის ტურისტულ სააგენტოს წინასწარ დაერიცხა თანხა 500 და 900 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, `მისავლინებელ პირთა~ სიიდან დავით ბალაძის ამოღების გამო, ტურისტული სააგენტოსთვის გადახდილი 900 ლარის უკან დაბრუნება ვერ მოხერხდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ სამინისტრომ ბიუჯეტის ფული 900 ლარი არამიზნობრივად დახარჯა.

 

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო აუდიტის შენიშვნები ძირითადად ზოგიერთ სფეროში ბიუჯეტის შუსრულებლობის გამო დაიმსახურა.

 

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის პირველ ნახევარში ციფრული სმენის აპარატების შესყიდვის მიზნით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა არანაკლებ 200 ერთეული სმენის აპარატის მიწოდებას ითვალისწინებდა.  სავარაუდო ღირებულებად 100 000 ლარი განისაზღვრა. საქონლის მიწოდებისა და თანმდევი მომსახურების ვადად, რაც სასმენი აპარატის მორგებას გულისხმობს, 2013 წლის 15 დეკემბერი განისაზღვრა. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იყო სოციალური ვაუჩერის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, ბენეფიციარისთვის შესაბამისი მომსახურება გაეწია. ტენდერში მხოლოდ შპს „კინდსმენა“ მონაწილეობდა, რომელთანაც სამინისტრომ ხელშეკრულება გააფორმა.

 

 

სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ კომპანიის მიერ საქონლის რაოდენობრივი განსაზღვრის ფორმით – „არანაკლებ 200 ერთეული“ მიმწოდებელს მიეცა საშუალება, მხოლოდ 200 ერთეული სმენის აპარატი მიეწოდებინა. აუდიტორის მტკიცებით ამ შესყიდვასთან დაკავშირებით სამინისტრომ ვერ წარმოადგინა, თუ რატომ არ განისაზღვრა სმენის აპარატების კონკრეტული რაოდენობა „რაც საბიუჯეტო სახსრებით მეტი შედეგის მიღების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო“.

 

 

ამ შესყიდვასთან დაკავშირებით, აუდიტორი სხვა საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას „მიმწოდებლის მიერ პროგრამის შესაბამისი მომსახურების გაწევის ვალდებულების გაწერა შეუსაბამოა ტენდერით დადგენილ მოთხოვნასთან“. ეს გულისხმობს, რომ სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარს გაუწიოს მომსახურება ვაუჩერის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, თუმცა ხელშეკრულების პირობების მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო: მარტში – 50 ერთეული, აპრილში – 100 ერთეული და მაისში – 50 ერთეული.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: