კვირის ამბები

“თუ რაღაც მართლა გინდა, აგისრულდება”

25.02.2014 • 1766
“თუ რაღაც მართლა გინდა, აგისრულდება”

 

 

მომავალი ხელოვნებათმცოდნე, ნონიკა სურმანიძე 21 წლისაა. ხელოვნების ყველა მიმართულება ბავშვობიდან აინტერესებს: “გენეტიკურადაც არის, ბაბუაჩემი და მამაჩემი ხატავდნენ, მეც ვხატავ, სამუსიკო ხუთწლედი მაქვს დამთავრებული. ბებიაჩემი ლექსებს წერდა, მე ყოველდღიურ ჩანაწერებს ვაკეთებ. მთლად შემოქმედებითი ბუმი არ მქონია ოჯახში, თვითონ ვიყავი უფრო დაინტერესებული, თავიდან ჩემი თოჯინებისთვის ვკერავდი ტანსაცმელს, მერე ჩემთვის.”

 

ნონიკას არ უყვარს იმის კეთება, რაც ადვილად გამოსდის, ამბობს, რომ მისთვის უფრო საინტერესო რთულთან შეჭიდებაა: “ყველა მეუბნებოდა გავმხდარიყავი მსახიობი ან დიზაინერი, რადგან ორივე მეხერხებოდა, მე კი მგონია, რაც არ იცი, ის უნდა ისწავლო, ხელოვნებათმცოდნეობა ბევრ რამეს აერთიანებს, კინო, თეატრი, ფერწერა, უფრო თეორიულია, მეტ გარჯას მოითხოვს.
გარდა ამისა, ბრიტანულ ცენტრში დავდივარ, იქ გაკვეთილები ერთი სტილით მიმდინარეობს, ჩემი მოუსვენრობის გამო სულ არეულობას ვიწვევ, ყველას ვაცინებ და ვამხიარულებ, ყველაზე მკაცრი მასწავლებლებიც კი ვერ მაჩერებენ, თუ ხმაურია, მე შემომხედავენ ხოლმე, მეუბნებიან – შეხედე, აიყოლია ყველა. საზღვარგარეთ მინდა სწავლის გაგრძელება, იმიტომაც `ვუძლებ~ ბრიტანულ ცენტრს.” – გვიყვება ნონიკა.

 

 

“ყველგან ვიღებ მონაწილეობას, სადაც ამის საშუალება მეძლევა, არც ის მაშინებს, რომ შეიძლება ვერ გავიმარჯვო, ეს არ არის მთავარი ჩემთვის, ამ ყველაფრით მე უფრო მეტს ვიღებ, ვიდრე პრიზია.”

 

 

წინასწარ გეგმის შედგენა არ უყვარს, არც ის იცის დაზუსტებით, რომელ სფეროში გააგრძელებს მუშაობას მომავალში, იცის, რომ პარალელურად შეუძლია ითამაშოს თეატრში, შეკეროს სამოსი და აკეთოს სხვა რამეც: “ქუჩაში მივდიოდი, როცა მეგობარმა გამაჩერა და მითხრა, რომ რეჟისორ ოთარ ქათამაძეს სპექტაკლში გოგონა სჭირდებოდა. 17 წლის ვიყავი, ძალად შემიყვანა, როლზე დამამტკიცეს, მარიანას – მსახურის როლი შევასრულე. ოთოს კიდევ რამდენიმე სპექტაკლში ვმონაწილეობდი, მისი დახმარებით გავიცანი გიორგი ჩხაიძე, მისი სპექტაკლი “მელოტი მომღერალი ქალი” ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, მიგვიწვიეს საფრანგეთში ფესტივალზე. თეატრში იდგმება ახალი სპექტაკლი – “სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი”, სადაც სილვიას როლს ვთამაშობ. ძალიან მიყვარს ჩემი პერსონაჟები, პერსონაჟებს რაღაცით ემსგავსები ან მერე ისინი გემსგავსებიან… რეჟისორებთან თავიდან ვერ ვახერხებ გახსნას, ადამიანები კარგად უნდა გავიცნო, რომ თავი თავისუფლად ვიგრძნო.” – გვიყვება ნონიკა სურმანიძე.

 

 

თუ რაღაც მართლა გინდა, აგისრულდება

ბავშვობიდან ვოცნებობდი საფრანგეთში მოგზაურობაზე, მაინტერესებს და მომწონს ყველაფერი ფრანგული. თავიდან ვიცოდით, რომ ლონდონში უნდა წავსულიყავით და როცა მოწვევა პარიზიდან მოვიდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბავშვები მილოცავდნენ, პარიზში ვიყავი და მაინც ვერ ვიჯერებდი. პარიზში თითქმის არ მეძინა, მინდოდა ყოველი წუთი ფხიზლად ვყოფილიყავი. ეიფელის კოშკთან გავგიჟდი კინაღამ. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი კიდევ ერთხელ. ოცნებები სრულდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად აგისრულდება.

 

 

ის, რაც ჩემია

ძველმანები ძალიან მომწონს, კარგად შენახული ძველი სტილის სამოსი. დედაჩემისა და ბებიაჩემის ნაქონ ტანსაცმელს ვიყენებ. მეორადებშიც ვარჩევ ტანსაცმელს, მეგობრებიც მჩუქნიან. დედაჩემმა თუ რამე ვერ იპოვა, შემოდის ჩემთან და ეძებს, იცის, რომ მე ავიღებდი. თუ მოუსწრო კარგია, შეიძლება გადაკეთებული დახვდეს (იცინის).

 

ჩემი ოთახიც ძველი ნივთებით მაქვს გამოვსებული, ყველამ იცის, ძველი ნივთები რომ მიყვარს, მაწვდიან ხოლმე. დიდი საძინებელი მაქვს, სადაც ვიღებ ჩემს სტუმრებს, ძველ სამოვარში ვადუღებ ჩაის. ჩემი მეგობრების უმეტესობა ხელოვნებასთანაა კავშირში, ძირითად დროს მათთან ერთად ვატარებ. დედაჩემი მეუბნება, რომ სახლში ვერ ვჩერდები, უნივერსიტეტი, რეპეტიციები, ბრიტანული ცენტრი, საკონსულო, ამის გამო მთელი დღე სახლში არ ვარ, რვაზე ვბრუნდები სახლში, გამოვიცვლი და ჩემს რომელიმე მეგობართან გავრბი. როცა ავად ვარ, მაშინაც ვერ ვჩერდები სახლში, სიცხიანიც კი თავს ვუმტკიცებ, რომ კარგად ვარ, ეს მშველის, განწყობა მნიშვნელოვანია, უფრო მარტივად გამოჯანმრთელდები ხოლმე.

 


დილით შვიდ საათზე ვიღვიძებ, წიგნის კითხვისთვის საუკეთესო დროა, ან რამის შესაკერად. შეიძლება დილით კარადას რომ გამოვაღებ, ისეთი რამე არ დამხვდეს, რაც მინდა იმ დღეს რომ ჩავიცვა. საერთოდ, ჩაცმულობა მოქმედებს განწყობაზე, ნათელი ფერები მიყვარს. ჩემი სავიზიტო ბარათია ქუდი, წელიწადის ყველა დროის შესაბამისი ქუდი მაქვს, ძირითადად ცილინდრი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: