კვირის ამბები

კონკურსის შედეგი – მოვალეობის შემსრულებლები თანამშრომლებად

02.02.2014 • 1919
კონკურსის შედეგი – მოვალეობის შემსრულებლები თანამშრომლებად

 

აჭარის მთავრობის აპარატიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აჭარის მთავრობაში ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შემდეგ არც ერთ ახალ კადრს თანამდებობა არ დაუკავებია. ორი ადგილი კი ისევ ვაკანტურია. როგორც საკონკურსო კომისიის წევრი, როლანდ შარაშიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, საკონკურსოდ რეგისტრაცია 228 პირმა გაიარა. თუმცა, უმრავლესობამ პირველი ეტაპი ვერ გადალახა.

 

კონკურსის შემდეგ თანამდებობები ისევ იმ პირებმა დაიკავეს, რომლებიც ამ თანამდებობებზე გასულ წელს და უფრო ადრე დაინიშნენ. პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი კონკურსის შემდეგ ისევ ხათუნა შარაშიძეა. ის ამ თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მთავრობის აპარატის უფროსის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა შეინარჩუნა მაქსიმ დუმბაძემაც, ის თანამდებობაზე გასული წლის იანვარში დაინიშნა.

 

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი კი ნონა კვასტიანია. ამ თანამდებობაზე ისიც კონკურსამდე მუშაობდა. იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კონკურსის შემდეგაც დავით გაბაიძე გახდა, ისიც კონკურსამდე მუშაობდა. ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ განყოფილებაში კონკურსი ორ ვაკანსიაზე იყო გამოცხადებული, თუმცა ახალი კადრები არც აქ მიუღიათ.

 

თანამდებობები შეინარჩუნეს ალექსანდრე იაკოვენკომ და ბერდია ბერიძემ. მეშვიდე ვაკანტური თანამდებობა თამაზ დავითაძემ დაიკავა, რომელიც ასევე კონკურსამდე დანიშნული კადრია და ის მთავრობის აპარატში ტრანსპორტის განყოფილებას უხელმძღვანელებს.

 

„52 კონკურსანტი რეგისტრაციიდან მოიხსნა, რადგან მათ რამდენიმე ვაკანსიაზე ერთდროულად ჰქონდათ განაცხადი გაკეთებული. ძალიან ბევრი იყო ისეთი, ვისაც არ ჰქონდა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება, არ ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი ატვირთული, გასაუბრებაზე კი მხოლოდ 15 კონკურსანტი გამოცხადდა. მოქმედმა თანამშრომლებმა კონკურენცია გაუწიეს სხვა კონკურსანტებს“, _ აცხადებს როლანდ შარაშიძე.

 

კონკურსის შედეგად არც ერთი ახალი კადრი არ მიუღიათ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც, სადაც ვაკანსია მხოლოდ სამ თანამდებობაზე იყო გამოცხადებული. კონკურსის შემდეგ ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ისევ არჩილ სირაბიძემ დაიკავა. მის სამინისტროში დანიშვნას სკანდალი მოჰყვა, რადგან ლევან სურმანიძე, რომელიც მისი დანიშვნის გამო აღნიშნული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, „ბათუმელებთან“ აცხადებდა, რომ არჩილ სირაბიძე თანამდებობაზე მინისტრთან მეგობრობის გამო დაინიშნა. სირაბიძესთან მეგობრობა არც მინისტრს, დავით ბალაძეს უარუყვია.

 

საბიუჯეტო დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის ადგილი შეინარჩუნა ნანა ლეკვეიშვილმა და ლიცენზიის დეპარტამენტის სერტიფიცირების განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამთა შარაშიძემ. სამივე მათგანი 2013 წლიდან ამავე თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლად იყვნენ დანიშნულები.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კონკურსი შვიდ ვაკანსიაზე გამოაცხადეს, აქედან ხუთზე, სადაც კონკურსამდე დაინიშნნენ მოვალეობის შემსრულებლები, ისევ ძველი თანამშრომლები (ირაკლი მახარაძე, ზურაბ ზოიძე, იმედა მიქელაძე, შოთა დოლიძე და ქეთევან ჩხაიძე) დარჩნენ. კონკურსის წესით მხოლოდ ორი ახალი კადრი მიიღეს _ მაია ბოლქვაძე და ვაჟა ცეცხლაძე.

 

კონკურსის შედეგად მხოლოდ ერთი ახალი კადრი _ ვლადიმერ ხომერიკი აიყვანეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ის ბოლო სამი წელი „მაშველთა გადამზადების ცენტრში“ ბუღალტრად მუშაობდა. თანამდებობებზე დარჩნენ თემურ ბოლქვაძე, ამირან თავდგირიძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ონიანი, მამუკა თურმანიძე და რუბენ დუმბაძე. ყველა მათგანი 2013 წლისთვის უკვე იყვნენ სამინისტროს შტატიანი თანამშრომლები.

 

„საკონკურსო მოთხოვნებს მხოლოდ 31 აპლიკანტი შეესაბამებოდა. გასაუბრებაზე კი მხოლოდ 25 კონკურსანტი გავიდა. მოქმედმა თანამშრომლებმა იმიტომ შეინარჩუნეს ადგილები, რომ ისინი უფრო მომზადებულები იყვნენ და, ფაქტობრივად, კონკურენციაც არ ყოფილა“, _ ამბობს კომისიის თავმჯდომარე იოსებ აბულაძე.

 

განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ 15 ვაკანსიაზე, რესურსცენტრების ჩათვლით, 637 განაცხადი შევიდა. თუმცა კონკურსის წესით მხოლოდ ექვსი კადრი მიიღეს. რვამ ის თანამდებობა შეინარჩუნა, რომელზეც კონკურსის გამოცხადებამდე მუშაობდა. კონკურსის შედეგად დაინიშნნენ: ბაჩანა მიქელაძე, თეონა დუმბაძე, ანასტასია გამსახურდაშვილი, გოჩა დავითაძე, ნევრესტან დიდმანიძე და ედუარდ მიქელაძე. ორჯერ ჩაიშალა შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი, განმეორებით კონკურსზე კი 120 განაცხადია შესული.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა, რომელიც საჯარო სამსახურებში მიმდინარე კონკურსებს რამდენიმე უწყებაში აკვირდებოდა, აცხადებს, რომ აღნიშნული კონკურსების ჩატარების ძირითადი მიზანი იმ კადრებისთვის ერთგვარი ლეგიტიმაციის მიცემა იყო, რომლებიც ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსამდე დანიშნეს.

 

„საჯარო უწყებებს კანონი ავალდებულებს, რომ თანამშრომლები კონკურსის წესით ჰყავდეთ აყვანილი. შესაბამისად, იმ თანამდებობებზე, სადაც მოვალეობის შემსრულებლებად ჰყავდათ დანიშნულები, სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა მოექციათ. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კონკურსის შესახებ ინფორმაცია იყო საჯარო და ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე. მაგრამ არსებობდა კითხვები გასაუბრებასთან დაკავშირებით _ კონკურსანტთა შეფასებების დროს უპირატესობა იმათ ენიჭებოდათ, ვინც უკვე იყო დანიშნული მოვალეობის შემსრულებლად. გარდა ამისა, პრობლემა იყო ის, რომ იმ პირებს, ვისაც საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, კონკურსიდან მოხსნეს. ეს, ვფიქრობ, არ არის სამართლიანი. ვფიქრობ, ეს საკითხი დისკუსიის თემაა. კონკურსები ფორსმაჟორულ ვითარებაში ჩატარდა“.

 

საკონკურსო კომისია ჯანდაცვის სამინისტროში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: