კვირის ამბები

სტუდენტი დიზაინერის მოგზაურობა პარიზში

20.01.2014 • 1997
სტუდენტი დიზაინერის მოგზაურობა პარიზში

 


თეატრალური დასის კოსტიუმების მხატვარი

 

„დასსში შემთხვევით აღმოვჩნდი. რეჟისორ გიორგი ჩხაიძეს ჩემმა მეგობარმა შესთავაზა კოსტიუმების მხატვრად მე ავეყვანე. გიორგი დამიკავშირდა. გამოცდილება არ მქონდა და ეს გიორგისაც ვუთხარი, მაგრამ მან მაინც მთხოვა მისვლა, მეც მივედი. დასში ყველაფერს სტუდენტები აკეთებდნენ?“ – გვიამბობს მარი.

 

ექსპერიმენტულ სპექტაკლს გამოუცდელი დიზაინერი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა, სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ დასში თავიდან მხოლოდ კოსტიუმების ესკიზებს ქმნიდა, შემდეგ დეკორაციებზეც დაიწყო ზრუნვა, ბოლოს კი – მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე.

 

ახალგაზრდა რეჟისორის გიორგი ჩხაიძის სპექტაკლმა „მელოტი მომღერალი ქალი” დიდი მოწონება დაიმსახურა, ახალგაზრდებმა მოწვევა პარიზიდან მიიღეს. „პრემიერას ბევრი მაყურებელი ჰყავდა, ყველას მოსწონდა და ჩვენც გვიხაროდა. „მელოტი მომღერალი ქალი” ბათუმში დადგმული პირველი სპექტაკლია, სადაც თამაშობენ წყალში, ამბავი აბსურდულია, მაგრამ მაყურებელმა დადებითად მიიღო. რამდენიმეჯერ დავდგით მაყურებლის თხოვნით, მერე გიორგის ურჩიეს, რომ პარიზის ფესტივალში მიეღო მონაწილეობა, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შეგვარჩევდნენ, მაგრამ მაინც ვცადეთ, მიწვევა მალევე მივიღეთ.”

 

 

პარიზში

 

„საფრანგეთის საელჩოში მისვლისას სულ ვკანკალებდით, გვეშინოდა, რომ ვიზას არ მოგვცემდნენ, ჩვენ კი ისე ვოცნებობდით პარიზზე… მოწვევის მიღების შემდეგ სიარულის ნაცვლად დავფრინავდით. როგორც ხდება ხოლმე საელჩოს პასუხმა დაიგვიანა, ბოლო დღეებში ბავშვები ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით, გვეშინოდა უარყოფითი პასუხის. მერე თვითმფრინავში ვისხედით და არ გვჯეროდა, რომ პარიზში ერთი კვირით მივდიოდით, ყველა ჩვენგანი პირველად ვისხედით თვითმფრინავში, გვეშინოდა, მაგრამ პარიზის სიხარული შიშს გვიქრობდა.
პარიზში საოცარი გულთბილობით დაგხვდნენ, სტუდენტურ საცხოვრებელში მოგვათავსეს პარიზის გარეუბანში. იმაზე მგონი საუბარი არ ღირს, რომ საოცარი პირობები დაგვხვდა. ჩასვლის დღეს პატარა წვეულება მოგვიწყვეს, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ ფესტივალზე. უცხოელებს ქართული ცეკვა-სიმღერის მასტერკლასი ჩავუტარეთ, საოცარი ქვეყანაა საფრანგეთი, ყველა გვიღიმოდა.

 

სპექტაკლი ტიტრებით ვაჩვენეთ, პარიზელები მთელი სპექტაკლის მიმდინარეობისას არავითარ ემოციებს არ გამოხატავდნენ, მე და გიორგი კულისებში ბოლთას ვცემდით, ქართულ შეძახილებსა და ტაშს მიჩვეულებს, გვეგონა, რომ სპექტაკლი ჩაგვივარდა და არავის მოსწონდა, თუმცა ბოლოს 15 წუთი გვიკრავდნენ ტაშს.
ხუთი დღე გვქონდა პარიზის დასათვალიერებლად, პირველი რაც ვნახეთ, იყო ღვთისმშობლის ტაძარი, შემდეგი ლუვრი და ტრიუმფალური თაღი. ეიფელის კოშკი ბოლოსთვის მოვიტოვეთ და საბოლოოდ როცა მივედით კოშკთან, ყველას ფოტოაპარატების ელემენტები დაგვიჯდა, კინაღამ გავგიჟდით, ეიფელთან ფოტოს გარეშე ბათუმში როგორ დავბრუნებულიყავით? მეორედ მოგვიხდა მისვლა.

 

ბათუმში დაბრუნების დღეს ყველანი მოწყენილები ვიყავით, ვერ ვტოვებდით პარიზს.

 

 

მომავალ გეგმებზე

 

გიორგი პარიზიდან დაბრუნდა თუ არა, ახალ სპექტაკლზე დაიწყო ფიქრი, რომლის კოსტიუმების დიზაინერიც ისევ მე ვარ, ერთ გუნდად ჩამოვყალიბდით, პატარა დასი გვაქვს.

 

წლის ბოლოს კურსელებთან ერთად ჩვენებას ვაწყობ, ეს ჩემი პირველი ჩვენება იქნება, ცოტას ვღელავ, მზადება უკვე დაწყებული გვაქვს, შავ-თეთრ კოლექციას ვაჩვენებთ, შეკერილი კაბები არ იქნება, ავანგარდული ჩვენებაა, მაქსიმალურად ვიყენებთ მეტალს.

 

ძალიან მინდა მქონდეს საკუთარი ატელიე, სადაც ჩემ მიერ შეკერილ ტანსაცმელსა და დამზადებულ ნივთებს განვათავსებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: