Batumelebi | “At Tako” – ვინტაჟი, სამკაულები და იდეები “At Tako” – ვინტაჟი, სამკაულები და იდეები – Batumelebi
RU | GE  

“At Tako” – ვინტაჟი, სამკაულები და იდეები

 

 

“მაღაზია არ არის, უფრო სახელოსნოა ჩვენი სივრცე, სადაც ვაკეთებ სამკაულებს, მოგვიანებით კი ვყიდი.” – ასე იწყებს თავის მაღაზია-სახელოსნოზე საუბარს თაკო მასალკინა. “At Tako” ნინა და თაკო მასალკინებმა ოთხი თვის წინ გახსნეს, “ბათუმელები” მათ მაღაზიას ესტუმრა. 

 

 

თაკო მასალკინი
თაკო მასალკინი

პატარა სახელოსნოს აბრა არა აქვს, კარი ღიაა, კარის გვერდით დიდი ფანჯარაა, ფანჯარაზე თეთრი პერანგია გამოკიდებული, ჩვეულებრივი პერანგი არ არის, მძივებითაა მორთული. სახელოსნოში შესულს პირველად თვალში ფერები გხვდება, ფირუზისფერი კედლები, ხელების უამრავი თეთრი ანაბეჭდით. მარცხენა მხარეს ტანსაცმლის განყოფილებაა. ამბობენ, რომ ეს ვინტაჟია, მარჯვენა მხარე კი სამკაულებს ეთმობა, ეს თაკოს სამკაულებია. შუაში მინის მაგიდაზეც სამკაულები ალაგია. სახელოსნოში ძველი კარადაცაა, რომელიც გოგონებმა სახლიდან მოიტანეს. მასზე აწყვია ქუდები, ნიღბები და ისევ სამკაულები. იქვე ახლოს ძველი ჩაიდანი და საკერავი მანქანა დევს – ეს მეგობრების ნაჩუქარია. 

 

ნინა მასალკინა 26 წლისაა, პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი და სამოდელო დიზაინერია. არის რამდენიმე წიგნის ილუსტრატორი: “სპეციფიკური განათლება არ მიმიღია, ილუსტრატორი არ ვარ. ალექს ჩიღვინაძეს დავუმეგობრდი, რადგან იცოდა, რომ ვხატავდი, შემომთავაზა ერთად გაგვეკეთებინა რაიმე პროექტი, მან დაწერა ნოველა, მე ვაკეთებდი ილუსტრაციებს, თუმცა საბოლოო ჯამში შეგვებრალა ტექსტის დაჭრა და ცალკე გრაფიკულ ნოველად გავაკეთეთ ჩემი ნამუშევრები, რომელსაც დავამატეთ ნიკა ფასურის მუსიკა. საინტერესო გამოვიდა, ონლაინით არის შესაძლებელი ამ ნამუშევრის ნახვა, რადგან მაშინ არც ერთმა გამომცემლობამ არ დაგვიბეჭდა. შემდეგ უკვე ვაშინგტონში კონკურსში გავიმარჯვე, არტჟურნალის ქავერი გავაკეთე. კიდევ რამდენიმე წიგნის ილუსტრაციაზე მაქვს ნამუშევარი. ხატვა, ილუსტრაციების კეთება და სათამაშოების შეკერვა არის ის, რაც მსიამოვნებს, სხვა არაფრის კეთება აღარ მინდა, თუ მოინდომებ ამ საქმიდანაც შეძლებ შემოსავლის მიღებას, ადრე მეგონა, რომ არ იყო ეს ადვილი და ჰობს შემოსავლის წყაროდ ვერ ვაქცევდი.”

 

ნინა მასალკინა
ნინა მასალკინა

თაკო მასალკინი 23 წლისა, ის ხელოვნებათმცოდნეა, ხელოვნების სტუდიაში მასტერკლასებს ატარებს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი მთლიანი დრო მაღაზიასა და პროექტს ეთმობა: “დედაჩემი თავისთვის ყოველთვის აკეთებდა სამკაულებს, მეგობრებსაც ჩუქნიდა, თუმცა არასოდეს გაუყიდია. ძალიან კარგი გემოვნება აქვს დედას, რომ ვხედავდი რა მარტივად გამოსდიოდა, მეც ვცადე. ახლა მეხმარება დედა, იდეებს მაწვდის ხოლმე. ვცდილობ ისეთი სამკაული გავაკეთო, რომელიც ნებისმიერ სამოსს დაამშვენებს, უბრალო მაისურიც რომ გეცვას, სამკაულმა რაღაცა ქალურობა უნდა შემოიტანოს. მაღაზიას “At Tako” ნინას სურვილით დავარქვით და ვფიქრობ, რომ სწორია, რადგან აქ იყიდება ყველაფერი რაც მე მომწონს.”

 

 

At Tako


თაკო: იდეა ექსპრომტად წამოვიდა. თბილისში როცა ვცხოვრობდი, სამკაულების კეთება დავიწყე, ჩემს მეგობრებს მოსწონდათ. მერე ბათუმში რომ გადმოვედი, აქაც ვაჩვენე მეგობრებს, აქაც მოეწონათ, მეხვეწებოდნენ – მომყიდე-მომყიდეო. მერე გამოჩნდა ეს ფართობი, რომელიც ძალიან ხელმისაწვდომ ფასად იყო, ვიფიქრეთ ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ეს გაგვეკეთებინა. როგორიც გამოგვივიდა – მოგვწონს, ერთადერთი რაც არ მოგვწონს, ეს არის ნესტი, კედელი გვისველდება.

 

ნინა: მე და თაკოს გვქონდა დანაზოგი, ზუსტად 2000 ლარი. გადავიხადეთ პირველი თვის ქირა, მერე დავუძახეთ ყველა მეგობარს და ყველამ ერთად შევღებეთ. მართალია გვინდოდა შამპანურის ფერი გამოგვსვლოდა, მაგრამ მგონი, ამასაც არა უშავს. ჩვენი მეგობრების თავშეყრის ადგილად იქცა, დიდი ხალიჩა გვიგია, ზედ ვსხდებით სამეგობრო, კარტს ვთამაშობთ, ფილმებს ვუყურებთ, ხშირად მამა გვირჩევს საინტერესო ფილმებს, ყავას ვსვამთ, ვჭორაობთ. თაკოს დაბადების დღეც აქ გადავიხადეთ.

 

 

რა გხვდება “At Tako”- ში

თაკო: მთავარი იყო სახელოსნოს იმდენი შემოსავალი ჰქონოდა, რომ ქირა გადაგვეხადა. ქირას ვიხდით უკვე სამი თვეა, ესე იგი წარმატებულად ვმუშაობთ. თავიდან მუშაობა ძალიან მიჭირდა, როცა შემოდიოდნენ მომხმარებლები, მე გარეთ გავდიოდი, ფასს ვერ ვეუბნებოდი, მრცხვენოდა. ახლაც მიჭირს, თუმცა ფასის თქმა აღარ მრცხვენია. პირველი სამკაული გავყიდე “ვინილში”, ჩემმა მეგობარმა იყიდა, გავწითლდი, გავშრი, ყელსაბამი იყო, ხუთ ლარად გავყიდე. დღესაც ასე ვარ, მეჩხუბებიან, რომ ძალიან იაფად ვყიდი, მე ვფიქრობ, რომ ნორმალურ ფასებში ვყიდი, ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლები დავხარჯო სამკაულის შესაქმნელად, რომ მერე იაფად გავყიდო.

 

 

ნინა: თაკოს ასეთი ტრადიცია აქვს, როცა მეგობრები მოდიან სამკაულის საყიდლად, არჩეულ სამკაულს ჩუქნის, მეორედ კი ყიდის. “ვინილშიც” ასე აკეთებდა, ჯერ ჩუქნიდა, მერე აღარ ართმევდნენ მეგობრები და იძულებული იყო მიეყიდა. ტექნიკურად ერთად არ ვმუშაობთ, უფრო იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს. თაკო არის იდეების გენერატორი, მეც მომდის ხოლმე იდეები, თუმცა თაკოსგან განსხვავებით ბრძოლა არ მიყვარს და იდეების გატანა.

 

თაკო: არსად არ მივდივარ ბისერების ან რაიმე მსგავსის შესაძენად, ყველაფრისგან ვაკეთებ სამკაულებს: ქაღალდისგან, მავთულისგან, თიხისგან, ძველი ფულისგან, რადგან ახალ ფულს არავინ მაძლევს (იცინის). უფრო ვიგონებ რაღაცებს. შეკერვასაც ვცდილობ, მეგობრის ბავშვებს ვუკერავ, რადგან ადვილია და ხანდახან ჩემთვისაც, უფრო ქვედაბოლოებზე ვაკეთებ აქცენტს. აქ ტანსაცმელსაც ვყიდით, რაც ვინტაჟია, ბევრს ბრენდი ჰგონია, მაგარი ტანსაცმელი. ძველ სტილზე შეკერილი კარგ ფორმაში მყოფი მეორადია, ჩვენი მეგობრების მაღაზიებში ვაგროვებთ და მერე აქ ვყიდით, მინიმალურ ფასად.

 

 

პროექტი – რასაც ერთად ვაკეთებთ…


ნინა: თაკომ დაწერა პროექტი, რომელიც დააფინანსა განათლებისა და კულტურის სამინისტრომ. 30 ნოემბერს ხელოვნების უნივერსიტეტში წარმოვადგენთ ჩვენი პროექტის შედეგს. სახელოსნოს კიდევ ერთი ფუნქცია მოვუძებნეთ, აქ მოდიან ბავშვები რეპეტიციებზე.

 

თაკო: ბათუმის ექვსი სკოლაა ჩართული ამ პროექტში. თავიდან გვეგონა, რომ მოგვიწევდა 23 სკოლაში მისვლა, აღმოჩნდა ისე, რომ პირველი ექვსი სკოლა დაგვთანხმდა. ავარჩიეთ ბავშვები, ვუტარებთ მასტერკლასებს. თითო სკოლას ჰყავს არჩეული თითო მხატვარი და ამ მხატვრის ფერწერულ ტილოს აცოცხლებენ, რეპეტიციები უკვე უტარდებათ. ეს იქნება ძალიან ლამაზი პერფორმანსი.

 

 

გეგმები

 

ნინა: მე და თაკოს კოლექციის გაკეთება გვინდა. თოჯინებს უკვე დიდი ხანია ვქმნი, არასოდეს გამიყიდია ჩემი თოჯინები, მენანება, ვჩუქნი მეგობრებს. ახლა გვაქვს გეგმაში გაყიდვა, თაკომ დამარწმუნა, რომ აუცილებელია. აქამდე რაც მაქვს გაკეთებული, იმათ ვერ გავყიდი, აწი რასაც შევკერავ, ის გასაყიდად იქნება შექმნილი.

 

თაკო: ნინას თოჯინებმა შთამაგონა რაღაცების შეკერვა, საერთოდ ნინა არის `წუნმდებელი~, სულ ასე მეუბნება – ეს კარგია, მაგრამ ასე ხომ არ ჯობია?

 

მზად ვართ ნებისმიერს შევთავაზოთ, რომ ჩვენს სახელოსნოში მოიტანონ თავიანთი ნამუშევრები, განათავსონ ჩვენს მაღაზიაში, მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ მოგვეწონება თუ არა, ჩვენს მეგობრებს უკვე აქვთ აქ მოტანილი თავიანთი ნამუშევრები.

თაკო მასალკინი, მაღაზიის შეღებვისას
თაკო მასალკინი, მაღაზიის შეღებვისას

ნინა მასალკინა, მაღაზიის შეღებვისას
ნინა მასალკინა, მაღაზიის შეღებვისას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე