კვირის ამბები

ჩვენებური ამბებით სავსე ქართულის რვეულები

22.10.2013
ჩვენებური ამბებით სავსე ქართულის რვეულები

 

აკა მორჩილაძის „ქართულის რვეულები“  სულ ასეთი ამბებითაა სავსე –  მე-19 საუკუნის საქართველოს სურათები, დიდი ადამიანები, ხმაურიანი გვარ-სახელები. მაგრამ ეს ის ამბები არ არის, სხვა წიგნებში რომ ამოგვიკითხავს, დიდი ადამიანები კი სულაც არ არიან ისეთები, სკოლის კედლებზე გაკრული პორტრეტებიდან რომ დაგვამახსოვრდნენ –  მიუწვდომლები, ჩაფიქრებულები, გაუღიმარები და ცოტა საშიშები. ისინი ზუსტად ისეთები არიან, როგორებიც ჩვენ ვართ – სწყინთ და უხარიათ, ადამიანურ სისუსტეებსაც ამჟღავნებენ. უჰ, შეცდომებს ხომ ნუღარ იტყვით. ალბათ ამის გამოა, რომ პირველი გრძნობა, რაც წიგნის დასრულების შემდეგ დაგეუფლებათ, სიყვარულია. ნამდვილი, ადამიანური, მოწიწებისგან დაცლილი სიყვარულით გიყვარდებათ ეს მქუხარე გვარ-სახელები: აი, იაკობ გოგებაშვილი მამაშენივით კეთილი, უბრალო კაცი ყოფილა, ვაჟა-ფშაველას შენი ქმარივით ფიცხი ხასიათი ჰქონია, ილიას კი, ამ წმინდან კაცს, სულო ცოდვილო და კარგი ჭამა-სმა საკუთარი თავივით ჰყვარებია. სიყვარულს იგრძნობ, აბა რა – ზუსტად შენნაირები არიან და იმიტომ.

 

 

„ქართულის რვეულებში“, დიდი ადამიანების უცნობი მხარეების გარდა, მთელი მე-19 საუკუნეა ჩატეული –  ბრძოლებით, დამარცხებებით, ღალატით სავსე საუკუნე. ძველი თავადებით და ბატონყმობის გადავარდნით იწყება და ბოლშევიკების შემოსვლით მთავრდება. ვის აღარ შეხვდებით აქ – ძმებ რაზიკაშვილებს, პირველი ქართული თეატრის მსახიობებს, ძალიან კარგ, კეთილშობილ ქალებს, ნიკო ფიროსმანის ტრაგიკულ ამბავს, აჯანყებულ გურულებს, ქაქუცა ჩოლოყაშვილს, სტალინს და კამოს… ყველას, ვინც დადებითი და უარყოფითი როლი ითამაშა იმდროინდელ ამბებში.

 

 

რომ გვთხოვოს ვინმემ, ერთი სიტყვით დაახასიათეთ ქართულის რვეულებიო, ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ყველაზე გემრიელი წიგნია, რაც კი ბოლო ხანებში გამოცემულა. ვერ გეტყვით, რა აგემრიელებს ასე. შეიძლება, ამბების ჩვენებურობა, მშობლიური სახელები, შეიძლება, სტილი და ენა, რომლითაც ეს წიგნი დაიწერა… შეიძლება ის, რომ აქ მხოლოდ ის ამბებია მოყოლილი, „რაც გულს დააჩნდება“… რას გაიგებ.

 

 

„ქართულის რვეულებიც“ ასე, სრული გაუგებრობით მთავრდება –  მართლაც რას გაუგებ ამ ამბებს და მათ მიზეზ-შედეგებს. „მოდი და, ერთი მიგვიხვდი ქართველებსა“.

 

 მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: