კვირის ამბები

მე ვეძებ პროფესიას

22.04.2013 • 4154
მე ვეძებ პროფესიას

ამ დროს არ ფიქრობდი, რამდენად „მომგებიანია“ შენი არჩეული პროფესია, ან რამდენად მოსწონთ ის შენს გარშემომყოფებს! მაშინ შეგეძლო გეოცნება ნამცხვრის დამტარებლობაზე და გაგეთამაშებინა როგორ დაიძახებდი: „აბა გემრიელი და ტკბილი ნამცხვარი იაფად!”

ახლა ყველაფერი ბევრად უფრო რთულია, როცა არჩევანის გაკეთების დრო კარზეა მომდგარი. ეს ალბათ იმიტომ, რომ დღეს ატესტატის აღება უფროა ჩვენთვის ნომერ პირველი მიზანი და სტიმულიც, ვიდრე რომელიმე პროფესიის დაუფლება. ახლა უკვე ეჭვი გვეპარება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც რამდენიმე თვის თუ წლის წინ თითქოს გაკეთებული გვქონდა. ზოგიერთს სულ რამდენიმე კვირა დარჩა ამ არჩევანის გასაკეთებლად, ზოგიერთმაც კიდევ მეტი წინდახედულობა გამოიჩინა და ერთი წლით ადრე დაიჭირა თადარიგი, თუმცა ორივე შემთხვევაში, ყველა მივიჩნევთ, რომ ერთნაირად რთულ მდგომარეობაში ვართ.

ბათუმი თუ დედაქალაქი?! – ეს კითხვა პროფესიის არჩევამდე გვიტრიალებს თავში, შემდეგ უკვე „მომგებიანობის“ მიხედვით ვცდილობთ განვსაზღვროთ, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ეროვნულ გამოცდებზე რა საგნების ჩაბარებას მოითხოვს ესა თუ ის პროფესია, რომ ჩვენი „აქილევსის ქუსლი“ არ აღმოჩნდეს ეს საგანი. ამ კრიტერიუმებს ცოტა ხანია რაც დაემატა „იშვიათობა“, ანუ რამდენად იშვიათია  ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლები, რადგან, აი, მაგალითად, საქართველოში – ამ პატარა ქვეყანაში ორმოცდაათიათასმეერთე ეკონომისტი თუ იქნები, შენი პროფესიით მუშაობა შეიძლება ვერ შეძლო.

ახლა შედარებით ძველ კრიტერიუმებზე გადავიდეთ –  პრესტიჟულობა! ეს დაახლოებით ისე ითარგმნება, როგორც „რას იტყვის ხალხი“. ხალხმა შეიძლება არ მოიწონოს ქართველი ბიჭი თუ კონდიტერობას ან გოგო სამხედრო მოსამსახურეობას გადაწყვეტს! კიდევ უფრო ძველია „ოჯახური ტრადიცია“,  ანუ „დედა – ექიმი, მამა – ექიმი, ბაბუა – „დოხტორი“, დიდი ბაბუა – „ხირურგი“… და შენ ქვეყნის სამასხარაო მსახიობი და ჯამბაზი ხომ ვერ გახდები?!“

სულ ბოლოს კი – მე რა მინდა? ძნელია, ძალიან ძნელი ამ ორომტრიალში იმ ერთის პოვნა. აი, თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს! თქვენი არ ვიცი და მე ძალიან დავიბენი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და „მეტად თადარიგიანების“ სიაში ვარ! გადავწყვიტე გეგმა შევადგინო, ეს კრიტერიუმები უკუვაგდე და ბოლოდან დავიწყე – რა მინდა მე?! ვინ რას აკეთებს, რომელი პროფესიის ადამიანს რა ევალება, რა შედის მის კომპეტენციაში და სად იხსნება და იხურება მისთვის კარები?!

მე ამ კითხვებით ვიწყებ, ამით ვცდილობ მივხვდე, მე რომელი შემეფერება და რომლისთვის მიღირს ბრძოლა, შემდეგ ნაბიჯად ავირჩიე უკვე ნაპოვნი პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოპოვება – რომელ სასწავლებელში რა პროგრამას მთავაზობენ ამ პროფესიის შესასწავლად, შემდეგ არჩეულ სასწავლებლებს სოციალური ნიშნით დავალაგებ და ვნახავ, რომელს გასწვდება ჩემი ოჯახის ფინანსების, ჩემი მონდომებისა და განათლების დონე და გადაწყვეტილებასაც მივიღებ!

 თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ ვცდილობ დავძაბო ფანტაზია, მთელი წარმოსახვის უნარი და პატარა დეტექტივად გადავიქცე, მე ვეძებ პროფესიას!

გადაბეჭდვის წესი


ასევე: