სპორტი

დავით ქაჯაიას ავტორბოლა ევროპაში

12.10.2015 •
დავით ქაჯაიას ავტორბოლა ევროპაში

 

დავით ქაჯაია

 


(ინტერვიუ ჩაწერილია

ჩემპიონატის მეექვსე ეტაპამდე,

29 სექტემბერს)


 

 

დავით, საქართველოდან რამდენი მონაწილეობს ძარიანი ავტომობილების ევროპის ჩემპიონატში?

– ჯერჯერობით მარტო მე.

 

როგორ მოხვდით ავტოსპორტში?

– შემთხვევით. მეგობარმა წამიყვანა. რუსთავის ავტოდრომზე შეჯიბრი ტარდებოდა და საყურებლად წავედით. რომ შევხედე ამ შეჯიბრებებს, გამიჩნდა სურვილი მეც მიმეღო მონაწილეობა. ჩემი მეგობრების დახმარებით შესაბამისი ავტომობილი ავაწყვე და სამოყვარულო შეჯიბრში მივიღე მონაწილეობა 2004 წელს. კარგად გამომივიდა სამოყვარულო ავტოშეჯიბრი. 2007 წლიდან გადავედი პროფესიონალებში. ამჟამად Mia Force-ს სახელით გამოვდივარ. Mia Force არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი. 2011 წლიდან მათი სახელით ვასპარეზობ, როგორც საქართველოს, ისე ევროპის მასშტაბით. მაგალითად, 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით სამჯერ გავხდი ევროპის ჩემპიონი ლეგენდის კლასში. ახლა ვასპარეზობ ცოტა განსხვავებულ კლასში – ეს არის ძარიანი ავტომობილების უმაღლესი ევროპის ჩემპიონატი, რაც კი არსებობს – European Touring Car Cup და ტარდება მსოფლიოს საატომობილო ფედერაციის FIA-ს (Federation International de L’Automobile) ეგიდით.

 

რას ნიშნავს ძარიანი და ლეგენდის კლასში ასპარეზობა, რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

– „ლეგენდი“ არის ავტომობილი, რომელიც მზადდება ამერიკაში. არ ჰგავს არც ერთ ავტომობილს, სპეციალურადაა შექმნილი – მხოლოდ ერთი ადამიანი ჯდება შიგ და აქვს მოტოციკლის ძრავა. ავტომობილი არის მსუბუქი – 500 კგ-ს იწონის. არ სჭირდება მანქანის ძრავა და მოტოციკლეტის ძრავითაც საკმაოდ სწრაფად მოძრაობს. ხოლო ძარიანი ავტომობილები ჩვეულებრივი მოდელების ავტომობილებია, მაგალითად, როგორიცაა: BMW, Citroen, Fiat.


ნებისმიერი კლასი, სადაც ვმონაწილეობ, რთულია, რადგან ყველას თავისი კარგი მრბოლელები ჰყავს და ყველა იბრძვის პირველობისთვის, მიუხედავად იმისა, პოპულარულია თუ არა ეს ჩემპიონატი. ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე ჯერჯერობით პირველ ადგილზე ვარ ქულებით, ეს არის ჩემი დებიუტი ამ სახის ჩემპიონატში. რთულია ცოტა ჩემთვის, რადგან ბევრ რამეზე მიჩვევა მომიწია. უცხოა ავტომობილი, ავტოდრომებიც, რომელზეც უნდა გამოვიდეთ. ბევრი მონაწილესთვის ეს ავტოდრომები უცხო არ არის, მაგრამ ჯერჯერობით ვუმკლავდები და ქულათა რაოდენობით, ხუთი ტურის ჯამში, პირველ ადგილზე ვარ.

 

რა დრო გაქვთ ახალი ტრასისა და სარბოლო პირობების გასაცნობად?

– ავტოდრომზე ორი 40-წუთიანი ვარჯიშის საშუალება მაქვს. ფეხით ვათვალიერებ ავტოდრომს, რომ გავეცნო მოსახვევებს და თანმიმდევრულად დავიმახსოვრო.

 

ხომ არ გქონიათ ტრავმები, როგორია თქვენი ფიზიკური მომზადების დონე?

– ტრავმები არა, მაგრამ ფიზიკური მომზადება ძალიან მაღალი სჭირდება ამ სპორტს, იმიტომ, რომ ავტომობილში ტემპერატურა 70 გრადუსამდე აღწევს, ადამიანის პულსი კი წუთში 200 დარტყმას უახლოვდება, ანუ მრბოლელი ფიზიკურად ძალიან მომზადებული თუ არ არის, შეიძლება გონებაც კი დაკარგოს მართვის დროს. მეც ვემზადები შესაბამისად. ყოველდღე ვვარჯიშობ დარბაზში, ტრენაჟორზე.

 

სპონსორების საკითხი მაინტერესებს, თუ გყავთ სპონსორები და ვინ არიან ისინი?

– როგორც გითხარით, შს სამინისტროს სახელით ვიღებ მონაწილეობას. ამჯერად ევროპელი პარტნიორები გვყავს „ლიქვიმოლის“ (Liquimoly) სახით, რომელიც ასევე გვეხმარება ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

 

წელს ევროპის ჩემპიონატზე დაუმარცხებელი გიწოდეს. თქვენც ასე მიიჩნევთ?

– ისე აეწყო ყველაფერი… პირველი რვა შეჯიბრიდან რვავე გამარჯვებით დავასრულე და ამიტომაც მიწოდეს დაუმარცხებელი. უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, შეიძლება ისეთი გამოჩნდეს ვინმე, რომ მეც დამამარცხოს. ვცდილობ, ვიყო ლიდერი მანამ, სანამ შემიძლია და პირველმა გადავკვეთო ფინიშის ხაზი.

 

მარტო საქართველოში არ გიწევთ რბოლა. თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად არის საქართველოში ავტოსპორტი განვითარებული სხვა ქვეყნებთან შედარებით?

– ჩვენთანაც საკმაოდ განვითარებულია, ძლიერი სპორტსმენები გვყავს. უბრალოდ, ჩვენთან ისეთი პოპულარული არ არის სპორტის ეს სახეობა, როგორც ევროპაში, სპონსორები არ ინტერესდებიან ამ მხრივ, დაინტერესება რომ იყოს და სხვა სპორტსმენებსაც რომ ჰქონდეთ ევროპაში გამგზავრების შესაძლებლობა, უფრო ბევრ ტიტულს ჩამოვიტანდით ჩვენს ქვეყანაში.

 

რა არის თქვენი მიზანი?

– ჩემი ოცნებაა მონაწილეობა მივიღო მსოფლიო ჩემპიონატში, იგივე – ძარიანი ვტომობილების კლასში.

 

მიმდინარე წელში თუ გიწევთ შეჯიბრება კიდევ?

– საქართველოში შიდა ჩემპიონატზე მომიწევს – 18 ოქტომბერს გაიმართება რუსთავის ავტოდრომზე რბოლა. ორი რბოლა გვაქვს დარჩენილი და იქ მივიღებ

მონაწილეობას.




გადაბეჭდვის წესი


ასევე: