ნეტგაზეთი • RU

ვის რატომ უნდა პრეზიდენტობა

 

 

  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს – მამუკა კვარაცხელია, რევაზ არველაძე და ლევან კობიაშვილი. მამუკა კვარაცხელია პირველი ლიგის კლუბმა „გაგრამ“ წარადგინა, რევაზ არველაძე – სფფ-ს რამდენიმე წევრმა, კლუბმა და ორგანიზაციამ, ხოლო ლევან კობიაშვილი – თბილისის „დინამომ“, სადაც ის წლების განმავლობაში თამაშობდა. ერთი მათგანი პირობას დებს, რომ საქართველო 2020 წელს უეფაზე ითამაშებს, მეორეს აზრით, ქართული ფეხბურთის აყვავება წელიწადნახევრის მერე დაიწყება, მესამე კანდიდატი კი დაპირებებს არ იძლევა. პრეზიდენტი სფფ-ს 35 წევრი ორგანიზაციისა და კლუბის წარმომადგენლებმა უნდა აირჩიონ.

მამუკა კვარაცხელია

ის უეფას მედიაოფიცერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა ფედერაციაში დიდი ხანია აღარ მუშაობს. სფფ-ს პრეზიდენტობაზე კენჭს 2007 წელსაც იყრიდა. „მაშინ დავმარცხდი, რადგან სახელმწიფო ერეოდა ფეხბურთში“, – განაცხადა მან „ბათუმელებთან“ და აღნიშნა, რომ დღესდღეობით ფედერაციაში რამდენიმე კომპლექსურ პრობლემას ხედავს: „ფეხბურთის ფედერაცია ვერ გახდა ორგანო, რომელიც ღირსეულად მართავს ქართულ ფეხბურთს. ამის მაგალითია ის, რომ საქართველოს ნაკრები თითქმის მე-200 ადგილზეა ფიფას შედეგების სიაში. ხოლო კლუბები პირველივე ეტაპიდან ვარდებიან უეფაზე. არ არის განვითარებული ბავშვთა ფეხბურთი. არსებობს რეგიონული ფედერაცია, რომელიც არ ატარებს ბავშვთა ტურნირებს, მისი ბავშვთა გუნდები კი მეზობელი რეგიონის გუნდებში მონაწილეობენ. ეს დიდი დარღვევაა. კიდევ ერთი: უმაღლეს ლიგაში, პირველ და მეორე ლიგებში მონაწილეობენ გუნდები, რომლებიც არ არიან ფეხბურთის ფედერაციის წევრები – ეს არის ნონსენსი. სფფ-ში თავიანთ დაწერილ წესდებას არ კითხულობენ და ცვლიან ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე. სამი წლის წინ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ორი გუნდი გახადეს ჩემპიონი – „ზესტაფონი“ და „მეტალურგია“. ბოლოს უეფამ გადაწყვიტა, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემპიონი, რადგან უეფამ წაიკითხა რეგლამენტი და თქვა, ამ რეგლამენტის მიხედვით ვინ იმსახურებდა ჩემპიონობას – „ზესტაფონი“ აღიარეს.

რით დაიწყებთ?

-ყველაფრით. ერთი დღეც არ უნდა მოითმინო, ბავშვთა ფეხბურთიდან, ეროვნული ჩემპიონატიდან, ნაკრებიდან, ინფრასტრუქტურიდან. ბათუმში სტადიონი არ არსებობს, იმ დღესვე უნდა დავიწყოთ ბათუმში სტადიონის მშენებლობა. პირობას გაძლევთ, 2015 წლის 3 ოქტომბერს თუ გავხვდი სფფ-ს პრეზიდენტი, 2016 წლის 3 ოქტომბერს ბათუმს მეოთხე კატეგორიის (უმაღლესი კატეგორიის), სტადიონს ჩავაბარებ. „ბათუმელებმა“ მამუკა კვარაცხელიას სთხოვა თავისი პროგრამის მოწოდება, მაგრამ მან თქვა, რომ ეს შეუძლებელია: „ფეხბურთის ფედერაცია არ მაძლევს მათ ყოველწლიურ ფინანსურ შემოსავალს. მე თუ ფინანსური შემოსავალი არ მეცოდინება – რამდენი აქვს სფფ-ს შემოსავალი, აბა როგორ შევადგინო პროგრამა. ფედერაცია არ არის საიდუმლო ორგანიზაცია, ფედერაცია არის არჩევითი ორგანო და ამიტომ უფლება არა გაქვთ არ მომცეთ-მეთქი, ვეუბნები, მაგრამ ძალით ხომ არ შევალ და გამოვიტან ფინანსურ მონაცემებს“.

მამუკა კვარაცხელიას აზრით, „ფედერაციის ბიუჯეტს რაში ხარჯავენ, არავინ იცის. ჩემთვის სფფ-ს დაფინანსების ოთხი წყაროა ცნობილი – სახელმწიფო უხდის ყოველ წელს შვიდ მილიონ ლარს; უეფა უხდის ორი პროგრამით _ ერთი პროგრამაა „სოლიდარობის პროგრამა“, მეორე – „ჰეტტრიკი“. ასევე ფიფა თავისი პროგრამით; მთავარ სპონსორობას კი „სოკარი“ უწევს“.

რევაზ არველაძე

2009 წლიდან საქართველო ფეხბურთის ფედერაციაში გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა. როგორც მან „ბათუმელებს“ უთხრა, ამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 17 აგვისტოს დაწერა და ახლა მას მოხსნილი აქვს უფლებამოსილება შიდა საქმეებზე. რატომ გსურთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა? – „ბათუმელების“ კითხვას ასე უპასუხა: „იმიტომ, რომ მაქვს საკმარისი გამოცდილება, ცოდნა, კონტაქტები. იმიტომ, რომ სხვა საქმიანობა არ მაქვს, არა ვარ ბიზნესმენი… მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე ფეხბურთში, ბევრი დრო დავუთმე ფეხბურთში განათლებას, მწვრთნელობას. ბევრი რამე ჩემებურად მესმის. მე ჩამოკიდება კი არ მინდა ამ თანამდებობაზე, მინდა ეს ოთხი წელიწადი პასუხისმგებლობით მოვეკიდო იმას, რაზეც ვლაპარაკობ. და თუ ვერ შევასრულე დანაპირები, მარტივად, მშვიდად, წყნარად, წავიდე – დავტოვო თანამდებობა და მეორედ აღარ ვიყარო კენჭი“.

რევაზ არველაძეს სამოქმედო გეგმა 2019 წლამდე აქვს წარმოდგენილი და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას. მათ შორის საუბარია ფინანსურ გამჭვირვალობაზე, რეგიონალური ფედერაციებისადმი ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ბავშვთა ასაკობრივი ნაკრებების, ქალთა და საპლაჟო ფეხბურთის განვითარებაზე და სხვა. მისი მთავარი მიზანი კი „ევრო 2020“-ში საქართველოს ნაკრების მონაწილეობაა.

ექვსი წელია ფედერაციაში მუშაობთ. დაასახელეთ ერთი მთავარი პრობლემა სფფ-ში… – ეს მორიგი კითხვაა, რაზეც რევაზ არველაძის პასუხი შემდეგია: „მთავარი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაში არის ის, რომ გვაქვს ნაკლები წარმატება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს მაშინაც კი, თუ შენ ფინალურ ტურნირზე ვერ მოხვდები, გულშემატკივრისთვის ასე არ არის. `ბათუმელების~ ბოლო კითხვაზე: ხომ არ შიშობთ, რომ სფფ-ს პრეზიდენტობის დროს დაკარგავთ ხალხის სიყვარულს? რეზო არველაძის პასუხია: „ძალიან კარგია, რომ ხალხს ვუყვარვარ. მე ამას ვგრძნობ. არიან ადამიანები, ვისაც არ ვუყვარვარ. იქნებ პირიქით იყოს და ის მოვახერხო, რომ უფრო მეტს შევუყვარდე. არ ვიცი… მე ერთი რამ ვიცი, არასოდეს ჩემი ცხოვრების განმავლობაში ფეხბურთისთვის არ მიღალატია. ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ დავკარგავ ხალხის სიყვარულს, მერე შევეცდები უფრო მეტი სიკეთე ვაკეთო, რომ ავინაზღაურო ეს სიყვარული“.

ლევან კობიაშვილი

1998 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. მან გვითხრა, რომ კარგად იცის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. ის ამჟამად მუშაობს გერმანიის კლუბ „ჰელტაში“, კლუბის აკადემიის მენეჯერად, სფფ-ს პრეზიდენტობის შემთხვევაში კი „ჰელტას“ დატოვებს. „დიდი ხნის წინ ვიძახდი, რომ მე დავბრუნდები საქართველოში. სულ მაწუხებდა ის პრობლემები, რაც, ზოგადად, ქართულ ფეხბურთშია. სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე კენჭისყრა პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო, ხოლო თბილისის „დინამომ“ საშუალება მომცა, დავრეგისტრირებულიყავი. ახლა შემიძლია, ჩემი რესურსი – ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო. იმედია, სამი ოქტომბრის შემდეგ აქ დავრჩები“, – უთხრა „ბათუმელებს“ ლევან კობიაშვილმა.

რა არის სფფ-ში მთავარი პრობლემა? – ვკითხეთ მას – „აქ არ არის ლაპარაკი მარტო ფეხბურთის ფედერაციაზე, ზოგადად, პრობლემაა ქართულ ფეხბურთში, ინფრასტრუქტურა, განათლება. კონკრეტულად თუ ფეხბურთის ფედერაციას გულისხმობთ, სისტემის პრობლემაა, თუნდაც წესდებასთან დაკავშირებული ხარვეზები, გაუმართავია ფედერაციის სტრუქტურაც. რა დრო დასჭირდება ლევან კობიაშვილს ცვლილებებისთვის, თუ მას აირჩევენ? ამ კითხვის პასუხად მას გერმანიის მაგალითი მოჰყავს: „გერმანიაში 2004 წელს დაიწყეს ფეხბურთის განვითარების პროგრამა და 2014 წელს გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები. მე არ ვიძახი, რომ საქართველო 10 წელიწადში გახდება მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მინიმუმ, შეგვიძლია კონკურენტუნარიანები გავხდეთ, თუნდაც ჩვენი დონის ქვეყნებთან. საჭიროა სწავლა, კლუბის მართვის სისტემის დანერგვა. ეს სამ და ოთხ წელიწადში არ შესრულდება. მე იმას ნამდვილად ვერავის დავპირდები, რომ თუ გავხვდი სფფ-ს პრეზიდენტი, მეორე დღიდან აყვავდება ქართული ფეხბურთი – ამას დრო სჭირდება და ადამიანები, ვინც ისე ფიქრობენ, როგორც მე, მონდომებულები არიან და ყველაფერს გააკეთებენ“.

ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში მასთან ერთად ის ადამიანები იქნებიან, ვინც იზიარებს ფეხბურთის განვითარების მისეულ ხედვას: „ხშირად ისმება ეს კითხვა და სულ ვიძახი – მე პიროვნულად არავის წინააღმდეგი არ ვარ. ვიცი, რომ სფფ-შიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები. იმ რესურსს, რაც არის, რასაკვირველია გამოვიყენებ. ასე ზეპირად ვერ გეტყვით… მაგრამ მე მგონი, არავინ იცის გარედან, რა ხდება შიგნით, სფფ-ში, იმდენად ჩაკეტილია“.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ლევან კობიაშვილს პროგრამაზე მუშაობა არ ჰქონდა დასრულებული, თქვა, რომ პროგრამას დასრულებისთანავე გაასაჯაროვებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი