სპორტი

სპორტული აქტივობა უმაღლეს სასწავლებლებში

10.10.2014 • 2688
სპორტული აქტივობა უმაღლეს სასწავლებლებში

ბათუმის საზღვაო აკადემია

1500 სტუდენტი

120 სპორტით დაინტერესებული

 

„სპორტსმენი იწვევს ძლიერი ადამიანის ასოციაციას, ის მიზანსწრაფული, გამბედავი და მამაცია, ძლიერი სტრესული მდგომარეობიდან ადვილად გამოდის და სახიფათო სიტუაციებში არ იბნევა, ასეთი ადამიანი სჭირდება ზღვას“, – ეს ამონარიდია სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალისტის ზაურ ქავზინაძის პროგრამიდან, რომელიც ეზღვაურთა ფიზიკურ მომზადებას ეხება. ის ამბობს, რომ ფიზიკური მომზადება აკადემიაში პირველ და მეორე კურსზე ისწავლებოდა. ამ პროგრამით კი ხსნის ფიზიკური აღზრდის სწავლების აუცილებლობას საზღვაო აკადემიაში. ზაურ ქავზინაძე ბათუმის საზღვაო აკადემიაში, სტუდენტების მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურში სპორტის მიმართულებას ხელმძღვანელობს. აკადემიაში 8 სპორტული სექცია: მძლეოსნობა, მკლავჭიდი, კრივი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, ფეხბურთი. ყველა მათგანში მწვრთნელ-კურატორი ზაურ ქავზინაძეა. სექციები 12-15 სტუდენტისგანაა აკომპლექტებული. 1500 სტუდენტიდან მხოლოდ 120-ია სპორტულ აქტივობაში ჩართული. აკადემიას აქვს ფეხბურთის მოედანი – 55/35 ფართობის. ერთი დარბაზი გოგოებისა და ბიჭების გასახდელით, ორი ტუალეტითა და 12 საშხაპეთი. ამჟამად აკადემიაში შიდა შეჯიბრება მიმდინარეობს ფუტზალში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში, ვარჯიშს ატარებენ კალათბურთში, 10 ოქტომბრიდან ფეხბურთში მოემზადებიან.

ვარჯიში ლექციების შემდეგ საათ-ნახევარიორი საათი მიმდინარეობს. შაბათ-კვირას 17:00-18:00 საათამდე ბულვარის სტადიონზე ვარჯიშობენ სტუდენტები. 63 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სპეციალიზებული სასწავლებლისთვის ეს რაოდენობა არ არის მაღალი მაჩვენებელი.

„ძალიან მწყინს, რომ სპორტი ადამიანებს არ უყვართ. თამადობა კარგი იციან – ჯანმრთელად იყავი, კარგად იყავი, მაგრამ საიდან იწყება ის, ამაზე ნაკლებად ფიქრობენ. ადამიანებში მოიკლო ფიზიკური დატვირთვის ამტანობამ და კუნთური სისტემის ზრდამ“, – ამბობს ზაურ ქავზინაძე.

სტუდენტები კალათბურთის ვარჯიშზე / ბათუმის საზღვაო აკადემია

  

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი

300 სტუდენტი

10 სპორტით დაინტერესებული

სპორტული სექციები არ ფუნქციონირებს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. თუმცა სტუდენტების გარკვეული რაოდენობა სპორტულ ღონისძიებებში მაინც მონაწილეობს. დაინტერესების სფეროებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ბილიარდი, ჭადრაკი. სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარე ერეკლე სიგუა ამბობს, რომ წინა წლის მონაცემით 300 სტუდენტიდან კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში 50 სტუდენტი იყო ჩართული, მათგან 10 სპორტული მიმართულებით:

„სტუდენტები ყველა იმ სპორტულ აქტივობაში მონაწილეობენ, რასაც აკეთებს მერია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. მაგრამ ადგილობრივი ბაზა არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გუნდი გვყავდეს, არ არის შასაბამისი ინფრასტრუქტურა და დარბაზი. ეს შენობა სტუდენტებს სწავლის პროცესისთვისაც არ გვყოფნის, მუსიკის ფაკულტეტი ჯერ კიდევ კონსერვატორიის შენობაშია. თვითმმართველობის კაბინეტიც არ გვაქვს და საველე ვითარებაში ვატარებთ სხდომებს“. ერეკლე სიგუას აზრით, დაბალი აქტივობა იმითაც აიხსნება, რომ უნივერსიტეტი ხელოვნებაზე ორიენტირებული სასწავლებელია, სადაც სტუდენტს კონკრეტულად აქვს განსაზღვრული რა უნდა ისწავლოს, ამიტომ მათთვის სხვა დატვირთვა ხელშემშლელია.

 

ბსუ

6000 სტუდენტი

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) ეზოში ქვიშის ფრენბურთის მოედანია. სტუდენტები ეზოში არიან, სკამებზე სხედან, ლაპარაკობენ. მოედანი ბალახი თა და ხავსითაა დაფარული. ბსუ-ს აქვს ასევე სამი სპორტული დარბაზი – ერთი კრივის, მეორე ტრენაჟორებისთვის და მესამე – უნივერსიტეტის ცენტრალური სპორტული დარბაზი. სპორტულ დარბაზებში, სექციების განრიგის მიხედვით, 13 სახეობაა გამოყოფილი: კალათბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ფეხბურთი, მკლავჭიდი, აერობიკა, კრივი, მაგიდის ჩოგბურთი, სპორტული, სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვები, შვიდკაცა რაგბი, მძლეოსნობა, ძალოსნობა, ბადმინტონი. სტუდენტების მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსის, რევაზ ოკუჯავას თქმით, სასწავლო წელი ახალდაწყებულია, ამიტომ სპორტული სექციები ჯერ არ არის დაკომპლექტებული.

ამ დროისთვის ყველაზე მეტად მოთხოვნადი წელს დამატებული სექცია – სპორტული, სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვებია, რომლითაც 100-ზე მეტი სტუდენტია დაინტერესებული. უნივერსიტეტს არ აქვს მწვრთნელის შტატი. აქ ამბობენ, რომ სასწავლებელი აჭარის სპორტის ფედერაციებთან თანამშრომლობს და მისი სპეციალისტები ითავსებენ მწვრთნელის ფუნქციას. ბსუ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს, რომლისთვისაც ფინანსები სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ფინანსები ასევე ხმარდება სპორტული ინვენტარის შეძენას.

მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ინფრასტრუქტურა გარკვეულწილად გამართული აქვს, რევაზ ოკუჯავა ამბობს, რომ სპორტში ჩართულობის თვალსაზრისით დღევანდელი რაოდენობა უმცირესია. „ეროვნულ ცეკვაზე თუ დადის 50 ბავშვი, ფრენბურთზე მოდის – 10. გვყავს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი სტუდენტი, რომელიც წარმატებულია სპორტში. მაგალითად, ძალოსნობაში მამუკა ჯორბენაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრიცაა. უნივერსიტეტშიც და ყველგან რაიმე საქმიანობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად პოპულარულია ესა თუ ის სახეობა ქვეყანაში. პრობლემის საფუძველი სკოლაშია – ის, რაც ხდება სკოლებში, მერე აისახება აქ. რომ გამოკითხო სტუდენტების 80 პროცენტი, განსაკუთრებით გოგოები იტყვიან, რომ მათ ფორმა საერთოდ არ ჩაუცვამთ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილზე. ეს ჩვენი რეალობაა. სპორტი რომ პოპულარული გახდეს, სახელმწიფოს დონეზე სჭირდება მუშაობა“.

სპორტის არააქტუალურობის ერთ-ერთ მიზეზად, დაწყებითი განათლების ასისტენტპროფესორი ბესო ციცაგი სპორტში პედაგოგ-მასწავლებლების სიმცირეს მიიჩნევს. მას კლევა აქვს ჩატარებული ფიზიკურ აღზრდასა და სპორტის სწავლებაზე. კვლევის თანახმად 83%-იანი დეფიციტია საქართველოში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლისა და 90%-მდე მწვრთნელ მასწავლებლისა.

„ადრე ასეთი მიდგომა იყო – არ გინდოდა, მაგრამ სახელმწიფო გაიძულებდა სპორტულ აქტიურობას, რომ ყოფილიყავი ჯანმრთელი, დღეს ასეთი მიდგომაა – ჩვენ აგიხსნით და გასწავლით, ჯანმრთელობისთვის აუცილებელია სპორტი, დანარჩენი კი შენი ნებაა. ამიტომ სპორტი აღარაა პრიორიტეტი. მასწავლებლების 90 პროცენტი აღიარებს, რომ ფიზკულტურის სპორტით ჩანაცვლება არ შეიძლებოდა. როცა არ გაქვს ადამიანური და მატერიალური რესურსი, როცა არასტანდარტული დარბაზებია სკოლებში და ხანდახან დარბაზში ორი-სამი კლასი შედის, იქ ვერავითარ სპორტს ვერ ასწავლი“. რამდენად მნიშვნელოვანია უმაღლეს სასწავლებლებში სპორტული სექციების ფუნქციონირება? ერეკლე სიგუა ამბობს, რომ – სასიცოცხლოდ. „უნივერსიტეტში ვართ სულიერი აქტივობისთვის, ხოლო ჩვენ რომ შევქმნათ მატერიალური კულტურა, ამისთვის გვჭირდება ჯანსაღი სხეული და ჯანსაღი გარემო“ – დასძენს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: