Batumelebi | განახლებული ბათუმის ”დინამო” განახლებული ბათუმის ”დინამო” – Batumelebi
RU | GE  

განახლებული ბათუმის ”დინამო”

 

 

ერთი წლის შემდეგ საფეხბურთო კლუბი ბათუმისდინამოისევ დაუბრუნდა საქართველოს უმაღლეს ლიგას. ერთი მეკარით, ორი მცველით, ორი ნახევარმცველითა და სამი თავდამსხმელით კლუბმა 2014-2015 წლის სეზონის შემადგენლობა გაიძლიერა. ბათუმის დინამომრვა ახალ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. კლუბი ახალი შემადგენლობით თამაშს 2014 წლის დეკემბრამდე გააგრძელებს. 2015 წლიდან კი, სავარაუდოდ, ცვლილებები კვლავ იქნება, რადგან ზოგიერთ ფეხბურთელს ბათუმისდინამოსთანსწორედ ამ დრომდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული

 

 

 

გუნდში ახალი მოთამაშეები არიან: დიმიტრი პაჭკორია, ლევან შოვნაძე, არნო ჩუენსუ, თეიმურაზ შონია, მიხეილ კაკალაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ბერიაშვილი და ნიკა მგელაძე. როგორც ფეხბურთელები გვეუბნებიან, ისინი კლუბს შეეჩვივნენ. დიმიტრი პაჭკორია ამბობს, რომ ბათუმის „დინამომ“ ფეხბურთელების ისეთი რესურსია შეკრებილი, რომ დიდი მიზნის მიღწევა შეუძლიათ, თუმცა ბევრი ახალი ფეხბურთელის გამო შეთამაშება აკლიათ.

 

დიმიტრი პაჭკორია 22 წლის ფეხბურთელია. ის უკრაინულ კლუბ „სკალადან“ გადმოვიდა, სადაც სამი წელი თამაშობდა, მანამდე კი წელიწადნახევარი კიევის „არსენალის“ ფეხბურთელი იყო. მას საქართველოს უმაღლეს ლიგაში ბათუმის „დინამომდე“ არ უთამაშია. ამბობს, რომ შეგუება გაუჭირდა არა თუ კლუბთან, არამედ ახალ კლიმატურ გარემოსთან.

 

„სკალა ახალგაზრდა გუნდი იყო, ლიდერის ფუნქცია მქონდა და კარგად ვგრძნობდი თავს, როგორც კლუბში, ისე ქალაქში. აქ, პირველ რიგში, კლიმატთან შეგუება გამიჭირდა, ძალიან ცხელა და ხელოვნურ საფარზე ვვარჯიშობთ. რომ მეგონა, ისე ადვილი არ აღმოჩნდა გარემოსა და გუნდის შეცვლა. მდგომარეობიდან იმის დახმარებით გამოვდივარ, რომ კარგი კოლექტივია. სანამ ბათუმის „დინამომოში“ გადმოვიდოდი, შემოთავაზება მქონდა უკარაინის პირველი ლიგის კლუბებიდანაც, უმაღლესი ლიგა საქართველოში არ მქონდა ნათამაშევი და უკრაინაში პირველ ლიგას საქართველში უმაღლეს ლიგაში წამოსვლა ვარჩიე. ბათუმის „დინამო” ნაწილობრივ იმიტომაც ვარჩიე, რომ დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა იყო უკრაინაში და მშობლებსაც არ სურდათ დავრჩენილიყავი. ბათუმის „დინამომოსთან“ დეკემბრამდე მაქვს ხელშეკრულება გაფორმებული. მინდა, ამ ხნის მანძილზე ოპტიმალურ ფორმაში ჩავდგე და კლუბს დავეხმარო, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“.

 

ბათუმი მისაღები ქალაქი აღმოჩნდა ცხინვალის „სპარტაკიდან“ გადმოსული 24 წლის თეიმურაზ შონიასთვის. ის ბათუმის „დინამოში“ ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს და არ გამორიცხავს, რომ მომდევნო ერთი წელიც გააგრძელოს კლუბთან თანამშრომლობა. „ბათუმის „დინამომ“ ისე მიმიღო, თითქოს აქ ვთამაშობდი კარგა ხანია. ადაპტაციის გამო პრობლემა არ მაქვს, მგონი ეს შედეგზეც აისახება ცოტა ხანში. ვცდილობ გავამართლო ის იმედები, რაც მწვრთნელებს აქვთ ჩემ მიმართ. ძლიერი გუნდი ვართ შეკრებილი და მარტო უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ“. თეიმურაზ შონია ექვსი წელი ცხინვალის „სპარტაკში“ თამაშობდა, სადაც გუნდის კაპიტნის პოზიციაც ეკავა. ამ კლუბით საქართველოს უმაღლეს ლიგაში მან პირველად ითამაშა. „სპარტაკი ჩემთვის მარტო გუნდი არ იყო, ოჯახიც იყო. ამიტომ გამიჭირდა მისი დატოვება. მაგრამ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო და გადავწყვიტე აქეთ წამოსვლა“, – ამბობს ბათუმის დინამოს ახალი ფეხბურთელი.

 

კლუბმა ერთი უცხოელი ლეგიონელიც დაიმატა – 22 წლის კამერუნელი არნო ჩუენსუ, რომელიც ექვსი წელია საქართველოში იმყოფება. „დიდი ხანია საქართველოში ვთამაშობ და არ გამჭირვებია ახალ გუნდში გადმოსვლა“, – ამბობს არნო. არნო ჩუენსუ ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს ბათუმის „დინამოში“.

 

კლუბში მეოთხეჯერ დაბრუნდა მიხეილ კაკალაძე. „ჩემთვის უჩვეულო არ იყო ამ კლუბში დაბრუნება, თითქმის მთელ გუნდს და კლუბის ხელმძღვანელობას ვიცნობდი აქამდე“, – ამბობს თავდამსხმელი მიხეილ კაკალაძე. 32 წლის ფეხბურთელს მანამდე უთამაშია „ზესტაფონში“, „ბორჯომში“, „ჩიხურაში“, „სამტრედიაში“, ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „დინამოში“. მიხეილ კაკალაძე ბოლოს ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა. როგორც ფეხბურთელიამბობს, მასსა და გუნდს შორის უთანხმოება მოხდა, რის გამოც კლუბი დატოვა. ფეხბურთელი მიზეზზე არ საუბრობს.

 

28 წლის მცველი ნიკა მგელაძეც ამბობს, რომ ახალ კლუბთან ადაპტაცია არ გასჭირვებია. ის ცხინვალის „სპარტაკიდან“ გადმოვიდა და ბათუმის „დინამოსთან“ ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმა. „ცხინვალის „სპარტაკში“ ფეხბურთელების ორმოც პროცენტს ბოლო პერიოდში დაფინანსება შეგვიწყდა. მითხრეს, რომ ბათუმის „დინამო“ ძლიერი გუნდის შექმნას აპირებს. ჩემი მეგობრები თამაშობენ ამ კლუბში და მათგანაც ვიცი, აქ ფინანსური სტაბილურობაა, რაც ერთერთი მთავარი მიზეზიც გახდა ჩემი ამ კლუბში გადმოსვლის. ერთადერთი, რაც პრობლემას წარმოადგენს, არის ის, რომ სავარჯიშოდ ქობულეთში დავდივართ. ვფიქრობ, ამხელა ქალაქს უნდა ჰქონდეს ბაზაც და სტადიონიც“.

 

ბათუმის „დინამოში“ წასვლის ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა ფინანსნური სტაბილურობა გიორგი ბერიაშვილისთვისაც, რომელიც კლუბში თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს. „დღეს ქართულ ფეხბურთში ფინანსური სტაბილურობა ძალიან ჭირს, ფეხბურთი კი ფინანსებზე დგას. კლუბში ნახევარი წლით ვარ და თუ ორმხრივი შეთანხმება იქნება, მომავალშიც გავაგრძელებ აქ თამაშს“, – ამბობს გიორგი. 28 წლის თავდამსხმელი გორის „დილადან“ გადმოვიდა. ის იმ ინფრასტრუქტურასა და პირობებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ახალ კლუბში დახვდა: „გორის „დილა“ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უფრო წინ არის. ისინი სამ წელზე მეტია უმაღლეს ლიგაში თამაშობენ. ფეხბურთელისთვის მოედანი და სამწვრთნელი პროცესია მთავარი. უკეთესი შედეგის მისაღწევად უმჯობესია გუნდს საკუთარი სავარჯიშო ბაზა და მოედანი ჰქონდეს“.

 

ყველაზე ხანგრძლივი ვადით – სამი წლით ბათუმის „დინამოში“ „დინამო 2“-დან გადმოვიდა 17 წლის მეკარე ლევან შოვნაძე. კიდევ ერთი თავდამსხმელი დიმიტრი ტატანაშვილი კლუბმა „ზესტაფონიდან“ დაიმატა. ტატანაშვილი ერთი წლის განმავლობაში ითამაშებს კლუბში.

ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთელი ლევან ხომერიკი ამბობს, რომ კლუბი განახლდა, რადგან უმაღლეს ლიგაში მაღალი კონკურენციაა. ფეხბურთელების შეთამაშებას კი გარკვეული დრო სჭირდება. „ყველა რგოლს სჭირდება სათანადო მუშაობა. ამ ეტაპისთვის ფლანგებზე გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა. ვაკეთებთ სპეციფიკურ თეორიულ და პრაქტიკულ ვარჯიშებს. ინდივიდუალურ ვარჯიშებს ვატარებთ იმ ფეხბურთელებთან, ვისაც ფლანგებზე უწევს თამაში. ჩვენთვის მთავარია შედეგი. შედეგი მოაქვს ძირითად კომპონენტებს: თავდადებას, მონდომებას, დაუზოგავ შრომასა და სათამაშო დისციპლინას. ფოთის „კოლხეთთან“ თამაშის დროს გამოჩნდა, რომ ჩვენი ბიჭები უფრო მონდომებულები, უფრო მობილიზებულები, უფრო თავდაჯერებულები არიან. იმედია, თამაშიდან თამაშამდე ხარისხს გამოვასწორებთ“, – ამბობს „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი.

 

 

P.S. ბათუმის „დინამოს“ ამჟამინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურება: 3 მეკარე, 8 მცველი, ნახევარმცველი და 5 თავდამსხმელი.

მეკარეები:

მიხეილ ალავიძე #1,

შოთა მამინაშვილი #22,

 ლევან შოვნაძე #23;

 

მცველები:

ზურაბ ქათამაძე #2,

ვაჟა ქორიძე #3,

ბადრი ტეტუნაშვილი #4,

ნიკა მგელაძე #16,

კარენ მაკარიანი #19,

გიორგი გავაშელიშვილი #31,

არნო ჩუენსუ #33,

ანზორ სუხიშვილი #99;

 

ნახევარმცველები:

დიმიტრი პაჭკორია #5,

გელა გოგიტიძე #6,

ირაკლი ჩირიკაშვილი #7,

ბორის მახარაძე #8,

ვაკო თევდორაძე #10,

ნიკა აშბა #15,

ბექა ვარშანიძე #20,

ნიკა დიასამიძე #25,

ამირან მუჯირი #74,

თემურ შონია #88;

 

თავდამსხმელები:

ტატო აბუსელიძე #9,

მიხეილ კაკალაძე #11,

გიორგი ბერიაშვილი # 14,

ბექა ჭკუასელი #17,

დიმიტრი ტატანაშვილი #18.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი