Batumelebi | ფიფა თანახმაა მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდეს, მაგრამ… ფიფა თანახმაა მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდეს, მაგრამ… – Batumelebi
RU | GE  

ფიფა თანახმაა მსოფლიო ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდეს, მაგრამ…

რამდენად რეალურია ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საპლაჟო ფეხბურთში ბათუმში ჩატარდება და რა შანსები აქვს ბათუმის ნაკრებს იტალიურ ტურნირზე, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის გრანდებთან მოუწევს გაჯიბრება?! ამის შესახებ ბათუმელებს აჭარის საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯაბა ჭანტურია ესაუბრება.


ჯაბა ჭანტურია: პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინა ჩავატარეთ ბათუმის პირველობა საპლაჟო ფეხბურთში, რვა გუნდი მონაწილეობდა. საუკეთესოები შევარჩიეთ და ნაკრები ჩამოვაყალიბეთ, რომელიც იტალიაში გაემგზავრება საერთაშორისო, თან ერთ-ერთ პრესტიჟულ ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად.

 

 

  რაც შეეხება ბათუმის ტურნირს, მის შესახებ რას გვეტყვით?

 

 

– როგორც უკვე აღვნიშნე, რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ბათუმის უნივერსიტეტის გუნდი, „მაჭახელა1“, „მაჭახელა 2“, „ოლდ ბოისი“, „ტერმინალი“, „საჰარა“, „ძველი ბათუმი“ და ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბის გუნდი „შავი ზღვის მეკობრეები~. სწორედ „მეკობრეებმა“ გაიმარჯვეს ფინალში, რომლებმაც „ტერმინალს“ პენალტების სერიაში მოუგეს. კარგი ტურნირი იყო.

 

 

ბათუმში საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობას აპირებთ

 

 

– კი, ეს ტურნირი ივლისში გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად ჩამოდიან რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ბელორუსიის, თურქეთისა და ირანის გუნდები. თუმცა შესაძლოა ირანის ნაცვლად მაროკოს გუნდი ჩამოვიდეს, და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ თამაშების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოხდება. ვნახოთ.

 

 

ვინ აფინანსებს ამ ტურნირს?

 

 

– მეოთხე წელია ბათუმის მერია მხარში გვიდგას და იმედია, წელსაც ასე იქნება. ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს, პრაქტიკა მივიღოთ იმისთვის, რომ სამომავლოდ გაცილებით დიდი მასშტაბის ტურნირებს ვუმასპინძლოთ. ბიჭებიც მონდომებულები არიან. მათ ნიკოლოზ თოდაძე ავარჯიშებს. ბევრი ფეხბურთელი ჩვენთან რომ თამაშობდა, ბათუმის „დინამოში“, ქედის „ბეთლემსა“ და „მაჭახელაში“ თამაშობენ. ახლა კი იტალიურ ტურნირზეც გეტყვით. ჩვენ პირველად გვიწევს ისეთი რანგის ტურნირზე მონაწილეობა, სადაც საპლაჟო ფეხბურთის გრანდები ასპარეზობენ. სიმართლე გითხრათ, თავიდან გაგვიკვირდა, რომ მოწვევა ჩვენ მივიღეთ. თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ და, ალბათ, დაინახეს და დააფასეს ჩვენი გარჯა სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის რომ ვეწევით.

 

 

ვინ მონაწილეობს ამ ტურნირში?

 

 

– რომის „ლაციო“, „ინტერი“, „რომა“, მოსკოვის „სპარტაკი“, „მონრეალი“ (კანადა), პორტუგალიის „ბრაგა“ და ბრაზილიის „რეციფა“. თავადაც ხედავთ, თუ ვისთან მოგვიწევს თამაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ტურნირზე ღირსეულად წარვსდგეთ, თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ საპლაჟო ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია, თან ბურთიც მრგვალია და რა იცი, რა მოხდება…

 

 

დაფინანსება?

 

 

– სპორტის დეპარტამენტი გვაფინანსებს ამ ტურნირზე, მაგრამ 3500 ლარი გვაკლდება, იმედია ვიშოვით. მხოლოდ მგზავრობის თანხა გვჭირდება, დანარჩენს ანუ სასტუმროს, კვებას, გადაადგილებას, ექსკურსიებსაც კი, ყველაფერს იტალიელები, ტურნირის ორგანიზატორები იღებენ საკუთარ თავზე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტურნირი რომში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, გადაწყვეტილება შეცვალეს და თამაში სიცილიაში მოგვიწევს.

 

 

ფიფასა და მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება, რამდენად რეალურია, რომ ბათუმმა შესაძლოა საპლაჟო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს?

 

 

– ფიფასგან მივიღეთ ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, შევიტანოთ განაცხადი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე და ასევე წერია, რომ ფიფა თანახმაა მუნდიალს ბათუმმა უმასპინძლოს. ანუ რა ხდება?! ყველაფრის გათვალისწინებით, ფიფამ საპლაჟო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ სავარაუდო მასპინძლად დაგვასახელა.  ოთხი წელია მანამდე. ამ ეტაპზე მართლა არ ვართ მზად. თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება სათანადო მხარდაჭერა, მაშინ რატომაც არა?!

 

 

ერთ მოედანზე?

 

 

– მინიმუმ ორი მოედანი უნდა იყოს. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ კეთილი ნება გამოხატა და გაითვალისწინა ფიფას ელემენტარული მოთხოვნები, რაც მუნდიალის მასპინძლობისთვის არის აუცილებელი, არა მგონია, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა გაგვიჭირდეს. გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე სურვილი გვაქვს ვუმასპინძლოთ ევროპის სანაკრებო „ჩელენჯ კაპს“, ამის შესახებ უკვე მოლაპარაკებული ვართ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და თანახმა არიან, თუმცა, ჯერჯერობით, ამის ფინანსური მხარდაჭერა არ გვაქვს. იმედია, უკეთესობისკენ შეიცვლება ვითარება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე