Batumelebi | „მაჩანჩალებში ყოფნას არ შევეგუებით“ – ინტერვიუ გია გურულთან „მაჩანჩალებში ყოფნას არ შევეგუებით“ – ინტერვიუ გია გურულთან – Batumelebi
RU | GE  

„მაჩანჩალებში ყოფნას არ შევეგუებით“ – ინტერვიუ გია გურულთან

ბათუმის დინამო წელს, ოთხწლიანი განშორების შემდეგ, უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. ახალგაზრდული გუნდი, მართალია, ძალიან მოტივირებულია, მაგრამ თუ მათ მიერ ჩატარებული თამაშების სტატისტიკას გადავხედავთ, შვიდი ოფიციალური შეხვედრიდან დინამომ მხოლოდ ერთი მოიგო. ბათუმელები დინამოს მთავარ მწვრთნელს, გია გურულს ესაუბრა.


ბატონო გია, ოფიციალურად ჩატარებული შვიდი შეხვედრიდან დინამომ მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვება. როგორ ფიქრობთრა შეიძლება იყოს გუნდის წარუმატებლობის მიზეზი?

 

 

– პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ შვიდი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გავმართეთ საკუთარ მოედანზე და ისიც გამარჯვებით დავასრულეთ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარი მოედნის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ნებისმიერი გუნდისთვის. არის მეორე ფაქტორიც, წელს გადავედით უმაღლეს ლიგაში, ახალგაზრდული გუნდია და ჯერ შესაბამისი შეთამაშება სჭირდება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ როდესაც გუნდი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძნელია ამ შემთხვევაში იფიქრო დამატებით, გუნდისთვის საჭირო გამოცდილი ფეხბურთელების შეძენაზე, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება და გაგვაძლიერებს.

 

 

გათამაშების ცხრილში დინამო ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება. ხუთი შეხვედრიდან გუნდმა მხოლოდ ორი ფრე ითამაშა და სამჯერ დამარცხდა. მიმდინარე სეზონში მოპოვებულმა პირველმა გამარჯვებამ როგორ იმოქმედა გუნდზე?

 

 

– ამ გამარჯვებამ ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა. თამაში ყველასთან შეიძლება. კარგად მოგეხსენებათ, რომ ბათუმის „დინამო“ ყოველთვის ლიდერებში მოიაზრებოდა, ამბიციური გუნდი გახლდათ და ასე ვთქვათ, მაჩანჩალებში ყოფნას არ შევეგუებით.

 

 

კარპატიდან გყავთ დამატებული რამდენიმე ფეხბურთელი, მათზე რას გვეტყვით?

– დიახ, მეკარე ივან პიცანი და ფორვარდი ალექსანდრე ტიმჩიშინი. ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, გუნდს გამოადგებიან. პიცანი სტაბილური მეკარეა, ტიმჩიშინს კი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდნენ ჩვენთან, გეტყვით, რომ „კარპატის“ ხელმძღვანელობასთან ახლო, ასე ვთქვათ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და მეგობრული ხელი გამოგვიწოდეს. ისინი „დინამოში“ განათხოვრების წესით არიან ჩამოსულები.

 

 

გუნდის მიზანი წლევანდელ სეზონში რა იქნება?

 

 

– უმაღლეს ლიგას წელს დავუბრუნდით და კლუბის ხელმძღვანელობას ნამდვილად არ მოუთხოვია ჩვენგან საპრიზო ადგილებზე გასვლა ან თუნდაც საუკეთესო ექვსეულში შესვლა. ვეცდებით, უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ, თან ამ პერიოდს გუნდის შეთამაშებისთვის გამოვიყენებთ. მომავალი წლიდან კი აუცილებლად გავძლიერდებით და უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

 

 

მორიგი მარცხი განიცადა ბათუმის “დინამომ”. ქუთაისი “ტორპედოსთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ბათუმელებმა ხუთი გოლი გაუშვეს და მხოლოდ ერთის გატანა შეძლეს, მე-17 წუთზე თავი ჯორბენაძემ გამოიჩინა. “დინამო” ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე