ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 24 ნოემბერს, ეხმიანება სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის, დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებული ვიდეოებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
საიას შეფასებით, აღნიშნული გარემოებები სამოქალაქო აქტივისტის მიზანმიმართული დევნის კამპანიის ნიშნებს შეიცავს, ამასთან ისინი იმპერსონაციის კონტექსტში უნდა შეფასდეს, რაც გულისხმობს სხვა პირის იდენტობის გამოყენებას ისე, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თავად ეს პირი საუბრობს, აკეთებს კონკრეტულ განცხადებას ან ახორციელებს გარკვეულ ქმედებას.
„მოცემულ შემთხვევაში, თორნიკე რაზმაძის გამოსახულებისა და ხმის ხელოვნურად გამოყენებით შექმნილი და გავრცელებული ვიდეოები მას მიაწერს რეალურად არარსებულ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მისი იდენტობის გამოყენებისა და მისი სახელით კომუნიკაციის იმიტაციის აშკარა ნიშნებს შეიცავს. გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გადამწყვეტია, აღიქმება თუ არა მსგავსი მასალა გონივრული აუდიტორიის მიერ აშკარა სატირად, პაროდიად ან შეფასებით მოსაზრებად, თუ ის წარმოდგენილია როგორც რეალური აუდიოვიზუალური მტკიცებულება.
ამ შემთხვევაში, საიას შეფასებით, მასალებს არ ახლავს სატირული ხასიათის გარკვეული მითითება, და, არც დამოუკიდებელი დამკვირვებლის მიერ შეიძლება იქნას ასეთად მიჩნეული / შეფასებული. ეს ზრდის თ. რაზმაძის პატივის, პირადი ცხოვრების, იდენტობისა და უსაფრთხოების უფლებებზე ზემოქმედების სიმძიმეს.
გამოსახულება პიროვნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. თორნიკე რაზმაძის მიმართ გავრცელებული ყალბი მასალის კონტექსტში ეს პრინციპი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გავრცელებულ ყალბ მასალაში ადამიანის იდენტიფიცირებადი მახასიათებლები გამოიყენება ისეთი ქცევის შესაქმნელად, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამგვარად, პირი კარგავს კონტროლს არა მხოლოდ საკუთარ ვიზუალურ წარმოდგენაზე, არამედ იმაზეც, თუ რა განცხადება ან ქმედება მიეწერება მას.
საიას შეფასებით, მსგავსი შინაარსის ყალბი ვიდეოების მიზანმიმართული გავრცელების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და ციფრული ტექნოლოგიების მანიპულაციური გამოყენებით ადამიანის წინააღმდეგ მტრული გარემოს შექმნის მცდელობა. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, რომ თ. რაზმაძე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური პირია.
საიას მიაჩნია, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე განხორციელებული ქმედებები ერთიანი, მიზანმიმართული და კამპანიური შევიწროების ხასიათის მატარებელია, რომელთა კუმულაციური მიზანიც შეიძლება იყოს პირის ფსიქიკური ტანჯვის გამოწვევა, ცხოვრების წესის ცვლილებია ან/და მის მიმართ ძალადობის განხორციელების პროვოცირება.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას პირის მიერ ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით, თან ახლავს პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროება. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, ციფრულ სივრცეში გავრცელებულმა ყალბმა მასალებმა შესაძლოა ონლაინგარემოს მიღმაც გამოიწვიოს პირის შევიწროება, საფრთხე შეუქმნას მის უსაფრთხოებას და შეაფერხოს მისი საზოგადოებრივი საქმიანობა. ეს ყოველივე საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს თორნიკე რაზმაძის, როგორც სამოქალაქო აქტივისტის, უსაფრთხოებას.
შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დროულად შეაფასოს ეს რისკები, მიიღოს სათანადო დამცავი ზომები და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალებები“ – წერს საია.
ფოტოზე: თორნიკე რაზმაძე
ვრცლად ამ თემაზე:
თორნიკე რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ვიდეოები ვრცელდება





