სასარგებლო წიაღისეულის [ბალასტის] გადამამუშავებელი საწარმოს, რომელიც ბათუმში ხელოვნური კუნძულის სამშენებლო სამუშაოებს მოემსახურება, ექსპლუატაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ] არ დაექვემდებარა. გადაწყვეტილება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის 29 ივლისს მიიღო.
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ კუთვნილი ბალასტის საწარმო ბათუმში, ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზეა განთავსებული. მის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე კი ამავე კომპანიის კუთვნილი ბეტონის საწარმოც ფუნქციონირებს.

ხელოვნური კუნძულის საპროექტო ტერიტორია და ბალასტის საწარმოს [მონიშნულია წითელი წერტილით] ადგილი ბათუმში
სკრინინგის განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ საწარმოს მუშაობისთვის ინერტულ მასალებსა თუ ქვებს ჭოროხის, ხალასა და კვირიკეს კარიერებიდან შემოიტანენ:
„საწარმოს ოპერირებისათვის საჭირო ინერტული მასალის შემოტანა გარე წყაროებიდან მიმდინარეობს, ძირითადად მდინარე ჭოროხის ლიცენზირებული კარიერებიდან“…
„ქვები დატვირთული იქნება ხალასა და კვირიკეს კარიერებიდან სატვირთო მანქანებზე და გადაიტანება ბენზეს სამსხვრევ-დამახარისხებელ საწარმოში“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს:
კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს, თითქმის ყველა შემთხვევაში – ულიცენზიოდ.
ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ამ თემაზე ვრცლად: უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებაში, რომლითაც ბალასტის გადამუშავება დღგ-ს არ დაექვემდებარა, აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ „წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საწარმოების ექსპლუატაციის ეტაპზე ადგილი ექნება არაორგანული მტვრის [ინერტული მასალის SiO2<20 % და ცემენტის 70-20% SiO2 ფრაქციები] წარმოქმნას და ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევას“.
თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ „ამბასადორის“ მიერ წარდგენილია ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება და „მიღებული შედეგებით საწარმოების ექსპლუატაციის ეტაპზე ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული არაორგანული მტვრის კონცენტრაცია, როგორც უახლოეს მოსახლესთან, ისე 500-მეტრიან ნორმირებულ საზღვარზე, კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს არ აჭარბებს“.
სააგენტოს უფროსის ბრძანება იმეორებს „ამბასადორის“ მიერ სკრინინგის განცხადებით წარდგენილ სხვა მონაცემებსაც. მაგალითად:
„წარმოდგენილია საწარმოს ექსპლუატაციის ეტაპზე მოსალოდნელი ხმაურის გავრცელების გაანგარიშება და პროგრამული მოდელირება, რომლებიც ყველაზე უარესი სცენარით არის შესრულებული. მიღებული შედეგებით, უახლოეს საცხოვრებელ შენობა-ნაგებობასთან [160 მეტრი] კანონმდებლობით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ხმაურის ნორმების გადაჭარბება მოსალოდნელი არ არის“.
„სკრინინგის განცხადების მიხედვით, საწარმოში სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ადგილი ექნება არასახიფათო ნარჩენების წარმოქმნას, რომელთა მართვა, ნარჩენების მართვის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება“.
სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებით დეტალები ნახეთ ამ ბმულზე:
ხელოვნური კუნძულისთვის მოპოვებულ ქვებს „ამბასადორი“ ბათუმში გადაამუშავებს – სკრინინგი






